საქართველოს შეიარაღებული ძალების II საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 6 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე პირადმა შემადგენლობამ ხონში, ბრიგადის ტერიტორიაზე აღნიშნა. დაარსების თარიღი სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ნოდარ ეფრემიძემ, დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა, შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა და II საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ მიულოცეს.
ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
დღესვე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეს სნაიპერული შაშხანა გადასცა. ერთი სამხედრო გენერალ კვინიტაძის უწყებრივი ჯილდოთი, ხოლო 7 სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ბრძანებით, 9 სამხედრო მოსამსახურეს გამოეცხადა მადლობა. II საარტილერიო ბრიგადის მეთაურის სახელით, 31 სამხედროს გადაეცა სიგელი და გამოეცხადა მადლობა. ასევე, მადლობის სიგელი 12 სამხედრო მოსამსახურეს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა გადასცა.
ღონისძიებას მუსიკალურად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრი აფორმებდა. ღონისძიების ფარგლებში, ხონის სამხედრო ბაზაზე II საარტილერიო ბრიგადაში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.