კონტრდაზვერვის უარი თავდაცვის სამინისტროს

კონტრდაზვერვის უარი თავდაცვის სამინისტროს

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი ჩამოვა და პასუხს გასცემს კითხვებს. ასეც მოხდა, ირაკლი ალასანია ჩამოვიდა და განაცხადა, რომ თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებულია. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შესყიდვების პროცესს აკვირდებოდა და იცის, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. მინისტრი განმარტავს, რომ მთელი უწყება მოწადინებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება.

მისი უწყების თანამშრომლების დაკავების საკითხზე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს. ალასანია ამბობს, რომ საკითხზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსია უნდა გაიმართოს, ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოებას ამით ზიანი მიადგა.

„ბუნებრივია, როცა ყველაფერი დასრულდება ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა უკვე დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. მთავარი, რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება გამჭვირვალე გამოძიება. მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების, ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, იმიტომ, რომ მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა, თუმცა რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი.

ძალიან მნიშვნელოვანია გრიფით „საიდუმლო“ მოეხსნას ამ საქმეს, იმიტომ, რომ ამ ნაბიჯით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ უსაფრთხოების კუთხით. აქედან გამომდინარე, იმ რაღაც მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ ასე ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება წარიმართოს ღიად და გახსნილად“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მისი უწყების დაკავებული მაღალჩონოსნების სამართლებრივად ჩაგვრის ელემენტები უკვე იგრძნობა. ამის წინაპირობა ალასანაის განცხადენით, იმაში ჩანს, რომ დაკავებულების სასამართლო პროცესი დახურულად წარიმართა.

„მე ახლა ვარ კონცენტრირებული გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ბიჭებმა თავი სამართლებრივად დაცულად იგრძნონ, ამიტომ, მე რა თქმა უნდა, მთელ ყურადღებას გადავიტან იმაზე, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად, ამის ელემენტები და წინაპირობები, სამწუხაროდ, უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი - დახურულად. გამოძიებას წინ არავინ და არაფერი არ უნდა აღუდგეს, სრული ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მაშ ასე, აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, ამაზე ალასანია მოგვიანებით ილაპარაკებს. თავის მხრივ, არც პრემიერ-მინისტრი არ აკონკრეტებს, დააყენებს თუ არა თავდაცვის მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უწყების მაღალჩინოსნების დაკავების გამო. ღარიბაშვილი ამბობს, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. მისი განმარტებით, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საქმე არ არის ჩვეულებრივი საქმე, ის მძიმე საქმეა და მომხდართან დაკავშირებით შეკითხვები მასაც აქვს.

„ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავებას. მეც განვიცადე და განვიცდი ამ ამბავს. ბუნებრივია, გულგრილი ვერ შევხვდები ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მინისტრის უწყებაში აგორებულ სკანდალს და შესაძლო კორუფციულ საქმეს, 5 ადამიანის დაკავებას. რა თქმა უნდა, მეც ვგრძნობ ჩემ წილ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ მოსახლეობას განვუმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე.

თუ მართლა ისეა, რაც პროკურატურისგან მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, მძიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს უწყების მაღალჩინოსნების მძიმე პასუხისმგებლობას დააყენებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა შეკითხვაზე, იგულისხმა თუ არა ირაკლი ალასანიაც, პრემიერმა განმარტა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაკავებული თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებით საქმის ნაწილობრივ განსაიდუმოებას ითხოვს. ამ მოთხოვნით თავდაცვის სამინისტრომ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ოფიციალური წერილით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. კონტრდაზვერვა უარის მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ არ იქნა წარმოდგენილი საქმის მასალები. 

აქედან გამომდინარე თავდაცვის სამინისტრო (გრიფის მიმნიჭებელი უწყება) მიმართავს საქართველოს პროკურატურას თხოვნით, გადაეცეს საქმის მასალები, შემდგომი დაბრუნების პირობით. იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა მიზანშეწონილად არ ჩათვლის საქმის მასალების დედნების გადაცემას, თავდაცვის სამინისტრო საგამოძიებო უწყებას სთავაზობს უზრუნველყოს საქმის მასალების ასლების გადაცემა. შესაბამისი წერილით თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პროკურატურას 3 ნოემბერს მიმართავს.

დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაიმართა და თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საკითხზეც იმსჯელეს. სხდომაზე ცალსახად ითქვა, რომ გამოძიება გაგრძელდება და აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება როგორც გამოძიების, ისე სასამართლო პროცესი.

„მინდა გვერდში დგომა აღვუთქვა ირაკლი ალასანიას. მე მასთან არანაირი კითხვა არ მაქვს, მინდა, მას გვერდში დგომა აღვუთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრს პირადად არანაირი შეცდომა არ აქვს“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკის განცხადებით, არავინ არის დაინტერესებული რომ სხვანაირად წარიმართოს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული გამოძიება.

„არავინ არ არის მონდომებული, რომ რამე სხვანაირად მოხდეს იმისგან განსხვავებული, ვიდრე თავად მინისტრი ამბობს. ირაკლი ალასანიას სურვილი აქვს, რომ რაღაც საკითხებში დეტალურად ჩაიხედოს. საერთო აზრია, რომ გამოძიებას მივცეთ საშუალება, სრულფასოვნად და ხარისხიანად იმუშაოს. ძირითადად საუბარი იყო მინისტრის პოზიციაზე, რომ დაკავებულები არ დაემალებიან გამოძიებას.

თუმცა ერთ აზრს უნდა შევეჩვიოთ - არასდროს აღარ დავბრუნდებით იმ დროში, როცა მაღალ ხელისუფლებას შეუძლია ჩაერიოს და გამოძიებას გარკვეული მიმართულება მისცეს. არავინაა დაინტერესებული და არავის თვითმიზანი არ არის, რომ ვიღაც დამნაშავე გამოჩნდეს, პირიქით, თუ ეს ასე არ იქნება, უკეთესია“, - აცხადებს გია ვოლსკი.