2003 წელს სახალხო რევოლუციამ, რომელსაც სათავეში ახალგაზრდები და დასავლეთში განსწავლული ადამიანები ჩაუდგნენ, ძველი წესრიგი დაამხო. ეს მომენტი, სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი უპირატესობა იყო. გამოცდილებას თავისი სიკეთეები აქვს, მაგრამ ერთი სისტემის მეორით შეცვლის მცდელობისას, ახალგაზრდობა საკვანძოდ მნიშვნელოვანია. ”ჩვენ გვყავს 30 წლამდე მინისტრები, რომლებსაც არ ახსოვთ, როგორი იყო საბჭოთა კავშირი” – განაცხადა მან ამაყად, მიუხედავად იმისა რომ უცხოელი მაღალჩინოსნები ამ ფრაზის გაგონებისას წარბებს ხშირად სწევენ ხოლმე მაღლა. საბოლოოდ კი მოხდა ”მენტალური რევოლუცია” – გასულ წელს Economist-ის მიერ გამოგონილ ამ ფრაზას სააკაშვილი ენთუზიაზმით იმეორებდა.
მისი მეორე გაკვეთილი ვითარების მყისიერი გაუმჯობესების საზოგადოებრივ მოლოდინს უკავშირდება. საქართველოში მთავრობამ ეს მოახერხა იმიტომ, რომ რადიკალური რეფორმები დაიწყო. მან ერთ ღამეში დაითხოვა 15 000 კორუმპირებული საგზაო პოლიციელი და ინტენსიური პრივატიზაციის განხორციელებას შეუდგა. ამან გაანაწყენა ისინი, ვისაც ფესვგამდგარი ინტერესები ჰქონდა, მაგრამ პოსტ-რევოლუციურ თაფლობის თვეში, ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერის წყალობით, მთავრობა გადაურჩა უთანხმოებებს, რომლებიც რეფორმებმა გამოიწვია. სააკაშვილმა სიტუაციით ისარგებლა და თავისი მმართველობის პერიოდი ტიპური ოპტიმიზმით აღწერა, მაგრამ ამას წინათ გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა, რომელიც ოქსფორდის პროფესორ ნილ მაკფერლეინს ეკუთვნის, ბევრად უფრო საღი თვალთახედვა შემოგვთავაზა.
მაკფერლეინის მტკიცებით, რეფორმები ეკონომიკის სფეროში ნაყოფიერი 2003 – 2008 წლებში იყო. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთთან საქართველოს ომის შემდეგ, არასაიმედო ვითარება ჩამოყალიბდა. მილიარდობით უცხოური დახმარება საქართველოს ზედაპირზე ტივტივის საშუალებას უნარჩუნებდა, მაგრამ ეს დახმარება ილევა. 2013 წელს ქვეყანას რეალურად ელის ვალების გადახდა, ხოლო სიღარიბე და უმუშევრობა ქართული ცხოვრების განუყოფელ მახასიათებლად რჩება. უთანასწორობა ღრმავდება, ხოლო ინფლაცია მაღალია.
მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ვითარება ცოტათია უკეთესი. სახელმწიფო საინფორმაციო გამოშვებები, ჩვეულებრივ მთავრობის განკარგულებებს ასრულებენ და ეს სულ უფრო მეტად ეხება კერძო მედია-საშუალებებსაც. მაკფერლეინი წერს – ”ორ ნაციონალურ კერძო არხს ნამდვილად აკონტროლებს მთავრობა”.
გასულ წელს მთავრობამ დაიწყო დემოკრატიული რეფორმების ციკლი, რომელთა მიზანი ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოს შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრა იყო. გატარებული ზომები ძალაში 2013 წელს უნდა შევიდეს და ვითარება უნდა გამოასწოროს, მაგრამ ამ რეფორმების პირდაპირი გავლენა ის უნდა ყოფილიყო, რომ ოპოზიცია ჩაეცხრო, ხოლო მმართველი პარტიის ძალაუფლება განმტკიცებულიყო.
ვარაუდი რომელიც მაკფერლეინის დოკუმენტის სათაურშია გამოტანილი ”პოსტ-რევოლუციური საქართველო ზღვარზეა?” – აზვიადებს ვითარებას. ისიც და სააკაშვილიც აღნიშნავენ, რომ რევოლუცია შეიძლება ხალხისთვის მოულოდნელად მოხდეს. ასეც რომ იყოს, საქართველოს არ ელის ”ჟასმინის” ტიპის ამბოხი.
2009 წელს ქუჩის დემონსტრაციები ჩაცხრა. ოპოზიციური პოლიტიკოსების მაჩვენებლები გასული წლის მუნიციპალურ არჩევნებში ცუდი იყო. არ არის ნიშნები იმისა, რომ საზოგადოება ხელისუფლების ჩამოგდების ზღვარზეა მისული.
მაკფერლეინი საქართველოს პრობლემებზე ფრთხილად მსჯელობს. ქართველები ჯერ-ჯერობით ამ პრობლემებს ალბათ სტოიციზმის, ცინიზმისა და წითელი ღვინის ნაზავით შეხვდება. საქართველოს რევოლუციური წარსული და მისი მერყევი აწმყო, შთაგონებულ არაბ დემოკრატებს უფრო მეტ გაკვეთილს სთავაზობს, ვიდრე ამას ალბათ სააკაშვილი აცნობიერებს.
[foreignpress.ge]