ე.წ. გასაღების თაობაზე წარმოებული პროცედურული ომი პრეზიდენტის გამარჯვებით დასრულდა. დეპუტატებმა გიორგი მარგველაშვილის პირველი ვეტოს დაძლევას, შენიშვნების გაზიარება ამჯობინეს და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი 96 მომხრე ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებული კანონპროექტის წინააღმდეგ for.ge-ს ინფორმაციით, ნუკრი ქანთარია გამოვიდა და მან საკუთარი განწყობა ტაბლოზე დააფიქსირა, მაგრამ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არც ცვლილებების ავტორი შალვა შავგულიძე დარჩა.
for.ge-სთან საუბარში შავგულიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოზიცია გამართლებული არ არის. დეპუტატის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლია, მაგრამ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გაკეთდა.
„ამ რეალობის წინაშე დავდექით და თუ ვეტოს დაძლევის კუთხით წავიდოდით, მაშინ 1-ელი ნოემბრიდან, სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აღარ ექნებოდათ ფარული მოსმენები განეხორციელებინათ და მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის კოპირება და შენახვა მოეხდინათ. აქ კოლაფსი შეიქმნებოდა, რაც გაუმართლებელი იქნებოდა. სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში ორ თვეზე მეტი ხანი პარალიზება იქნებოდა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის პოზიცია მაინცდამაინც გამართლებული არ არის“, - აცხადებს დეპუტატი.
საკითხზე საუბრისას შავგულიძე განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ე.წ. გასაღების თაობაზე 1-ელ დეკემბრამდე კარგი კანონპროექტი ვერ მომზადდება. მისი თქმით, სრულყოფილი კანონპროექტის მომზადება შეუძლებელია.
„არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გაკეთდა, მაგრამ ერთ თვეში სრულყოფილი კანონპროექტის მომზადება ვერ მოხდება და ცვლილებების ბევრჯერ მიღება მოგვიწევს. ვერ დაგპირდეთ, რომ კარგ კანონს მივიღებთ“, - დასძენს შავგულიძე, რომლისგან განსხვავებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ კარგი კანონპროექტის მიღება შესაძლებელია.
როგორც for.ge-ს კორძაიამ განუცხადა, პრეზიდენტმა თავის ვეტოთი დეპუტატებს მარტივად უთხრა, რომ ერთი თვის ვადაში პრინციპებზე შეთანხმება უნდა მოხდეს.
კანონმდებელის განცხადებით, პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ ამ ვადაში ყველაფერის ტექნიკური გადაიარაღება ვერ მოხდება, მაგრამ მისი ვეტოს არსი იმაში მდგომარეობს, რომ პრინციპებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსესუსი შედგეს.
„ამ პრინციპების შესრულება დროში გაწელილი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, კანონპროექტის მომზადება მოესწრება“, - აღნიშნავს კორძაია, რომელიც ე.წ. გასაღების თაობაზე კანონპროექტის მომზადების ვადის 1-ელ აპრილამდე გადაწევის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
კორძაიას მსგავსად, ვადების გადადების წინააღმდეგ გამოვიდნენ „თავისუფალი-დემოკრატები“, თუმცა, მათ ვეტოდადებულ კანონპროექტს მხარი დღეს დაუჭირეს და მიზეზიც განმარტეს.
for.ge-სთან საუბარში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, მათ ცვლილებებს მხარი იმ დაპირებების გათვალისწინებით არ დაუჭირეს, რომელიც ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, „ქართულმა ოცნებამ“ 1-ელი ოქტომბრის არჩევნების წინ გასცა. დეპუტატის თქმით, საკითხის გადავადებით, ეს პრობლემა არ რეგულირდება.
„მუდმივად ამ საკითხის გადაწევა დაუშვებელია. „თავისუფალი-დემოკრატები“ პირველი ოქტომბრის დაპირების ერთგულნი ვართ და იმ დაპირებას დავეყრდენით, რომელიც წინასაარჩევნოდ გავეცით. ის სიბინძურე, რომელიც ნაძირალა სააკაშვილმა დანერგა, უნდა დასრულდეს. ამჟამად რომ გვეთქვა, ცვლილებას მხარს არ ვუჭერთ-თქო, ეს ახირება გამოვიდოდა, რადგან ჩვენ პრობლემას სწორედ ვადების გადაწევაში ვხედავდით“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
უმრავლესობის მსგავსად, ვეტოდადებულ კანონპროექტს მხარი უმცირესობამაც დაუჭირა, მაგრამ ოპოზიციონერებს ილუზია არ აქვთ, რომ ადამიანებს უკანონოდ არ მოუსმენენ.
for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი ნუგზარ წიკლაური აღნიშნავს, რომ საკითხზე მსჯელობისას ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის მოყვანა არასწორია და სინამდილეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა სურდა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ქვორუმისთვის საჭირო 76 ხმა არ ჰქონდა, ცვლილებებს მხარი იძულების წესით დაუჭირა.
„უმრავლესობა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მათ ხმების საჭირო რაოდენობის მობილიზება ვერ მოახერხეს. ალბათ, რაღაც კანონპროექტი იქნება წარმოდგენილი და ალბათ, არსებულ რედაქციასთან შედარებით, ოდნავ გაუმჯობესება იქნება, მაგრამ ამას სხვა მცდელობები მოჰყვება, რომ კანონი რამდენიმე თვის შემდეგ ამოქმედდეს. პოლიტიკური ნება არსებობს, რომ „გასაღები“ ხელისუფლების ხელში იყოს და მოსმენები აწარმოოს. ილუზია არ მაქვს, რომ რაღაც ფორმას არ მოძებნიან, რათა უკანონოდ ადამიანებს არ მოუსმინონ“, - დასძენს წიკლაური.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, 1-ელ დეკემბრამდე ე.წ. გასაღების თაობაზე კანონპროექტი უნდა მომზადდეს. ამ დროისთვის გაურკვეველია, ხელისუფლება დათანხმდება თუ არა ე.წ. ორი გასაღების სისტემას, რომელსაც პარლამენტს არასამთავრობო სექტორი სთავაზობს. კერძოდ, არასამთავროების წინადადებით, სამართალდამცავ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ მათ ინფორმაციაზე დაშვებას, ტექნიკურად ერთდროულად განახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია და სასამართლო.
მანამ, სანამ 1-ელი დეკემბერი დადგება, პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტს უფლება აქვს, ჰქონდეს კავშირგამბულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგამბულობის ქსელებიდან და კავშირგაბულობის სხვა შემაერთელებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნუკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა.