მე მინდა გაუწყოთ, რომ დღეს გადავწყვიტე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს ვეტო დავადო. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რამდენიმე მიზეზით: პირველი არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით არის კონსენსუსი და ჩამოყალიბებული მტკიცე პოზიცია. ჩვენ უნდა გადავიდეთ სპეცსამსახურების ფუნქციონირების თანამედროვე დემოკრატიულ ფორმაზე.
მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც ვიცოდი, რომ გვისმენდა КГБ, შემდეგ ვცხოვრობდი პოსტსაბჭოთა საქართველოში, რომელშიც სახელმწიფოს გაძლიერების სიმბოლოდ სააკაშვილის რეჟიმმა უკანონო მოსმენები აქცია, შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ამ რეჟიმს გამოვუტანეთ განაჩენი. ეს ნიშნავს, რომ ორი წლის თავზე იმას, რაზეც მთელი საზოგადოება შეთანხმებულია და არის კონსენსუსი, უნდა ეყრდნობოდეს კანონიც.
მე მივესალმები ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩაბმულობას. ჩვენ ვიცით, რომ 2012 წელსვე დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა, მივესალმები იმ კანონის მიღებას, რომელიც აგვისტოში მიიღეს, თუმცა ბევრი დეტალი ამ კანონისა არ დარეგულირებულა, უმნიშვნელოვანესი თემები გადაიდო და გადაიდო დღევანდელი დღისთვის. ამას მოჰყვა პირველ ნოემბერს განსახილველი თემების კიდევ ერთხელ გადადება.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენს ახალ პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ეს ტენდენცია უნდა იყოს ბევრად გონივრული, ბევრად სწრაფად უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომლებზეც საზოგადოებაშიც, და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ ელიტაშიც, სრული კონსენსუსია. შესაბამისად, ის კანონები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მათ დაცულობას, უსწრაფეს ვადაში უნდა იქნეს მიღებული.
ამდენად, მე მოვუწოდებ პარლამენტს, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი და გააკეთოს მთავარი - აღადგინოს ნდობა სახელმწიფოს აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის, კრიმინოგენული საკითხების გადალახვა, საზოგადოების მაქსიმალური ნდობითა და ჩაბმულობით ხდება. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯი და კიდევ ერთხელ ჩავაბათ საზოგადოება აქტიურ დიალოგში. ამით გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უნდა აღდგეს ნდობა და ეს ნდობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა, შესაბამისად, მე ამ არგუმენტით ვადებ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას.