პროექტ „საქართველო IV“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი

პროექტ „საქართველო IV“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი

დღეს, ჩეხეთის საელჩოში ნატოს ნდობის ფონდის პროექტის „საქართველო IV” -ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი დაესწრნენ.  საელჩოში, ასევე იმყოფებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები და  პროექტში მონაწილე ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები და ატაშეები.

მიხეილ დარჩიაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ  ლაჰიუმ და  ნატოს ნდობის ფონდის პროექტების მენეჯერმა დევიდ თაუნდროუმ.

 „საქართველო IV” ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელ სკრაში მდებარე საბრძოლო მასალების დაზიანებული საცავის დასუფთავებას, ასევე, საინჟინრო ასეულისთვის მაღალი დონის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. ქართველ სამხედროებს შვედეთის შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლები ამზადებენ. 

პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა ბუნკერებიდან 500 ტონა საბრძოლო მასალის ამოღება და გაუვნებელყოფა მოხდება, რაც ასევე შეამცირებს დაზიანებული მასალების აფეთქების რისკს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობასა და საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალს.  „საქართველო IV”-ის განხორციელების  შედეგად, სოფლის მაცხოვრებლებს მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. პროექტის ბიუჯეტი, დაახლოებით, 1,6 მილიონი ევროა. მისი წამყვანი ქვეყნებია ჩეხეთის რესპუბლიკა და ლიტვა. პროექტის ბიუჯეტში ასევე, წვლილი  შეიტანეს: აშშ-მა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, დანიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, იაპონიამ, ესპანეთმა, შვედეთმა და თურქეთმა.

«პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის ნდობის ფონდის (PfP Trust Fund)  ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში, საქართველომ ნატო-ს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან (NSPA - NATO Support Agency) თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო; სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პარტინიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი - ”საქართველო I”, ”საქართველო II” და “საქართველო III”.