მარგველაშვილის ვეტო და გაწბილებული „ოცნება“

მარგველაშვილის ვეტო და გაწბილებული „ოცნება“

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის დღის წესრიგი შეცვალა. ქვეყნის პირველმა პირმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს ე.წ. გასაღების თაობაზე ინიციატივა თებერვლის ნაცვლად, ნოემბრის ბოლომდე მოამზადოს.

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებამ უმრავლესობის ნაწილი გააოცა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ მომზადებული შენიშვნების ტექსტი კვალიფიციურია.

საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებულ კანონპროექტს დაძლევს თუ, მის შენიშვნებს გაიზიარებს, ამის თაობაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 15:00 საათზე იმსჯელებს, მაგრამ ამ დროს სხდომა იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ პრეზიდენტის საპალამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ქუთაისში იქნება.

უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის მიერ მომზადებული შენიშვნების შინაარსით კმაყოფილია, მაგრამ გაოცებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ გიორგი კვერენჩხილაძე პარლამენტში არ იმყოფება.

როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები კონფრონტაციული არ არის და გამორიცხული არაა, მისი გაზიარება მოხდეს. დეპუტატის თქმით, ის განწყობილია, რომ პრეზიდენტის შენიშვნები სერიოზულად იქნეს განხილული.

„პრეზიდენტის ტექსტი ძალიან კვალიფიციურია და ამით კმაყოფილი ვარ. პრეზიდენტის შემოთავაზება ზომიერია და კონფრონტაციული არ არის. შესაბამისად, განწყობილი ვარ, რომ წინადადება სერიოზულად განვიხილოთ. გაკვირვებული ვარ იმით, რომ მისი წარმოამდგენელი კვერენჩხილაძე აქ იმ დროს არ იმყოფება, როდესაც პარლამენტში ასეთი ვითარებაა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლისგან განსხვავებულ პოზიციაზეა უმრავლესობის ლიდერი.

for.ge-სთან საუბარში დავით საგანელიძე ამბობს, რომ ის ძალიან წუხს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დეპუტატთა არგუმენტები კარგად არ იქნა გაანალიზებული.

კანონმდებელის განცხადებით, როგორც ჩანს, პრეზიდენტის აპარატში არგუმენტებს კარგად არ მოუსმინეს, თუ რატომ მოხდა ვადების გადაწევა.

„თუ პრეზიდენტს პრობლემა მაინცდამაინც ვადასთან დაკავშირებით ჰქონდა, სასურველი იყო, როცა ის შავგულიძეს და ხმალაძეს შეხვდა, ამ კანონზე ეს პოზიცია დაეფიქსირებინა“, - აღნიშნავს საგანელიძე.

დეპუტატი იმის მომხრეა, რომ ამ ეტაპზე, პარლამენტმა ვეტო არ დაძლიოს, რადგან მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ, ვეტო იქნება დაძლეული, პრეზიდენტმა მას ხელი ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს და თუ არ მოაწერს, მაშინ დამატებით ხუთი დღის ვადაში მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ფაქტობრივად, სამართალდამცავი უწყებების მუშაობა ათი დღე ვაკუმში რჩება და წინ ქვეყანა უნდა დავაყენოთ და არა ის, ვის მეტი ძალა აქვს. სამართალდამცავი უწყება კოლაფსში არ უნდა შევიყვანოთ“, - ამბობს საგანელიძე.

საგანელიძის მსგავსად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ჩანს, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან არგუმენტები სწორად აღქმული უნდა ყოფილიყო.

მისი თქმით, პრეზიდენტს უფლება აქვს კანონს ვეტო დაადოს, პარლამენტს კი მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.

„ის არგუმენტები, რაზეც კვალიფიციური და კეთილსინდისიერი იურისტი შალვა შავგულიძე საუბრობდა, გაზიარებული უნდა ყოფილიყო. ოთხი თვე არაფერ არსებითს არ ცვლის. პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო და, როგორც ჩანს, კოალიცია რა პოზიციაზეა, ეს მისთვის აუცილებლად გასაზიარებელი არ არის. ის თვლის, რომ ვალდებული არ არის, ის გაიზიაროს, რასაც უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სწორია. როგორც ჩანს, მარგველაშვილმა როგორც პრეზიდენტმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა კობახიძემ.

უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიცია პრეზიდენტს საქციელს უწონებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, კარგია, რომ პრეზიდენტი მიხვდა, თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები თუ როგორ უნდა განახორციელოს.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ მიეღებული გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯია.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამართალდამცავი ორგანოების, არსამთავრობო ორგანიზაციებისა და პარლამენტის მიმართ გარკვეულ გზავნილს შეიცავს. ვეტოს დადების შემდეგ, საკითხი ისევ პარლამენტში იხილება და დეპუტატებმა ვეტო უნდა დაძლიონ, ამისთვის კი საჭირო უმრავლესობის ძალების მოკრებაა, რაც დღევანდელი განლაგებით გაუჭირდებათ. შესაბამისად, თუკი ვეტო არ იქნება დაძლეული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების შეგროვების საშუალება არ ექნება“, - დასძინა ბეჟაშვილმა.

 For.ge-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის ვეტო დადებულ კანონპროექტზე უმრავლესობაში აზრთა სხვადსხვაობაა. შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ვეტო დაძლეული უნდა იქნეს, მეორე ნაწილი კი, შენიშვნების გაზიარების მომხრეა. იმ შემთხვევაში თუ, უმრავლესობა ვეტოს დაძლევას განიზრახავს, მათ 76 დეპუტატის მობილიზება მოუწევთ, მაგრამ ამას რამდენად შეძლებენ ძნელი სათქმელია, რადგან ცვლილებას მხარს „თავისუფალი-დემოკრატები“ არ უჭერენ, „რესპუბლიკელებში“ თავისუფალი კენჭისყრა გაიმართება, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ თამარ კორძაია ხმის მიცემისგან თავს იკავებს.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნას არ გაითვალისწინებს და ვეტოს დაძლევს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოესი 15 დღის განმავლობაში ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის კანონიერი უფლება აღარ აქვს. კერძოდ, თუ პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისიწნა, 15 დღე ძალაში დარჩება პარლამენტის მიერ აგვისტოში მიღებული ნორმა, რომლის მიხედვით, შსს-ს „ოტო“-ს სამსახურს 2014 წლის 1 ნოემბრამდე აქვს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის უფლება.