არასამთავროები ვეტოს მოლოდინში არიან, დეპუტატები პრეზიდენტს რჩევას აძლევენ

არასამთავროები ვეტოს მოლოდინში არიან, დეპუტატები პრეზიდენტს რჩევას აძლევენ

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი კონსულტაციების, კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე  მიიღო, რომლის წინააღმდეგაც კენჭისყრაზე 31 დეპუტატი გამოვიდა, მათ შორის იყვნენ „თავისუფალი-დემოკრატები“, მურმან დუმბაძე და უმცირესობა, ხოლო „რესპუბლიკელებმა“ თავი შეიკავეს. ასევე, კანონპროექტის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდეულება ჰქონდა თამარ კორძაიას, რომელმაც მთავრობას „სისტემის ნგრევა“ მოსთხოვა.

საბოლოო ჯამში, უმრავლესობაში გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დეპუტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, ე.წ. გასაღების თაობაზე კანონპროექტი თებერვლის ბოლომდე უნდა მომზადდებულიყო. შალვა შავგულიძე ცვლილებების მომზადების ვადად 1-ელ აპრილს ითხოვდა, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, იმის გამო, რომ საკითხზე მმართველ გუნდში უთანხმოება იყო და მოწინააღმდეგეთა შორის ნაპრალი ფართოვდებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ვადის ერთი თვით შემცირება მოითხოვა.

პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინში იყვნენ. გიორგი მარგველაშვილს კანონპროექტზე ხელის მოსაწერად 24 საათი ჰქონდა, არასამთავრობო სექტორი მას ცვლილებებზე ვეტოს დადებას სთხოვდა, დეპუტატები კი მას ახსენებდნენ, რომ ის სახელმწიფოს ნორმალურად ფუნქციონირების გარანტია.

სკანდალური კანონპროექტის თაობაზე for.ge ინიციატივის ავტორს, დეპუტატ შალვა შავგულიძეს ესაუბრა:

რა იყო მოტივაცია, რის გამოც კანონში ცვლილებები შეიტანეთ? ამას განსაკუთრებით იმიტომ გეკითხებით, გაჩნდა ეჭვი, რომ პროექტის მომზადება შს სამინისტრომ დაგავალათ...

- ვის რა მოსაზრებები აქვს, არ ვიცი, მაგრამ რეალობაა ის, რომ აპრილში, როდესაც ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით კანონი მივიღეთ, ორი საკითხი ღია დარჩა. კერძოდ, ე.წ. გასაღების საკითხი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები თუ სად უნდა ინახებოდეს, რა ვადით და როგორ. მაშინ მივიჩნიეთ, რომ ამ თემის დამუშავება და შესაბამისი კანონის მიღება შესაძლებელი 1-ელ ნოემბრამდე იქნებოდა. სამუშაო ჯგუფმა დიდი შრომა გასწია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ გახდა, პარლამენტისთვის რისკების დანახვით, ფინანსური და ტექნიკური საკითხების გათვალისწინებით გაწონასწორებული კანონპროექტი უნდა შეგვეთავაზებინა. ვადის გადაწევა სწორედ ამის გამო მოვითხოვეთ და არა იმის გამო, რის წარმოჩენასაც ოპონენტები ცდილობენ.

ისინი ამბობენ, თითქოს, ვადის გადაწევის მიზეზია ის, რომ ხელისფულებამ მოსმენები გააგრძელოს და ა.შ. ამის თქმა არასერიოზულია. კანონის დიდი ნაწილი აგვისტოში მივიღეთ. ამ სფეროს 80 პროცენტის რეგულაცია უკვე ამოქმედებულია და დარწმუნებული ვართ, ამ ვადაში სრულ რეგულაციას შევიმუშავებთ.

თქვენ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ახალი ინიაციატივის შემუშავების ვადად 2015 წლის 1 აპრილი განსაზღვრეთ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოგიწოდათ, ეს ვადა ორი თვით შეგემცირებინათ, რაზეც მათ უარი მიიღეს. პარლამენტმა კი დღეს, ცვლილებების წარდგენის ვადად თებერვალი დაგიწესათ. რა მოხდა დღეს ისეთი, რის გამოც ვადების გადმოწევის გადაწყვეტილება მიიღეთ?

- ობიექტურად რომ ვთქვათ, ამ საკითხის სრულყოფილ დამუშავებას სამი თვე მაინც სჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ დეკემბერში, ბრიუსელში, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ორგანიზებით კონფერენცია ტარდება, რომლის განაცხადში მითითებულია, რომ ღონისძიების მიზანია, შემუშავებული იქნეს ჩარჩო სტანდარტები ევროპული კანონმდებლობისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხში სამართალწარმოების სფეროში. მიზანშეწონილია, ამ კონფერენციის შედეგებს დაველოდოთ და ევროპული კანონმდებლობის ჩარჩო სტადარტების გათვალისწინებით ჩვენი რეგულაციები მივიღოთ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ცვლილებების მომზადება იანვარს უნდა გადასცდეს. ცვლილებების გადადების ვადად 28 თებერვალი ავიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 თებერვლამდე მაინც კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს.

არასამთავრობო სექტორი .. ორი გასაღების სისტემას გთავაზობთ. კერძოდ, მათი პროექტით, .. ორი გასაღები სისტემა ამოქმედდება, რომლის თანახმად, სამართალდამცავ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღება თუ მათ ინფორმაციაზე დაშვებას, ტექნიკურად ერთდროულად განახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია და სასამართლო. შს სამინისტრო ამ სისტემას დათანხმდება?

- შინაგან საქმეთა სამინისტროს სურვილია, მკაცრი და სრულყოფილი მექანიზმებით ე.წ. გასაღები მათ უწყებაში დარჩეს. შს სამინიტროში მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით „გასაღების“ ბოროტად გამოყენების ალბათობა ირიცხება. მხოლოდ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ძალოვანი უწყება „გასაღებს“ ბოროტად იყენებდა და ამის მაგალითი აურაცხელი რაოდენობის ფაილები არსებობს, არ შეიძლება, უწყების მიმართ ნდობა არ არსებობდეს. საზოგადოების მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ პოპულარული არ იქნება შს სამინისტროს .. გასაღები დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ ეფექტური კონტროლის მექანიზმები არსებობს.

თქვენ პირადად, „ორი გასაღებისსისტემა მოგწონთ?

- ყველაზე მეტად მომწონს, მაგრამ კონტროლის კიდევ კარგი იდეა არსებობს. თუ „ორი გასაღები“ იქნება, ანუ, ერთი, რომელიც მოსამართლეს ექნება და მეორე, რომელიც შს სამინისტროს თუ დამოუკიდებელ კომპანიას, ორივე ერთდროულად გაიხსნას. თუ „გასაღები“ ერთდროულად ორივემ არ გახსნა, მაშინ ეს ინფორმაცია არ გაიცემა. ეს არის პრევენცია, რომ უკანონო მოსმენა ვერ განხორციელდეს და ამ პროცესში მაკონტროლებლად ერთვება სასამართლო, როგორც სამართლებრივი კონტროლი და როგორც ტექნიკური კონტროლი. ანუ, სასამართლოს მიერ „გასაღების“ გადაწევა საჭიროა.

ამას გარდა, მეორე მექანიზმი არის, რომ ისეთი პროგრამა არსებობს, რომლითაც თუ ჰაკერული შეჭრა და ინფორმაციის მოპარვა მოხდება, ეს ონლაინ რეჟიმში რამდენიმე ადგილზე დაფიქსირდება. ბევრი ვარიანტი არსებობს და მათი ავკარგიანობის გათვალისწინებით და აწონ-დაწონვა კანონპროექტი პარლამენტისთვის უნდა შეგვეთავაზებინა, მაგრამ ამ ეტაპამდე ვერ მივედით, თუმცა, არ უნდა ვიჩაქროთ და საქმის ცუდად გაკეთება არ არის გამართლებული. ვწუხვართ, რომ საკითხის მომზადება ვერ მოვასწარით, მაგრამ დამატებით ოთხი თვე ვითხოვეთ.

პარლამენტმა ცვლილებები მიიღო, მაგრამ პრეზიდენტს 24 საათი აქვს კანონპროექტს ხელი მოაწეროს და 1-ელ ნოემბრადე კანონის ძველი ვერიის ამოქმედება არ დაუშვას. თუმცა, გიორგი მაგველაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვენ. გამორიცხავთ, რომ ქვეყნის პირველმა პირმა ინიციატივას ვეტო დაადოს?

- პრეზიდენტი რას გააკეთებს, ვერ ვიტყვი, რადგან ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ის სახელმწიფოს ნორმალურად ფუნქციონირების გარანტია. ამ გადავადების არმიღება სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევს. უფრო სწორად კი კოლაფს საგამოძიებო საქმიანობაში.

კერძოდ, რა საფრთხეზე საუბრობთ? თუ პარლამენტი ამ ცვლილებებს არ მიიღებდა, რა მოხდებოდა?

- 1-ელ ნოემბრამდე ღია კანონის ის მუხლი დარჩა, რომელიც მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვას განსაზღვრავს. ამ ინფორმაციის შენახვის გარეშე საგამოძიებო საქმიანობა ძალიან დაზარალდება, რადგან უწყებას ძალიან ბევრი დანაშაულის შემთხვევაში ინფორმაცია არ ექნება, ვინ ვისთან რა კონტაქტში იყო. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის შენახვის უფლება არ ექნება, მაშინ ის მობილურმა ოპერატორებმა უნდა შეინახონ, რომელთაც განაცხადეს, რომ ამისთვის ტექნიკური ბაზა არ აქვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. გასაღების უფლებას თუ არ გავუხანგძლივებთ, იმას მივიღებთ, რომ სამინისტრო ფარულ ღონისძიებებს ვერ განახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ფარული ღონისძიებები ან არ უნდა განხროციელდეს, ან სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს უკანონოდ უნდა ჩაიდინონ.