არქტიკის სიმდიდრე გემრიელი ლუკმაა არა მარტო მახლობლად არსებული ქვეყნებისათვის, რომლებიც ზღვის ფსკერის მითვისებას გამუდმებით ცდილობენ, არამედ კომპანიებისათვის, რომელთათვისაც შორეული მომავლის პერსპექტივა სტრატეგიული ამოცანაა.
გეოლოგები ირწმუნებიან, რომ არქტიკაში არა მარტო ენერგომატარებლების დიდძალი რესურსია, არამედ, ოქროს, ალმასის, ბრილიანტის, ტიტანის და ა.შ. მოპოვებაა შესაძლებელი. მაგალითად, ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია მსოფლიოში, არქტიკაში დედამიწის ნავთობისა და გაზის რესურსების მეოთხედი მდებარეობს.
გლობალურ დათბობას და ყინულების დნობას კი ის მოჰყვა, რომ არქტიკის აკვატორიის დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის ბუნებრივი სიმდიდრის მოსაპოვებლად ხელმისაწვდომი ხდება. საზღვაო მარშრუტები თანდათანობით მოკლდება და ტვირთის გადაზიდვა იაფდება.
მაგალითად, კარგა ხანია ცნობილი იყო, რომ კანადის კუთვნილ კუნძულ ბაფინოვზე რკინის დიდი მარაგია. მაგრამ მისი მოპოვება დღის წესრიგში მხოლოდ ბოლო დროს დადგა, როცა გაირკვა, რომ მასთან მისაღწევად ყინულმჭრელი გემის გამოყენება უკვე საკმაოდ მცირე მანძილზეა საჭირო. მოკლედ, არქტიკა ბევრის, მათ შორის, ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.
მაგრამ დღის წესრიგში დგება საკითხის საერთაშორისო სამართლის ნორმებით დარეგულირება. არქტიკის მახლობლად მდებარე ქვეყნების სახმელეთო საზღვრები კარგა ხანია დადგენილია, ზღვის ფსკერზე კი სახელმწიფო სუვერენიტეტი არ ვრცელდება და ჩრდილო ყინულოვან ოკეანესთან დაკავშირებული ყველა საკითხი გეროს ზღვის სამართლის კონვენციით რეგულირდება.
ასე რომ, რაიმეს მოპოვებაზე საუბარი ჯერ ადრეა. პირველ რიგში რესურსების მარაგებად ქცევაა საჭირო. როგორც ცნობილია, რესურსი ამა თუ იმ სიმდიდრის შესახებ არსებული წარმოდგენაა, მარაგი კი არის ის, რისი მოპოვების ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად გამართული, ეფექტური გეგმა არსებობს.
ამიტომაც არის, რომ დღეს ორი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა: სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დარეგულირება და სიმდიდრის რენტაბელურად მოპოვების მეთოდების მიკვლევა. აქვე უნდა ითქვას, რომ გარკვეული პრეცედენტები არსებობს. მაგალითად, ნორვეგიელები მკაცრ არქტიკულ ვითარებაში ბარენცის ზღვაში გაზს მოიპოვებენ. იმავე ნორვეგიამ და რუსეთმა ათწლეულების განმავლობაში არსებული უთანხმოება მოაგვარეს და თევზითა და წიაღისეულით მდიდარ ბარენცის ზღვაში საზღვარი მონიშნეს.
თავისთავად ცხადია, „თამაშის წესების“ შემუშავება ძალზე მნიშვნელოვანია, გაურკვეველი სიტუაცია ბიზნესს დააფრთხობს და არც ერთი კომპანია დავის არსებობის პირობებში ფულს არ დააბანდებს.