კოალიცია „ქართული ოცნების“ ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პარტნიორებს ორი შესაძლო გზა შესთავაზა „რესპუბლიკურმა პარტიამ“. პარტიამ მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ორი გზიდან - პირველი არსებული სპეციფიკური, კოალიციის კლასიკური ევროპული ტიპის ისეთ კოალიციად გადაქცევას გულისხმობს, რომელსაც საფუძვლად დაედება კოალიციური შეთანხმება. მეორე გზავნილი კი, ისეთ კოალიციად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც მასში შემავალი პარტიების საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად პოზიციონირებისა და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების თავისუფლებას უზრუნველყოფს კოალიციაში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.
for.ge „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს ესაუბრა.
კოლეგებს შესთავაზეთ კოალიციის გაძლიერების ორი გზა. ეს ადასტურებს თუ არა იმას, რომ კოალიციაში არსებობს პრობლემები?
- ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია გადაჭრილი, მაგრამ ამ პროცესში ბუნებრივია, რომ ყოველთვის რჩება გამოწვევები. ამ გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, ჩვენ შევიმუშავეთ მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგი. დოკუმენტის ძირითად ნაწილში საუბარია იმ გამოწვევებზე, რაც დგას დღის წესრიგში. ამ გამოწვევების მოსაგვარებლად და საპასუხოდ ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ განვითარებაზე და პროგრესზე.
შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რა გამოწვევბის წინაშე დგას ახლა ქვეყანა, რომლის აღმოფხვრა ვერ შეძლო ქვეყანამ 2 წლის განმავლობაში?
- ეს არის წინა ხელისუფლების ინერციით დარჩენილი სპეცსამსახურების როლი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაზე, მათი ჩარევა ამ პროცესში. ეს არის ის გამოწვევა, რომელიც დარჩა წინა ხელისუფლებისგან. ასევე საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების განხორციელების მაქსიმალური ინსტიტუციონალიზაცია. თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც დავიწყეთ, მაგრამ შეფერხებულია. პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ და ეს იყო არჩევითი მერები და გამგებლები.
ამ არჩევით მერებს და გამგებლებს სჭირდებათ მეტი თავისუფლება. ამ ორგანოებს უნდა მოვაშოროთ სპეცსამსახურები. ძალიან ძლიერი ორგანიზაციები გვყავს ადგილობრივ თვითმმართველობებში, მათგან გვაქვს ინფორმაციები, რომ სპეცსამსახურები ე.წ. „სუსი“ ერევა მათი მუშაობის პროცესებში. ეს არის ძველი გადმონაშთი, წინა ხელისუფლების ინერციით დარჩენილი პროცესებია და ეს უნდა აღმოვფხვრათ ბოლომდე. იმისათვის, რომ არ მოხდეს ჩარევა, აუცილებელია ბოლომდე იქნას მიყვანილი თვითმმართველობის რეფორმები.
შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული მაგალითი, რომლითაც დასტურდება სუსის ჩარევა ადგილობრივი მთავრობის საქმიანობაში?
- არჩევითი მერები და გამგებლები არის სიახლე, ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მერებს და გამგებლებს სჭირდებათ დამოუკიდებლობა და რაც მთავარია, ფინანსური დამოუკიდებლობა იმისათვის, რომ მათ შეძლონ კანონით განსაზღვრული კომპეტენციით სრულად სარგებლობა. ისინი ამას ვერ ახერხებენ. საჭიროა სტრუქტურული ოპტიმიზაცია ამ თვითმმართველობებში.
საუბარია იმაზე, რომ ხშირად მერი და გამგებელი დამოუკიდებელი არაა თავის გადაწყვეტილებაში, იქ გუბერნატორი ერევა, მაშინ, როდესაც ის არ უნდა ეროდეს მერის, გამგებლის და საკრებულოს გადაწყვეტილებებში. ეს პროცესი რომ გამოსწორდეს, ამას სჭირდება ბევრი მეცადინეობა იმისათვის, რომ თვითმმართველობებმა ისწავლონ დამოუკიუკიდებლობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება და განვითარება. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველი არის დამოუკიდებელი, წელში გამართული, ფინანსურად მზარდი და მტკიცე ადგილობრივი თვითმმართველობა.
თქვენ აღნიშნეთ, სუსი ერევა თვითმმართველობის საქმიანობაში, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ თვითმმართველობის რეფორმა ბოლომდე არაა განხორციელებული, თუ ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური ნება?
- ეს არის წინა ხელისუფლების გადმონაშთი, ინერციით შერჩენილი არის სპეცსამსახურების მეურვეობა თვითმმართველ ორგანოებზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათი მხრიდან სრული ჩარევა ხდება და ეს არის პოლიტიკურად განსაზღვრული მიმართულება. ქმედითი ნაბაიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ თვითმმართველობები გავხადოთ დამოუკიდებელი.
რაზეა დამოკიდებული, რომ „რესპუბლიკური პარტია“ სამომავლოდ დარჩეს კოალიციაში?
- ამ განცხადებაში არაფერი მსგავსი ნათქვამი არაა, ულტიმატაუმის მაგვარიც კი არაფერი არაა, რომ თუ ეს საკითხები არ მოგვარდა, ვინმე კოალიციას დაშლის. პირდაპირ წერია განცხადებაში, რომ ჩვენ გვინდა კოალიციის გაუმჯობესება იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს შევეჭიდოთ. ამისათვის საჭიროა პარტიული მრავალფეროვნება, რაც არის კოალიციაში. ეს თემები გახსნილია კოალიციაში. დოკუმენტი განსახილველად შეტანილია კოალიციის პოლიტიკურ საბჭოში, უბრალოდ, ამას დრო სჭირდება. არავითარი ულტიმატუმი არაა, ეს არის საზოგადოებისთვის იმ თემების გაშლა, რომელზეც დღეს კოალიცია უნდა ზრუნავდეს და ეს პოლიტიკურმა პარტნიორებმა კარგად იციან.