აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისგან განსხვავებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმებას ხელს კონსულტაციების გარეშე მოაწერს. დოკუმენტის მიმდინარე წლის ბოლოს მზად იქნება. როგორც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთი იმედოვნებს, რომ რუსეთთან დადებული შეთანხმება უფრო გაფართოებული იქნება, ვიდრე აფხაზეთის ხელშეკრულება.
„შეთანხმებაში, რომელიც ახლა მომზადების პროცესშია, რუსეთს უფრო ფართო ინტეგრაციას ვთავაზობთ. შეთანხმების ის ვარიანტი, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოსაწერად მზადდება, არ ასახავს სამხრეთ ოსეთის ხალხთა ყველა სურვილს და მათ მისწრაფებებს რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ანატოლი ბიბილოვმა.
დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთსა და ცხინვალს შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია აქვს და საქართველოს ანექსიის მცდელობაზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათი ინფორმირებულობით, ნაკლებად ემოციურად და მეტი გონივრულობით უნდა ვუდგებოდეთ. მისივე შეფასებით, ასეთი მეთოდებით რუსეთი ვერ მოახერხებს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეჩერებას.
„ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ერთი მხარის განცხადებაა. გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ეს მეტყველებს იმაზე, რომ ლაპარაკი მიერთებაზე არ არის, რაზეც ამდენ ხანს იყო. თუ ასე შევხედავთ, ეს არის ნაბიჯი უკან და არა წინ. მე მაინც მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათი ინფორმირებულობით, ასეთ საკითხებს ნაკლებად ემოციურად და მეტი გონივრულობით უნდა ვუდგებოდეთ. ეს სულაც არ უწყობს ხელს რუსეთის პოლიტიკის რეალიზაციას საბოლოო ჯამში. ასეთი მეთოდებით რუსეთი ვერ მოახერხებს ქართულ-ოსურ თუ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეჩერებას“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ჩვენ უნდა ველოდოთ ვითარების გარკვეულ გართულებას ცხინვალთან მიმართებაში. მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ეცდება მაქსიმალურად მზად შეხვდეს ყველა გამოწვევას. სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება პირველივე დღიდან მუშაობს, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება ჩვენს პოზიციებთან, რათა წინ აღვუდგეთ იმ მზაკვრულ გეგმას, რაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
„მთავარია ის, რომ, ჩვენი დები და ძმები ძალიან კარგად ხედავენ ერთ რამეს - მათი ე.წ. დამოუკიდებლობა არის ფარსი და რეალურად რუსეთს სურს აფხაზეთი გადააქციოს გარკვეულ პროვინციად. ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც ადგილი აქვს აფხაზეთთან მიიმართებაში. თუმცა, უნდა ველოდოთ ვითარების გარკვეულ გართულებას ცხინვალთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მაქსიმალურად უნდა გაააქტიურონ საერთაშორისო კამპანია ამ მიმართულებით. ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირკაშვილი აცხადებს, რომ უნდა ჩავრთოთ ჩვენი ყველა სტრატეგიული მოკავშირე იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.
„სამწუხაროა, რომ იმ დადებითი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, რაც რუსეთთან მიმართებაში გვაქვს, რუსეთი განაგრძობს ამ მიმართულებით პროვოკაციულ ქმედებას. ჩემთვის გაუგებარია, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ფონზე, რომელიც გვაქვს ეკონომიკური მიმართულებით, თუ რას ემსახურება ეს ხელშეკრულებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობას ხმამაღლა უნდა ვამცნოთ ჩვენი შეშფოთება ამ კუთხით“, -აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.