თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის ივანიშვილის „პროტეჟეებიც“ არიან

თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს შორის ივანიშვილის „პროტეჟეებიც“ არიან

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში 1-ელ ნოემბერს დაბრუნდება და დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე პირველ კომენტარს სავარაუდოდ, შაბათს გააკეთებს, თუმცა, პოლიტიკურ წრეებში უკვე იმ ვერსიებზე საუბრობენ, რის გამოც პროკურატურამ უწყების წინააღმდეგ გაილაშქრა.

უმცირესობა მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ირაკლი ალასანიას განეიტრალებას და დაშინებას უკავშირდება, რათა მან პოლიტიკური ნაბიჯები არ გადადგას. „თავისუფალი-დემოკრატები“ გამოძიების დასრულებას ელოდებიან და უდანაშაულობის პრეზუმციას იცავენ, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის, რადგან ყველა შემთხვევაში ზიანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო სფეროს მიადგა.

დეპუტატები თავდაცვის უწყებაში განვითარებულ მოვლენებზე „ნდობის ჯგუფის“ ფორმატში შეკრებას გეგმავენ, თუმცა, ოპოზიციონერები საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე უკვე აპელირებენ.

როგორც for.ge-ს ნაციონალმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, საქართველოში კორუფციის ძალიან ბევრი ფაქტი გამომზეურდა, მაგრამ თავდაცვის მაღალჩინოსნები წინასწარ მაშინ დააკავეს, როცა 8 ნოემბერს ირაკლი ალასანიას პარტიის ყრილობაა დაგეგმილი. დეპუტატის შეფასებით, როდესაც, მსგავსი ფაქტის ტირაჟირება პარტიულ ყრილობას წინ უსწრებს, ეს კითხვებს პოლიტიკურ მოტივაციაზე ბადებს.

„თუ ხელისუფლებას მართლაც კორუფციასთან ბრძოლა სურს, მაშინ ყველა კორუფციული საქმე უნდა გამოიძიოს, რომელიც სხვადასხვა უწყებებში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მიზნად დასახულია ირაკლი ალასანიას განეიტრალება და მისი დაშინება, რათა მან პოლიტიკური ნაბიჯები არ გადადგას“, - აცხადებს წიკლაური.

კანონმდებელის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებაში“ დეზინტეგრაციის პროცესი დაიწყო როგორც „თავისუფალი-დემოკრატების“ მხრიდან, ასევე „რესპუბლიკელებისგან“.

„როგორც ჩანს, ხელისუფლება და ირაკლი ღარიბაშვილი კოალიციის დაშლის თავიდან აცილებას ამ მეთოდებით ცდილობენ. მმართველი გუნდი დაკავებულია ერთმანეთთან ბრძოლით და ყველაფერს აკეთებს იმის გარდა, რასაც საგარეო ვექტორის დაცვა და ეკონომიკის განვითარება ჰქვია. მათ დიდი დღე არ აქვთ“, - განაცხადა წიკლაურმა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობაში მაღალჩინოსნების დაკავებასა და 8 ნოემბერს შორის პარალელებს არ ავლებენ და საზოგადოებას ურჩევენ, წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტანენ.

 for.ge-სთან საუბარში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას ახასიათებს როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მინისტრს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს კორუფციული ფაქტი არ დადასტურდება. დეპუტატის თქმით, სახელმწიფოში კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლა პოლიტიკის გარეშე მიმდინარეობს და ეს ფაქტი იმის დამადასტურებელიც არის, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ არსებობს.

„გამოძიება მიმდინარეობს და კონკრეტულ დეტალებზე საუბარი გამიჭირდება. მოხარული ვიქნები, თუ ეს კორუფციული ფაქტი არ დადასტურდება. ალასანია კოალციის გამორჩეული ადამიანი და ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრია. მან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ“, - დასძენს სესიაშვილი, რომელიც თვლის, რომ პროკურატურა მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოქმედებს.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მსგავსად, 8 ნოემბერსა და თავდაცის უწყებაში განვითარებულ მოვლენებს შორის ბმებს ვერ ხედავს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს ეს მიდგომა „ზედმეტად მოგონილი და შეთხზულია“. საგანელიძის შეფასებით, რადგან საქმე აღიძრა, ალბათ, ეს ფაქტები არსებობს, თუმცა ეჭვები ერთია, ფაქტები და დადასტურება მეორე.

„ნამდვილად არ მინდა, რაიმე პროგნოზები გავაკეთო, ან ფაქტები დროში ერთმანეთს დავუკავშირო. ვწუხვარ, რომ ისეთ საამაყო უწყებაში როგორიც თავდაცვის სამინისტროა, ასეთი ფაქტები ხდებოდა“, - აცხადებს საგანელიძე, რომელიც ამბობს, რომ დეპუტატები ამ საქმეზე „ნდობის ჯგუფის“ ფორმატში იმსჯელებენ და მას მეტი ინფორმაცია ამის შემდეგ ექნება.

კოალიციის წევრების მსგავსად, საკუთარ ლიდერს „თავისუფალი-დემოკრატები“ ბრწყინვალე მინისტრად მიიჩნევენ და ყურადღებას საგამოძიებო პროცესზე ამახვილებენ.

for.ge-სთან საუბარში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ირაკლი ალასანია ბრწყინვალე და წარმატებული მინისტრია, რომლის უწყება ყველაზე გამჭირვალეა.

კანონმდებელის ინფორმაციით, წინა მთავრობის დროს საიდუმლო შესყიდვების მაჩვენებელი 76 პროცენტს აღწევდა, ახლა კი 15 პროცენტია.

„თუ გვინდა, რომ საიდუმლო შესყიდვები გავაუქმოთ, ესეც შეგვიძლია, უბრალოდ, აქ უნდა იყოს კონფიდენციალობა დაცული, რაც ამ შესყიდვების დროს მოხდა. გამოძიებას უნდა დაველოდოთ და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.

დეპუტატის თქმით, ექსპერტები ამბობენ, რომ მინისტრმა პოსტი უნდა დატოვოს, მაგრამ კითხვას არავინ სვამს, რატომ?

„ირაკლი ალასანია საქართველოში შაბათ დილით იქნება, რომელიც ამჟამად, შეხვედრებს საფრანგეთსა და გერმანიაში მართავს. ძალად და შეკვეთილი ექსპერტების შეფასებებს ვერ ავყვები, მაგრამ რატომ უნდა დატოვოს მინისტრმა პოსტი?“, - აცხადებს ცაგარეიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაპარტიელი, ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე.

for.ge-სთან საუბარში აბაშიძე აღნიშნავს, რომ მინისტრის პოსტიდან გადადგომაზე საუბარი აბსურდულია. ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.

„განზარხ დანაშაულს გამოვრიცხავ. პროკურატურას თუ რაიმე გასარკვევი აქვს გაარკვიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი“, - დასძენს აბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ სკანდალური საქმეს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის. უსუფაშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირებისადმი წაყენებული ბრალდება მართალია, ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველა იმ პირის მხრიდან, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, მაშინ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც აღნიშნული საქმე წამოიწყო.

„თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე ვერ განიხილება, როგორც ერთი მორიგი საქმე. ყველა შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული - ან ამ დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულში უსაფუძვლო ბრალდებით. საქმეს ბოლომდე უნდა მივყვეთ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, საკითხს ჩემს პირად საქმედაც ვთვლი“, - დასძენს უსუფაშვილი.

თუ რას ფიქრობს ირაკლი ალასანია საკუთარ უწყებაში შექმნილ პროცესებზე, ამის თაობაზე საუბარი მას ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მოუწევს, მაგრამ მანამდე საპარლამენტო კულუარებში საუბრობენ, რომ დაკავებულთა შორის ორი პირი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის რჩევით, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ზაზა ბროლაძის მიერ არის პოსტებზე  დანიშნული. ზაზა ბროლაძე კი, ირაკლი ალასანიამ პოსტიდან დაახლოებით ექვსი თვის წინ გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დრის წინ, პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.