15 ნოემბრს დაანონსებული აქცია და 15 ლარი აქციის მონაწილეებისთვის

15 ნოემბრს დაანონსებული აქცია და 15 ლარი აქციის მონაწილეებისთვის

საქმეს, რასთან დაკავშირებითაც მოდულის შენობაში ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ნიკა მემანიშვილი დაიკითხა, გრიფით „საიდუმლო“ დაედო. როგორც ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, ის გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს, თუ კონკრეტულად რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც მემანიშვილმა დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა, მას „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიღებული აქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალა დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის დაწყებას 15 ნოემბრის აქციაზე გეგმავს, სადაც აპირებს პოლიციასთან დაპირისპირებას და სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობას. 

„გუშინ დამიკავშირდა გამომძიებელი და დამიბარეს იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც მივეცი სექტემბრის დასაწყისში. ეს ინტერვიუ ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს, კერძოდ იმას, რომ გეგმავენ დესტაბილიზაციის მოწყობას და ამას აპირებს სწორედ 15 ნოემბრის აქციის დროს. საუბარია პოლიციასთან დაპირისპირებასა და სხვადასხვა სახის პროვოკაციებზე. ეს ინფორმაცია მაქვს „ნაციონალური მოძრაობისგან“. გამოძიებას საინტერესო ინფორმაციას მივაწვდით „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმების შესახებ. პროვოკაციები სარფში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს დაგეგმა“, - ამბობს ნიკა მემანიშვილმა. 

15 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციაზე და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციის მოწყობის გეგმებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილ განცხადებით, მას მიუვიდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, 15 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მოქალაქეების რეგიონებიდან ჩამოყვანას აპირებს, რათა შემდგომ მათ ერთმანეთი აცემინოს. 

„15 ნოემბრის აქცია, რა თქმა უნდა, სასაცილოა. არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანოსნებულ აქციასთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ როგორც მითხრეს, ისინი გეგმავენ გარკვეულ პროვოკაციას. მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ის ინფორმაცია, რაც მე მომივიდა - „ნაციონალები“ აპირებენ, რომ 15 ლარი გადაუხადონ გაჭირვებულ მოქალაქეებს, ჩამოიყვანონ ისინი რეგიონებიდან, სოფლებიდან და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მე აღარ მინდა მათზე დიდი დრო დავხარჯო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაუჯერონ „ნაციონალური მოძრაობის“ სიცრუეს, ვინაიდან არავითარი წუხილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისადმი მათ არ გააჩნიათ.

„ტყუილია, სიცრუეა, არ დაუჯეროთ, იმიტომ რომ არავითარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისადმი წუხილი ამ ხალხს არ გააჩნია. არეულობა - ეს არის ერთადერთი მიზანი, რომელიც დღეს აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. პრეზიდენტყოფილი სააკაშვილის განცხადებები არათუ სცილდება რაიმე ლოგიკას და კონსტრუქციულობის ელემენტები ეტყობა, არამედ პირდაპირ მიმართულია იმისაკენ, რომ ვითარება აიროს, დაიძაბოს, იქნებ თვითონ რაღაცა პოლიტიკური რეაბილიტაცია თუ გაცოცხლება შეძლოს ამ დაძაბულ სიტუაციაში. არავითარი პერსპექტივა ამას არ გააჩნია და განსაკუთრებით იმ სიცრუის ფონზე, რომელიც ყოველდღიურად გაისმის - თითქოს, ჩვენ გვინდა, ამოვიღოთ საქართველო დასავლეთისა და რუსეთს შორის დიალოგიდან“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“. აკაკი ბობოხიძის განცხადებით, 15 ნოემბერი მაინც შედგება იმის მიუხედავად, რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ.

„რა ძალიან საინტერესოა, რომ თურმე ჩვენი მიტინგები ქაოსის მიზნით ეწყობა და მათი მიტინგები კარვების გაშლით, ტრასების გადაკეტვით, გრუს-ს რაზმის შემოყვანაზე ლაპარაკით, რაც თურმე სტაბილიზაციას ემსახურებოდა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმარ არანაირი აგრესიული პოლიტიკის გამტარებელი არ არის. აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ყირიმის თემაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განცხადა, რომ მისი მმართველობის პირობებში ქვეყანას არანაირი რეალური შედეგი არ ექნება. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო სანქციების მონაწილე და არ ყოფილიყო მსჯელობის მთავარი საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კანონგარეშე, ჯერჯერობით, არავის გამოუცხადებია და სრული უფლება აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნებაც უნდოდეთ და აქციის ჩატარების სურვილიც ჰქონდეთ. თუმცა, აქვე ამბობს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ქვეყანაში დესტაბილიზაცია, მაგრამ ამ პროცესში თვითონაც არ გამოვიდეს კანონიერების ჩარჩოებიდან.

„როგორც მოქალაქეს, აქვთ უფლება ამ თემებეზე და ამ ლოზუნგებით აქცია ჩაატარონ. ხოლო იმას, რომ მათ შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის ჩანაფიქრი ჰქონდეთ, ამას არ გამოვრიცხავ, იმდენად რამდენადაც ვითარების დესტაბილიზაცია მათი პოლიტიკური მიზნებისთვის შექმნის ხელსაყრელ ფონს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძემ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ლაპარაკი იმაზე, რომ ამ აქციით „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტს გამოთქვამს რუსების წინააღმდეგ, ეს არაა იმ პოლიტიკური ძალის ხელწერა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მუდმივი მცდელობა იმისა, რომ ქუჩაში რეგულირებადი არასტაბილური გარემო შექმნას. ეს სჭირდებათ დასავლეთისთვის, რათ დაარწმუნონ, რომ ახალი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ქვეყანაში სიტუაციას. თუ საქართველოს ხელისუფლება არ არის დაინტერესებული იმაში, რომ ასეთი ტიპის აქციები დესტაბილიზაციის წყაროდ იქცეს, ხელისუფლება ძალიან წყნარად შეხვდება ამ აქციებს.

თუ დესტაბილიზაციის მოწყობაში ნაციონალები ფულს უხდიან აქტივისტებს, შსს-მ საინფორმაციო საშუალებებით გაავრცელოს ეს ინფორმაცია. ეს იქნებოდა ძალიან კარგი, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა რა მეთოდებით იბრძვის „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე განცხადებით, დღეს ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი საყრდენი არ გააჩნია იმისა, რომ ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალები გავლენ კანონის ფარგლებიდან, სხვაგვარი ჩარევები იქნება საჭირო.