„ოპოზიციაში ყოფნის დროს აკრიტიკებდნენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ - შეირგეს“

„ოპოზიციაში ყოფნის დროს აკრიტიკებდნენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ - შეირგეს“

საარჩევნო სისტემის სამართლიანობა, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, ამომრჩეველთა სიების დაზუსტება და კონკურენტული წინასაარჩევნო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა - ეს არის საარჩევნო რეფორმის ოთხი ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიულმა ჯგუფმა განსაზღვრა.

პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლებას თავისი წინამორბედების მსგავსად, არანაირი სურვილი არ აქვს, კანონმდებლობით მინიჭებულ უპირატესობაზე უარი თქვას. მისი თქმით, ახლა აქტიური პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკური აქტივობების ფარგლებში, დაითანხმონ ხელისუფლება, რადიკალურად შეცვალოს საარჩევნო გარემო.

for.ge ზურაბ ხარატიშვილს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, თქვენ ამბობთ, რომ პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკური აქტივობების ფარგლებში, დაითანხმო ხელისუფლება, რადიკალურად შეცვალოს საარჩევნო გარემო. რა სახის ცვლილებას ითხოვთ?

- საარჩევნო სისტემა ისე არის აგებული, რომ ხელისუფლებას ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს. ასეთი სისტემის შექმნა დაიწყო „მოქალაქეთა კავშირის“ პერიოდიდან, რომელიც გააგრძელა მომდევნო ხელისუფლებამ და ძალიან კომფორტულად მოირგო ამ ხელისუფლებამ. ამიტომ, თუ ჩვენ არ შევქმენით ისეთი მექანიზმები, რომ არსებობდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის რეალური მექანიზმები, ეს აუცილებალდ მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე და შეიძლება კიდევ უარესი სცენარი განვითარდეს.

უარესი სცენარის განვითარებაში რას გულისხმობთ?

- თუ პოლიტიკური დაძაბულობის არჩევნებით განმუხტვა არ ხდება, ეს ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ საზოგადოებაში, დაპირისპირების ბევრად უფრო მწვავე ფორმებს იღებს. როდესაც ხელისუფლების რეიტინგი ძალიან დაბალია და ხმები იყოფა, მერე მაინც, მეტ-ნაკლებად, რევოლუციურ სცენარში გადადის ვითარება. ამიტომ, ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ და პირველ რიგში, ქართულმა საზოგადოებამ სწორი თამაშის წესები თუ არ დავამკვიდრეთ, გარდაუვლად მივალთ საკმაოდ მწვავე დაპირისპირებამდე. ინტერპატრიული ჯგუფი ვცდილობთ, რომ ცივილიზებული თამაშის წესების დამკვიდრებით, ეს სისტემა რაც შეიძლება ქმედითუნარიანი გავხადოთ.

გარდა იქ მყოფი პარტიებისა, კიდევ რამდენი პოლიტიკური პარტია არის მზად ამ ფორმატში იმუშაოს და თუ განიხილება მმართველი ძალა, ანუ კოალიციაში შემავალი ძალები?

- პირველად წინადადებებს მოვამზადებთ და ამის მერე შევეცდებით, რომ უფრო ფართო განხილვის თემა გავხადოთ როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება არის მზად იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს?

- ამ ხელისუფლებას თავისი წინამორბედების მსგავსად, არანაირი სურვილი არ აქვს, კანონმდებლობით მინიჭებულ უპირატესობაზე უარი თქვას, რა თქმა უნდა, ამის სურვილი არ ექნება. ახლა აქტიური პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკური აქტივობების ფარგლებში, დავითანხმოთ ხელისუფლება, რადიკალურად შეცვალოს საარჩევნო გარემო, გახადოს თანაბარი შესაძლებლობები, იმიტომ, რომ ამგვარი გაგრძელება მძიმე შედეგებით დასრულდება, არამარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. ამიტომ, მე იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ამგვარ ფუნდამენტურ საკითხებზე იმუშაოს.

იყო დაპირება, რომ არსებითი ცვლილებები მოხდებოდა ადგილობრივი არჩევნებისთვის, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი ღირებული არ გაკეთებულა. ჯერ პროცესი გაწელეს, მერე უკვე სიჩქარის გამო შეუძლებელი იყო, რამე არსებითი გაკეთებულიყო ამ მიმართულებით. სწორედ, ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ არჩევნებამდე დავიწყეთ საარჩევნო გარემოზე მუშაობა.

წინასწარ ძნელია იმის შეფასება, რა განწყობაზეა ზოგადად ხელისუფლება. თუმცა, ეს ისეთი თემაა, რომ ძნელია ვიღაცის კეთილგანწყობას დაელოდო. ამ ინტერპატრიულ გაერთიანებაში შედის 15 პოლიტიკური გაერთიანება, ალბათ მერე სხვებიც შემოგვიერთდებიან და მოვიფიქრებთ, როგორ დავარწმუნოთ ხელისუფლება.

კოალიციაში შემავალი პარტიები საარჩევნო გარემოს შეცვლაზე საუბრობდნენ, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს, როგორ ფიქრობთ, რატომ არაა დღეს ეს თემა აქტუალური კოალიციაში?

- ძალიან კარაგად მოირგეს ის უპირატესობები, რასაც მათ დღევანდელი არსებული სისტემა აძლევს და თუ ხელისუფლებაში დარჩენა უნდათ, რატომ უნდა შეცვალონ? ძალიან მარტივი, თუმცა, ძალიან არასამართლიანი და არაეთიკური პრინციპია. იმას, რასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს აკრიტიკებდნენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითონაც კარგად შეირგეს. რატომ შევცლიან იმ უპირატესობას, რაც წინამორბედებმა დაუტოვეს? ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს არა მარტო ჯიპებში, რაც დაუტოვეს, არამედ იმ საარჩევნო გარემოშიც, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა.

არაფრის შეცვლა არ ხდება და ამის ნაცავლად კეთდება ცინიკური განცხადებები. უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ამას არავინ არ ჭამს. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით დღევანდელი ხელისუფლების მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება, თუმცა, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დღესდღეობით არავინ ყურადღებას არ აქცევს. NDI-ს ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ამომრჩველის 35 პროცენტს არც ერთი პარტია არ მოსწონს. ეს არის ძალიან საშიში სიტუაცია, იმდენად დიდი მასაა, რომ ამან მომავალ არჩევნებში ქვეყანა შეიძლება ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩააგდოს.

რას გულისხმობთ?

- ნებისმიერმა უცხო ქვეყნიდან მართულმა პოპულისტურმა ძალამ, შეიძლება ძალიან ადვილად წაიღოს ეს ხმები და როგორც ქართული პრაქტიკა აჩვენებს, როგორც წესი, გაბრაზებული ამომრჩევლის ხმა ერთი მიმართულებით მიდის მერე. ესენი არიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ამომრჩევლები. ხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან უხეში ძალის პოლიტიკას, რომელიც აქამდე არსებობდა და რომელიც დღემდე რჩება, ემატება რბილი ძალის პოლიტიკა, რომლის პრაქტიკული განხორცილება რუსეთმა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო და რომელიც ჯერჯერობით ისე არ ჩანს.

თუ დააკვირდებით, ამ ბოლო დროს მომრავლდა ევრაზიული ჯგუფები, რომლებიც საკმაოდ აგრესიული ტონით ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ საქართველოს დასავლური მიმართულება არის პრობლემური და ცდილობენ, რომ ქართულ საზოგადებაში დაისვას კითხვა რა გვინდა - დასავლური ღირებულებები თუ რუსეთი? სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ ასეთი კითხვა არ იდგა. საარჩვენო გარემო თუ არ მოწესრიგდება სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით. რატომღაც ეს საფრთხე ძალიან რეალური მგონია. მითუმეტეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში.