თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში

თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. გერმანიაში ვიზიტს ირაკლი ალასანია ქართული ქვედანაყოფის მონახულებით დაიწყებს. ვილდფლეკენის სამხედრო ბაზაზე, ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მონაწილეობისთვის, მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული გადის მომზადებას. თავდაცვის მინისტრი საწვრთნელ ბაზას დაათვალიერებს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროცესს გაეცნობა.

ვიზიტის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან.  ირაკლი ალასანიას და ურსულა ფონ დერ ლიაიენის შეხვედრა გერმანიის თავდაცვის სამინისტროში გაიმართება. ორმხრივ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრები საქართველოსა და გერმანიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

ვიზიტის დასასრულს მინისტრი კოერბერის ფონდს ესტუმრება. ირაკლი ალასანია მოხსენებით წარდგება თემაზე: „რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილების მნიშვნელობა.“ ღონისძიებას გერმანიის პოლიტიკური წრეების,  კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები დაესწრებიან.