ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა შემაჯამებელი სწავლებები დაასრულა. დასკვნით ეტაპზეა ბატალიონის მიერ ოპერაციის რაიონის გადაბარების პროცესიც. ქართველმა სამხედროებმა სამოქმედო რაიონი შეისწავლეს და სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.
მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასკვნით ფაზაზე, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამშვიდობო მისიას შეასრულებს. ბატალიონის მთავარ ამოცანას კოალიციურ ძალებთან ერთად ბაზის დაცვა და პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება წარმოადგენს.
ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. 51-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთი თვის მანძილზე გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.