საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესტონელმა კოლეგამ, გენერალ-მაიორმა რიჰო ტერასმა მიიწვია.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ესტონეთის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინაში გაიმართა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსმა მიიღო. შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კოლეგებმა სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე, სამშვიდობო მისიების ეფექტურად წარმართვის გზებსა და საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გეგმის განხორციელების დეტალები. ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისა და ნატოს ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო III”-ში ესტონეთის მხარის აქტიური ჩართულობისთვის.
ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის თავდაცვის მინისტრთან სვენ მიკსერთან და ესტონეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელთან მატი რაიდმასთან.
დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბალტიის თავდაცვის კოლეჯს და სხვა სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამხედრო ბაზების მონახულებაც. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესტონეთში ვიზიტს ხვალ დაასრულებს.