რუსეთში კერძო ჯარის შექმნის შესახებ კანონპროექტს იხილავენ. რუსეთის დუმა უკვე მუშაობს ახალ კანონპროექტზე, რომლის მიღების შემდეგაც, რუსებს უკვე ვეღარ წაუყენებენ პრეტენზიას, რომ მათი რეგულარული ჯარები, თავიანთი მოქალაქეების დაცვის საბაბით, უკანონოდ იბრძვიან სხვათა ტერიტორიაზე. ამჯერად რუსულ ინტერესს კერძო ჯარი დაიცავს და რუსეთსაც ექნება ალიბი, თქვას, რომ ეს არის კერძო სტრუქტურა და რუსეთის ხელმძღვანელობა არ მართავს საომარ პროცესებს უცხო ტერიტორიაზე.
ასეთი კერძო არმიები ემსახურებიან რუსულ სოლიდურ კომპანიებს, მათ შორის, „გაზპრომს“, „ტრანსნეფტს“, „როსნეფტს“, „რაოესს“ და სხვა. რა თქმა უნდა, ამგვარი კორპორატიული არმიის უკან ისევ და ისევ რუსეთის ხელისუფლება იდგება, მაგრამ ამ შენიღბული საქციელის გამო მათ ვერავინ გაკიცხავს. ბოლოს და ბოლოს, მსგავსი კერძო არმიები ამერიკასა და ინგლისშიც არსებობს. მათი მომზადების დონე საკმაოდ მაღალია. ისინი იცავენ დიპლომატებსა და ბიზნესმენებს მსოფლიოს ცხელ წერტილებში, როგორიცაა ერაყი, ავღანეთი, ბოსნია.
ამ მხრივ საკმაოდ ცნობილია Blackwater Worldwide-ი. სხვათა შორის, Blackwater Worldwide-ი, როგორც ამერიკული კერძო უსაფრთხოების სააგენტო, არაერთხელ გაეხვია სკანდალში. 2010 წელს მას 30 ფიქტიური ჰოლდინგური კომპანიისაგან ქსელის შექმნაში ადანაშაულებდნენ, რომლითაც „ბლეკვოთერი“ სახელმწიფო დაკვეთების მიღებას აპირებდა. მანამდე კომპანიას სასტიკი კრიტიკა დაატყდა თავს ერაყში მომხდარი სერიოზული ინციდენტის გამო. „ბლეკვოთერი“ შემჩნეული აღმოჩნდა სკანდალში, რომელიც უკავშირდებოდა მისი თანამშრომლების მიერ 17 ერაყელის მკვლელობას ბაღდადში.
რაც შეეხება რუსეთის დუმის მცდელობას, მიბაძოს ამერიკულ მოდელს, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 31 ივლისს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაგზავნილ კანონპროექტს მართლაც იხილავდა. ამ კანონს ჰქვია „კერძო სამხედრო კომპანიების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, რუსეთის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ კორპორაციებს მიეცათ საშუალება, იყოლიონ გასამხედროებული ფორმირებები და სპეციალიზირებული სპეცსამსახურები. ეს იქნება დაქირავებული მებრძოლების ვარიანტი, უბრალოდ, ამას კერძო კომპანიები მართავენ, ისევე, როგორც ამერიკელები იყენებენ კერძო კომპანიებს („ბლეკვოთერი“ და სხვა) ერაყში და სხვაგან იმ ოპერაციებში, სადაც სახელმწიფოს წარმომადგენლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
„რუსებმა ანალოგიური ვარიანტი გადმონერგეს. როგორც ჩანს, საშემოდგომო სესიაზე ამის განხილვა დაიწყო და, ალბათ, რუსები ამ კანონს მიიღებენ, მათ სჭირდებათ ეს კანონი, რომ დონეცკსა და ლუგანსკში როგორმე გაამართლონ საკუთარი მებრძოლების ყოფნა. ანუ კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას როგორც უშუალო საბრძოლო ოპერაციებში, ისე სახელმწიფო ობიექტების დაცვაში, რომელთა დაცვაც რეგულარულ შეიარაღებულ ფორმირებებს არ შეეძლებათ. მათ გამოიყენებენ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. რუსებს შეუძლიათ, სირიაში პირდაპირი ინტერვენცია გაამართლონ ამ კუთხით და რამდენიმე ობიექტის დაცვის მიზნით გადაისროლონ რუსული რეგულარული ფორმირებები, თანაც, გააფორმონ, თითქოს, ისინი კერძო კომპანიის თანამშრომლები არიან. მით უმეტეს, სირიაში რუსეთის სამხედრო ობიექტები არსებობს. შეიძლება, ავღანეთშიც გადაისროლონ ეს ძალები. ეს ახალი ფენომენია მეოთხე თაობის ომის პერიოდში და მათ უფრო ფართო ფუნქცია და თავისუფალი მანევრის საშუალება ექნებათ. სხვათა შორის, ჩინეთის კერძო სამხედრო კომპანიებიც მოქმედებენ აფრიკაში - სუდანში, სადაც ჩინეთს სტრატეგიული ინტერესი აქვს. ასევე, ამერიკის „ბლეკვოთერის“ კომპანია და სხვა კომპანიები იყენებენ ამ კერძო არმიებს სირიაში, ავღანეთში, ერაყი, ლიბიაში. ეს უკვე საერთაშორისო პრაქტიკა გახდა“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.
რაც შეეხება საქართველოს, ექპერტი ეჭვობს, რამდენად გამოიყენებენ ამას რუსები საქართველოში „რაოეს“-ის ობიექტების დასაცავად, მაგრამ ცხინვალსა და აფხაზეთში მისი გამოყენება სავსებით შეუძლიათ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ფეისბუქის“ გვერდზე აღნიშნულ თემას ეხმიანება. იგი წერს, „საინტერესო წასაკითხია, რუსეთის დუმაში რა კანონპროექტებს იხილავენ. მაგალითად, ახლა დაიწყეს რუსეთში კერძო ჯარის შექმნის შესახებ კანონპროექტის განხილვა. ეს რას ნიშნავს, კი გასაგებია“…
For.ge-სთან საუბარში დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ კერძო ჯარის და საკონტრაქტო ჯარის ტერმინოლოგია ერთმანეთისგან განსხვავდება. საკონტრაქტო ჯარი ეკუთვნის სახელმწიფოს, სადაც მოქალაქეები კონკრეტული ანაზღაურების საფუძველზე მსახურობენ, მისი მეთაური სახელმწიფოს პირველი პირია. ხოლო კერძო ჯარი არ ეკუთვნის სახელმწიფოს და მასში მსახურობს ხალხი კონკრეტული ანაზღურების გამო, ისინი ექვემდებარებიან კერძო სტრუქტურას. კერძო ჯარი პირდაპირ არ ასოცირდება მთავრობასა და სახელმწიფოსთან.
„კერძო ჯარის ტერმინი არსებობს მსოფლიოში, მსგავსი ჯარი ამერიკასაც აქვს, ადრე მას „ბლეკვოტერი“ ერქვა, ახლა „ექედემი“-ს ეძახიან, მაგრამ აქ არის წყალგამყოფი-აშშ-ს საქართველოს 20% არ აქვს ოკუპირებული და უკრაინელებს ბალისტიკურ რაკეტებს არ ესვრის. ამერიკული „ბლეკვოტერი“ გამჭვირვალე ორგანიზაციაა, ხოლო რუსეთის შემთხვევაში, სამიზნე იქნება უკრაინა, საქართველო და ნებისმიერი სხვა მეზობელი“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.