პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოების წინაშე განსხვავებულ ფორმატში წარდგა, მის გამოსვლას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მინისტრები, ჟურნალისტები. ორწლიანი ანგარიში ბევრმა დადებითად შეაფასა, ბევრმა - უარყოფითად. თუმცა ერთი რამ კი ფაქტია, რომ პრემიერს მოუხდა ბევრი იმ საკითხის წინა პლანზე წამოწევა, რაც ორი წლის მანძილზე მიჩქმალული იყო და საზოგადოებამ არ იცოდა ხელისუფლების გაკეთებული საქმეები, სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან უარი თქვა პიარზე, ეს იყო დიდი შეცდომა, რასაც დღეს აღიარებენ.
ექსპერტი მამუკა არეშიძე ჩვენთან ერთად შეაფასებს პრემიერ-მინისტრის ორწლიან ანგარიშს:
- სხვათა შორის, ხელისუფლება ნანობს, რომ უარი თქვა პიარკამპანიაზე, ამის გამოც მიიღო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს თავი კვლავ პრეზიდენტი ჰგონია და რევოლუციით იმუქრება.
- ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, როცა უარი თქვა პიარზე, საერთაშორისო ლობისტურ კომპანიაზე და მათ ჩათვალეს, რომ ამ საქმეს საელჩოები გაუძღვებოდნენ. ეს უნდა გაკეთდეს და ხარჯებიც უნდა იყოს გამჭვირვალე. თუ პიარკამპანია ორიენტირებული იქნება მხოლოდ მთავრობის პიარზე, მაშინ იგივე შედეგს მივიღებთ, რაც მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ". მაგრამ თუკი საერთაშორისო ლობისტები დაქირავებული იქნებიან იმ მიზნით, რომ მათ პიარკამპანია აწარმოონ საქართველოზე, მაშინ, აი, ეს იქნება გამართლებული და აუცილებლად გასაკეთებელია. საელჩოების იმედზე ამ საკითხის მიტოვება არანაირად არ შეიძლებოდა, რადგან საელჩოს ფუნქცია ეს არ არის მხოლოდ.
- პრემიერის ანგარიშში მთავარ მესიჯად ის იქცა, რომ ღარიბაშვილმა აფხაზ და ოს ხალხს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია და ევროპული პერსპექტივა შესთავაზა. რამდენად სწორი აქცენტი გააკეთა ღარიბაშვილმა?
- ეს თემა ახალი არ არის, ასეთი შეთავაზება ყველა ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა დოზით, მაგრამ დაახლოებით ასეთი პათოსით. საქმე ისაა, რა დევს ამ შეთავაზების უკან და მეორე, რა დროს არის ეს წინადადება შეთავაზებული. მე ვთვლი, რომ ღარიბაშვილის ეს შეთავაზება, რომელიც სიტუაციას რადიკალურად არ შეცვლის, შესაბამის დროს იყო გაკეთებული, როდესაც აფხაზებისთვის მძიმე დრო დადგა, ის ახალი ხელშეკრულების პროექტი, რაც რუსებმა აფხაზებს წარუდგინეს, აფხაზებისთვის ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი და შემაშფოთებელი, მოსახლეობაში იზრდება ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სერიოზულად შეშფოთდნენ ხვალინდელ დღეზე, აი, ამ საჭირო დროს გააკეთა ღარიბაშვილმა აფხაზებისთვის ეს შეთავაზება... მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები არავითარ ავტონომიაზე ჩვენთან ლაპარაკს არ დაიწყებენ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა იქითა მხარეს იმისთვის, რომ ეს გზავნილი სწორად იყოს გაგებული, რომელსაც დაახლოებით ასეთი შინაარსი აქვს, - ხომ ხედავთ, რუსები იმ სუვერენულ ნაწილსაც გართმევენ, რომელიც გაქვთ და ჩვენთან ერთად კი უფრო მოხერხებულად იცხოვრებთ თქვენი სუვერენიტეტის ფართო ფორმატში. ეს გზავნილი აუცილებლად დაილექება და სწორად იქნება შეფასებული. სხვათა შორის, მე უკვე მომწერა ერთმა ჩვენმა აფხაზმა კოლეგამ, ღარიბაშვილმა მიზანში გაარტყაო... არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, გარდა იმისა, რომ ეს იყო საჭირო და დროული გზავნილიც, თუმცა ასეთი ტიპის განცხადებას ხელისუფლების მხრიდან აფხაზები კარგა ხანია ელოდებიან. ახლა საჭიროა შემდეგი ნაბიჯები, უნდა ამუშავდეს მრავალარხიანი დიპლომატია, რომელმაც შეიძლება შედეგზე გაგვიყვანოს, მხოლოდ გზავნილებით შედეგს ვერ მივაღწევთ.
- საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლებში ახალმა ხელისუფლებამ საწყავი არხები და გზები რომ გაიყვანა, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. 39 სოფელში გაყვანილია სარწყავი წყალი, გაზიფიცირებულია 58 სოფელი, აშენებულია ამბულატორიები, 11 ათას ოჯახს გათბობისთვის 200-ლარიანი დახმარება აქვს მიღებული, სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს სტუდენტებმა, რომლებიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან არიან. ეს რომ მიშას გაეკეთებინა, თითოეულ სოფელს დაგვაზეპირებინებდა.
- სამწუხაროდ, სააკაშვილმა ჩვენი საზოგადოება მიაჩვია ხელისუფლების გაუთავებელ პიარს, მართალია, აქედან 80% ტყუილი იყო, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა იმის უნარი, ტყუილიც კი დაეჯერებინათ. დღევანდელი ხელისუფლება კი ამ საქმით აბსოლუტურად არ იყო დაკავებული, ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მათ არ სურთ პიარი, მეტიც, პიარს ისინი აღიქვამენ რეკლამად. რეკლამასა და პიარს შორის კი უზარმაზარი განსხვავებაა. პიარის არქონამ გააჩინა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ზღვარი, ხალხმა არ იცის, რას აკეთებს ხელისუფლება, ხელისუფლებას კი ჰგონია, რომ ხალხამდე ყველაფერი მიდის და ხალხი აღტაცებული უნდა იყოს მისი ქმედებით, მაგრამ ამის თაობაზე საზოგადოებამ არაფერი იცოდა, იმიტომ, რომ პრემიერის პიარსამსახური ამბის მიტანას საზოგადოებამდე ვერ ახერხებს.
- ღარიბაშვილის თქმით, 20 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა სიკვდილიანობა და დაფიქსირდა პენსიონერთა რიცხვის ზრდა, რადგან სახელმწიფო ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზეო. აშენდა 82 ამბულატორია და 90%-ით გაიზარდა სოფლის ექიმისა და ექთნის ხელფასი... პრემიერის განცხადება გადაჭარბებულია, თუ ეს რეალობას ასახავს?
- ხშირ შემთხვევაში, ვირტუალურად ზრუნავენ ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვინაიდან ვიმეორებ, ამ ადამიანებმა არ იციან, რა ეკუთვნით, ხომ უნდა გამოვიდნენ და თქვან, რა უფლებებით სარგებლობენ პაციენტები? ამათ შეაკეთეს კონფლიქტის რეგიონებში არსებული ამბულატორიები, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა, რატომ არც ერთხელ არ გვაჩვენეს ტელევიზიით? ეს მე ნამდვილად ვიცი, რომ გააკეთეს, მაგრამ მარტო მე რომ ვიცი და ვლაპარაკობ ამ თემაზე, ეს არაფერს ნიშნავს. გადავირიე ამ ხელისუფლების შემხედვარე, აკეთებენ, არ ლაპარაკობენ და მერე სწყინთ, ტელევიზიები რატომ არ გვაშუქებენო. სამი წლის განმავლობაში აფხაზეთიდან ათასამდე პაციენტი გადმოვიდა თბილისში სამკურნალოდ. ამ ხელისუფლებამ ორი სასწრაფო დახმარების მანქანა ამ ზაფხულს გადასცა აფხაზეთს, ამ მანქანების ფასი არის 120 ათასი ლარი, აღჭურვილია ბოლო ტექნოლოგიებით. თქვე დალოცვილებო, ხომ უნდა გამოხვიდეთ, გააპიაროთ, ხალხს გააგებინოთ, რას აკეთებთ აფხაზებისთვის... ეს რომ სააკაშვილს გაეკეთებინა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავს ატეხდა?..
- ღარიბაშვილმა განაცხადა, - პოლიციელების დამსახურებაა ის, რომ საქართველო არაერთხელ მოხვდა უსაფრთხო ქვეყნების რიგშიო. რა იგულისხმა პრემიერმა ამ განცხადებაში.
- კრიმინალური სურათის თვალსაზრისით, არ შეიძლება ადამიანი იყო კმაყოფილი, მაგრამ ნახეთ, რა მოხდა აბსოლუტურად უსაფრთხო ქვეყანაში, როგორიც არის კანადა, პარლამენტში შევარდა ტერორისტი. მე მინდა, რომ შევედარო კარგ ქვეყნებს, დანიას, შვედეთს, შვეიცარიას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიციას ამის გამო მადლობელი გადავუხადო, ამას წინათ, ოთხი ყოფილი პოლიციელი დააკავეს ბავშვის გატაცების გამო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არსებობს მე-5 კოლონა, ვგრძნობ, რომ შესაბამის დავალებებს აძლევენ ისინი რიგით პოლიციელებს, რომ რაც შეიძლება მკაცრად გაუსწორდნენ უბრალო ადამიანებს. ვიღაც მართავს სიტუაციას სათავისოდ იმისთვის, რომ ხალხი გააღიზიანოს და აამხედროს ხელისუფლების წინააღმდეგ. მე-5 კოლონა აღმოსაფხვრელია, ამას მე უკვე დიდი ხანია ვლაპარაკობ, კრიმინალური მდგომარეობა ხელიდან არ უნდა დაუსხლტეთ, ზოგ შემთხვევაში შეიმჩნევა, რომ აქა-იქ პროცესები ხელიდან სხლტება. მკვლელობები და თავდასხმები, სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ არ მინდა, რომ ამას ჩვენს ქვეყანაში სისტემატური ხასიათი ჰქონდეს და ამიტომ, პოლიცია უფრო მეტად ორიენტირებული უნდა იყოს ამ პრობლემაზე და რაც შეიძლება მეტი პრევენცია გაატაროს. ზოგ შემთხვევაში, ხელოვნურად მართული სიტუაციაა, რომ დაიძაბოს კრიმინალური ფონი, მაგრამ საბოლოო ჯამში უარყოფით სურათს ვიღებთ.
- ღარიბაშვილის გამოსვლაში იყო ნათქვამი, რომ ჩვენ სააკაშვილს კომფორტი დავურღვიეთ, კიდევ უფრო მეტად დავურღვევთ ამ კომფორტს. მართალია, ის საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილმა 600 მილიონი დოლარი გადაიხადა საკუთარი სასახლის მოსაწყობად, მაშინ, როცა მას შეეძლო, ეს ფული ხალხისთვის მოეხმარებინა, მაგრამ ღარიბაშვილის ნათქვამის ქვეტექსტი რა არის? სახელმწიფო სამართლიანობის აღდგენის პროცესში თანმიმდევრული არ არის, შეძლებენ სააკაშვილის დაკავებას, რომელიც ღიად აანონსებს რევოლუციას?
- რასაკვირველია, ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის პროცესში არ არის თანმიმდევრული, ხანდახან ბავშვურიც კი არის ჩვენი ხელისუფლება ამ თვალსაზრისით, როცა იცი, რომ დღეს სახელმწიფოში არსებობს ბიზნესები, საიდანაც კეზერაშვილს შესდის ფული, იქ რომელ კომფორტის დარღვევაზეა ლაპარაკი, ეს ხომ ხალხმა იცის? თქვენმა გაზეთმა ორშაბათის "ქრონიკაში" გამოაქვეყნა იმ ფირმების სია, რომელიც დღესაც კეზერაშვილზე მუშაობს. ხალხი მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია და როცა ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობს, ხალხს ეცინება. წართმეული ფულით შექმნილი ბიზნესების მუშაობა უნდა მოშალო პირველ რიგში, როცა ამას არ აკეთებ, სააკაშვილისთვის რომელი კომფორტის დარღვევაზეა ლაპარაკი, გადასარევად, კომფორტულად გრძნობს თავს, ხან თურქეთიდან მოადგება საქართველოს და ხან აზერბაიჯანიდან, სადაც ხვდება თავის თანამოაზრეებს, ამდენ მოგზაურობას ხომ სჭირდება ფული?.. ჩათვალეთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ხელით ფინანსდება მათი ვოიაჟები აქეთ-იქით... ეს რევოლუციაც ამ ფულით დაფინანსდება, მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ვერ მიიღებს დასავლეთიდან დაფინანსებას, ეს ფული ისევ საქართველოდან წავა. ამას ემატება ის ფული, რომელიც კეზერაშვილისა და სხვების მიერ სხვა ქვეყნებში, მაგალითად ალბანეთში, შექმნილი ბიზნესიდან წამოვა. მაგრამ ძირითადად, ეს საქართველოდან წასული ფულია. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ხელისუფლების უზენაესი წარმომადგენელი გამოვიდეს და თქვას, რომ ის სტატია, რომელიც გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნდა, არის ტყუილი. კეზერაშვილისა და დანარჩენი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ზოგიერთი ბიზნესი გადაფორმებულია ადამიანებზე, რომლებიც ახლო ურთიერთობებში არიან ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან, ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ეს ადამიანები ითვლებიან დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთ პირთან ძალიან დაახლოებულ ადამიანებად. ამიტომ იმ ბიზნესებში არ ჩანს, რომ ეს არის უშუალოდ კეზერაშვილის, ან "ნაცმოძრაობის" სხვა რომელიმე წარმომადგენლის კუთვნილება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ წილი მათთან მიდის?
- დაბოლოს, ფიქრობ თუ არა, რომ ღარიბაშვილის ამ გამოსვლას ექნება დინამიკური გაგრძელება და ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ შედეგს?
- საბოლოო რეზიუმე არის ის, რომ პრემიერის ეს გამოსვლა იყო საჭირო, მინდა ვიფიქრო, რომ ხალხთან კომუნიკაციის მიდგომა შეიცვალა, მინდა ასე ვიფიქრო, რომ ხვალიდან დაიწყება ახალი მიდგომები და ხალხი უფრო ინფორმირებული გახდება, რა გააკეთა ხელისუფლებამ და რა ეკუთვნის ხალხს... აქვე გეტყვით, რომ დღეს გაიმართება უშიშროების საბჭო, რომელსაც დაესწრება პრემიერ-მინისტრი, ეს არის ძალიან კარგი ფაქტი, ხომ უნდა დასრულდეს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება, ხალხი დეზორიენტირებულია, ჩვეულებრივი მოქალაქე ფიქრობს, რა მოუვიდათ ამ ადამიანებს, რატომ არიან დაპირისპირებულები, რატომ ასხამენ მტრის წისქვილზე წყალს? კინკლაობის ნაცვლად ხელისუფლებას ურჩევნია, სამართლიანობის აღდგენის პროცესში იყოს თანმიმდევრული და ახსოვდეს, რომ ხალხი არასოდეს აპატიებს, არ დაისაჯოს ის პირები, ვინც ამდენ უბედურებაში ამყოფა ეს ხალხი. ხალხი მადლობას იტყვის, მაგრამ აუცილებლად მოსთხოვს პასუხს სამართლიანობის აღდგენაზე.