მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოწვეულ რიგით მეორე უშიშროების სხდომას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხზე სამსჯელოდ საბჭო პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ადმინისტრაციულ შენობაში შეიკრიბა და მას ქვეყნისა და მთავრობის მეთაურების გარდა უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები და მოწვეული სტუმრებიც შეუერთდნენ.
მრგვალი მაგიდის გარშემო შემომსხდარ 9-წევრს შორის იყვნენ: უშიშროების საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. საკანონმდებლო ორგანოს კი დეპუტატები - ირაკლი სესიაშვილი, თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე წარმოადგენდნენ.
ავლაბრის სასახლეში სტუმრად მისულ ირაკლი ღარიბაშვილს მასპინძელი მარგველაშვილი ეზოში მიეგება და თბილად მიესალმა. „სტუმარ-მასპინძლის“ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის დასრულებამდე გამოაქვეყნა, რომელიც სააგენტოებსა და სოციალურ ქსელებში ასევე ოპერატიულად გავრცელდა.
შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა და პრემიერმა მედიასთან კომენტარი ერთობლივად გააკეთეს.
„ჩვენ შევხვდით ძალიან მტკივნეულ და ურთულეს თემაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთსა და ოსეთში ცხოვრობენ. განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია აფხაზეთთან დასადებ ხელშეკრულებასთან მიმართებაში. განვიხილეთ მიმდინარე ქმედებები, გავაანალიზეთ ვითარება, ის, თუ რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე და მომავალში რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე გავნიხილეთ ნაბიჯები, რასაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა.
პრემიერ-მინისტრმა კი საუბრისას ყურადღება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის არსებულ თანხმობაზე გაამახვილა და განმარტა, რომ მოქმედ ხელისუფლებაში შეუთანხმებელი საკითხები არ არსებობს.
„კარგი საუბარი გამოგვივიდა, კარგი მსჯელობა გვქონდა. ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას. დღეს გამოვაჩინეთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა და დღეს ამის ნათელი დემონსტრირება მოხდა. არ არსებობს საკითხი, რომელზეც ჩვენ ვერ ვთანხმდებით. რა თქმა უნდა, ეს ის საკითხია, რომელზეც პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი – ყველანი ვართ ერთსულოვანნი და ვიქნებით ასეც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას, თუ საჭირო იქნება, მომავალშიც დაესწრება.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განმარტებით, შეხვედრაზე მთავარი საკითხის - აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებული ე.წ. მოკავშირეობის დოკუმენტის გარდა საუბარი შეეხო აფხაზებისა და ოსებისადმი პრემიერ-მინისტრის შეთავაზებასაც.
„პრემიერის შეთავაზებაზე იყო მსჯელობა, ასევე საუბარი გაიმართა ძალიან ბევრ საინტერესო იდეაზე. ჩვენ ამ საკითხებზე მსჯელობას გავაგრძელებთ და ისევ შევხვდებით“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა დიპლომატმა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ანექსიის მცდელობაზე ყოველთის სათანადო რეაქცია ექნება, პრემიერის მიერ აფხაზებისთის შეთავაზებული წინადადება კი აფხაზი და ოსი თანამოქალაეებისთვის საქართველოში მოსალოდნელი სიკეთეების ერთგვარი გაზიარებაა.
„ეს არ არის ახალი და უცბად მოფიქრებული იდეა, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ ორი წელი და მუდმივად ვუგზავნით აფხაზებსა და ოსებს გზავნილს, რომ ჩვენ გვინდა ერთად ცხოვრება, გვინდა, მათ ჰქონდეთ განვითარების ისეთივე საშუალება, როგორიც გვაქვს ჩვენ. გვინდა, რომ მათაც ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც საქართველო ელის მომავალი წლების განმავლობაში ევროპაში ინტეგრაციის გზით“,- აცხადებს მაია ფანჯიკიძე.
პრემიერის მიერ შეთავაზებული ავტონომიის საკითხს ერთგვარდ აკონკრეტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი განმარტებით, ღარიბაშვილი 27 ოქტომბერს, საკუთარი ანგარიშის დროს ევროპული კონტექსისა და პერსპექტივების ავტონომიაზე საუბრობდა.
„ჩვენ დღეს კონსტიტუციაში გვიწერია „ავტონომიური რესპუბლიკა“, რაც, თავისთავად უცნაურია, იმიტომ რომ, 1995 წელს, როდესაც კონსტიტუცია მივიღეთ აფხაზეთი უკვე ცალკე იყო - სახელწოდება „აფხაზეთი“ უკვე ყოველგვარი ავტონომიის გარეშე იყო. 2006-2007 წელს სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეიცვალა კონსტიტუცია და ჩაიწერა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“. ჩვენ ვალდებულები ვართ, ვემორჩილებოდეთ კონსტიტუციას და ამ ტერმინებით ვისაუბროთ. ამიტომ, პრემიერმა თქვა, რომ იყო ავტონომია და იქნება ევროპული ავტონომია, ანუ ევროპული ხედვებით, კონტექსტით, ფორმატით, როგორც ეკადრება და ღირსია ევროპული სახელმწიფო. „ავტონომია“ ფართო ცნებაა და ევროპაში ავტონომიის უამრავი ფორმა არსებობს. შესაბამისად, ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ წუთში რომელიმე ფორმაზე, პრემიერის მთავარი მესიჯი არის ის, რომ ერთად დავილაპარაკოთ, რა ფორმაზე შეიძლება იყოს საუბარი. ოღონდ, ეს უნდა იყოს ევროპული კონტექსტიდან გამომდინარე და არა იმ ფორმით, რაც უკვე იყო, ან - ქაღალდზე გვიწერია“,- აცხადებს ზაქარეიშვილი.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უშიშროების საბჭოს ფორმატში გამართულ შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება პირველივე დღიდან მუშაობს, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება და მზაკვრულ გეგმის ჩაშლა, რაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
„მთავარია ის, რომ, ჩვენი დები და ძმები ძალიან კარგად ხედავენ ერთ რამეს – მათი ე.წ. დამოუკიდებლობა არის ფარსი და რეალურად რუსეთს სურს აფხაზეთი გადააქციოს გარკვეულ პროვინციად. ჩვენ რა თქმა უნდა, დავიცავთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს და მაქსიმალურად შევთავაზებთ ყველა იმ სიკეთეს, რითაც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს სესიაშვილი და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის შემდეგ მსგავსი ტიპის გართულებები ცხინვალშიც არის მოსალოდნელი.
უშიშროების საბჭოს სხდომის უშუალო შედეგი სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებებია, კერძოდ, საერთაშორისო ფორმატებში აფხაზეთის საკითხის დასმა და ამ თემის ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება.
რაც შეეხება აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებულ ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას“, თავადაპირველი გეგმის თანახმად, დე-ფაქტო პარლამენტს 27 ოქტომბერს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, დოკუმენტის მიღება გადაიდო.
კრემლის მიერ მომზადებული, 25 მუხლისგან შემდგარი პროექტი აფხაზეთის სამართალდამცავი, საბაჟო და საგადასახადო სისტემების რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, რუსეთი იღებს სამხედრო ვალდებულებას, რომ აფხაზეთზე თავდასხმა იქნება რუსეთზე თავდასხმა, თავად აფხაზეთის ჯარი კი სტრუქტურულად, ინფრასტრუქტურულად და სამართლებრივად რუსული სისტემით მოეწყობა.