პერსონალურ მონაცემებზე წვდომის „გასაღები“ ექვსი თვე ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, რაც მმართველ გუნდში უთანხმოების მიზეზია. „თავისუფალი-დემოკრატები“ და ანი მიროტაძე დეპუტატ შალვა შავგულიძის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას უპირისპირდებიან და იმუქრებიან, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.
ვიცე-სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ და ანი მიროტაძემ საკუთარი მუქარა სისრულეში დღეს, იურიდიულ საკითხა კომიტეტის სხდომაზეც მოიყვანეს, სადაც მათ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულ იმ ცვლილებას არ დაუჭირეს მხარი, რომლის მიხედვით, ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების ვადის 2015 წლის 1-ელ აპრილამდე გადავადება ხდება.
შავგულიძის ინიციატივის თანახმად, 2015 წლის 1-ელ აპრილამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტს უფლება აქვს, ჰქონდეს კავშირგამბულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგამბულობის ქსელებიდან და კავშირგაბულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნუკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა.
აღნიშნული იდეის წინააღმდეგ უმრავლესობის წევრების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც გამოდიან.
for.ge-სთან საუბარში გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ ზოგჯერ, შეიძლება პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ეთანხმებოდეს.
„ზოგჯერ, შეიძლება, პარლამენტი აღმასრულებენ ხელისუფლებას არ ეთანხმებოდეს. თან, რას ვამბობთ, ევროპული სტანდარტები დავნერგოთ-თქო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი სურს, წინა საუკუნეში დარჩეს. ჩვენ განვითარება გვინდა, მათ ეს არ ესმით და კედელი ააშენეს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამ კედელს დაანგრევს, რაც დემოკრატიული პროცესი იქნება. მესმის, რომ მთავრობას ძლიერი პოზიცია აქვს, მაგრამ პრინციპული საკითხები არსებობს, სადაც წითელი ხაზები გადის. როცა საკითხი მილიონ ადამიანს ეხება, ეს წითელი ხაზია და დეპუტატები პრინციპულები უნდა იყვნენ და იმას არ უნდა ელოდებოდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან რას ეტყვიან“, - აცხადებს ტუღუში.
ტუღუში მიიჩნევს, რომ ვადების გადაწევა არ უნდა მოხდეს, რადგან ვადების გადატანით დროის გაჭიმვა ხდება.
„ამ საკითხზე შს სამინისტროსთან შეთანხმება არ შედგება და ეს არც ერთ თვეში და არც ხუთ თვეში არ მოხდება. მაშინ, ეს პროცესი კიდევ ხუთი თვით გადავდოთ და ასე ვიაროთ. რაც დრო გავა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მით უფრო გართულდება“, - აღნიშნავს ტუღუში, რომლის მსგავსად შავგულიძის ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის „საერთაშორისო გამჭირვალეობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი.
ეკა გიგაური პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს.
„საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვთ, რომ მან მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი გამოიყენოს იმისთვის, რომ ამ პროექტის გადავადება არ მოხდეს“, - ამბობს გიგაური.
გიგაური მიიჩნევს, რომ ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არ უნდა იყოს, რადგან ძალოვან უწყებას დღეს, 25 ათასი ადამიანის მოსმენის საშუალება არ უნდა ჰქონდეს.
„დეპუტატებს ვთხოვთ, რომ იმ გადაწყვეტილებაზე დაფიქრდნენ, თუ რას იღებს პარლამენტი. ისინი უნდა დაფიქრდნენ, საზოგადოების ინტერესებს და დემოკრატიულ პრინციპებს რამდენად ითვალისწინებენ. ქვეყანა მზად არის, დემოკრატიული მმართველობის სისტემა ყველა მიმართულებით დაიგენერგოს“, - დასძენს გიგაური, რომლის მსგავსად, ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან „თავისუფალი-დემოკრატები“.
for.ge-სთან საუბარში ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, რომ შავგულიძის პატივისცემის მიუხედავად, მათი ფრაქცია ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.
„ვადის გადავადებას მხარს არ დავუჭერთ. კანონპროექტი რთულ საკითხებს ითვალისწინებს და ეს გასაგებია, მაგრამ ყველას უფრო მეტად სერიოზულად უნდა გვემუშავა. გადავადებებით პრობლემა არ იხსნება“, - დასძენს აბაშიძე, რომლის მსგავს პოზიციაზეა „ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე.
for.ge-სთან საუბარში მიროტაძე ამბობს, რომ ის კანონპროექტით გათვალისწინებული ვადის გადადებას მხარს არც პლენარულ სხდომაზე დაუჭერს.
არასამთავრობო ორგანიზაციების თუ საკუთარი თანაგუნდელების კრიტიკის საპასუხოდ, შალვა შავგულიძე პროექტის მომზადების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ „გასაღებთან“ დაკავშირებით სრულყოფილი და დაბალანსებული კანონის მისაღებად 1-ელ ნოემბრამდე დათქმული ვადა არასაკმარისი აღმოჩნდა.
დეპუტატის თქმით, ის, რომ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პროექტი ამ დრომდე მიღებული არ არის, ეს არავის ბრალი არ არის.
„მხარდაჭერილია ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, მაგრამ ეს საკანონმდებლო ინიციატივისთვის საკმარისი არ არის. რამდენიმე ვარიანტი არსებობს. გასათვალისწინებელია, ფინანსური და ტექნოლოგიური საკითხები. აქედან გამომდინარე, საკითხი მარტივია, 1-ელ ნოემბრამდე დათქმული ვადა საკმარისი სრულყოფილი და ბალანსირებული კანონის მიღებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა“, - განმარტავს შავგულიძე, რომელიც ვახტანგ ხმალაძესთან ერთად დღეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.
ამ საკითხზე ქვეყნის პირველ პირს საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია, მაგრამ მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ თუ აუცილებლობა მოითხოვს, კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხი განხილული იქნება.
„ჯერ არ მიღებულ კანონზე ვეტოს დადებაზე საუბარი, უხერხულია“, - დასძინა კვერენჩხილაძემ.
აღსანიშნავია, რომ საკითხს ეხმაურება სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც.
ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტის მოცემული სახით მიღება არ დაუშვას და სამუშაო ჯგუფის საქმიანობა გაააქტიუროს.
ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. „გასაღები“ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არ უნდა იყოს.
„პროცესის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან კოლეგიური ორგანო არსებობდეს, რომელიც კომუნიკაციის სფეროში ინფორმაციის დაცულობის ხარისხზე კონტროლს უზრუნველყოფს“, - მიიჩნევს ომბუდსმენი.
„თავისუფალ-დემოკრატებს“ მიბაძავენ თუ არა უმრავლესობის სხვა წევრები და კანონპროექტს მიიღებს თუ არა პარლამენტი, ეს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი, სადაც ცვლილებას დეპუტატები ერთი მოსმენით დაამტკიცებენ, რადგან საკითხი მხოლოდ ვადებს ეხება.
შეგახსენებთ, რომ ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხზე, პარლამენტმა კანონპროექტი აგვისტოში მიიღო და მუხლი ღია დატოვა, კომუნიკაციის საშუალებებით განხორციელებულ მონაცემებზე წვდომა თუ ვის უნდა ჰქონდეს - შს სამინისტროს თუ მობილურ ოპერატორებს. აგვისტოში დათქმა გაკეთდა, რომ ამ საკითხზე დეპუტატებს 1-ელ ნოემბრამდე უნდა ემსჯელათ და ამ მიზნით, სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა.