საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ირაკლი ალასანიამ გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 31-ე კონფერენცია წელს საფრანგეთში ტარდება და მას თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ-ლე დრიანი მასპინძლობს. ფორუმის მთავარი თემებია ყირიმში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევები და კიბერუსაფრთოების საკითხები.
კონფერენციის პირველი პანელი რუსეთის აგრესიის შედეგად ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი კრიზისის განხილვას დაეთმო. საქართველოს თავდაცვის მინისტრის საუბრის თემა იყო „ევროპის დაცვა რუსეთის სამხედრო ავანტიურისგან“. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ალასანიამ განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე გააკეთა. მან უსაფრთხოების ცვალებად გარემოსა და რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კვლევითი ინსტიტუტი (IHEDN) და სტრატეგიული კვლევების ცენტრი (CSDR). კონფერენციაში მონაწილეობენ ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, მთავრობის ხელმძღვანელი პირები, სამხედრო მაღალჩინოსნები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, აკადემიური წრეების და სამრეწველო სფეროს წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია სამუშაო შეხვედრას გამართავს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან ჟან-ივ-ლე დრიანთან. ასევე, დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრები.