15 ნოემბრისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აანონსებს. მიზეზი არც ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაა, არც ბაჩო ახალაიას დატუსაღება, არც „ახალი ეროვნული მოძრაობის“ ჩამოყალიბებით სპეკულირება... ნაციონალები საპროტესტო აქციას აფხაზეთის ოკუპაცია-ანექსიას და ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების „კაპიტულანტურ პოლიტიკას“ უძღვნიან.
საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ამ თემით აპელირება ცინიზმად აღიქმება ნაციონალებისგან, რომლებმაც „სინდისთან ერთად“, კოდორის ხეობაც დაკარგეს, ცხინვალის რეგიონის სოფლებიც მოწყვიტეს დედასამშობლოს და ვირტუალურ აფხაზეთშიც „დაგვაბრუნეს“.
ამის მიუხედავად, ნაცმოძრაობა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების დაწყებას გეგმავს. ისინი ამბობენ, რომ კონსულტაციას გამართავენ ყველასთან, ვისაც ესმის აფხაზეთის მიმართულებით შექმნილი ვითარების მასშტაბი. ისინი იწვევენ ყველა ოპოზიცურ ძალას, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას და თითოეულ მოქალაქეს.
კონკრეტულად, ვისთან მართავს კონსულტაციებს, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი წევრი სერგო რატიანი For.ge-სთან საუბარში არ აკონკრეტებს. ის აცხადებს, რომ ამჯერად თავს შიკავებს იმის გამხელისგან, თუ ვინ არიან მათი მოკავშირეები, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეუძლია გვითხრას, რომ ეს რამდენიმე ძალაა და ნაცმოძრაობაც კონსულტაციებს ბევრი მიმართულებით გამართავს.
„ვერ ვიტყვი, რამდენ ადამიანს ველი აქციაზე, ეს უნდა იყოს ბევრი ადამიანი, რადგან პრობლემა სერიოზულია. რუსეთი გადავიდა აგრესიის სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც ეწოდება დე ფაქტო ოკუპაციის იურიდიული გაფორმება“, - გვითხრა სერგო რატიანმა.
რაც შეეხება საზოგადოების კონტრარგუმენტს, რომ ნაციონალებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართონ აქციები, რადგან სწორედ მათ დროს დაიკარგა სამაჩაბლო და კოდორის ხეობა, სერგო რატიანი პასუხობს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ მეხსიერება და არ იციან, როდის შეიქმნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები. მისი თქმით, იქ იყო ფართომასშტაბიანი აგრესია და დღეს ყირიმისა და უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოს ყოფილი მთავრობის დადანაშაულება არა მხოლოდ უზნეობის გამოხატულებაა, არამედ ინტელექტუალობის, უმწიფრობის პრობლემაა.
მეტიც, სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ შიდა ომი შეაჩერა ნაცმოძრაობის მთავრობამ, განსხვავებით უკრაინისგან, სადაც ქვეყნის შიგნით ბოგინობს რუსეთი და გაჩაღებულია შიდა ომი.
ექნებათ თუ არა ნაციონალებს მცდელობა, 15 ნოემბრის აქცია დესტაბილიზაციაში გადაზარდონ? ამის შესახებ სერგო რატიანი აცხადებს, რომ, თუ დემოკრატიულ სახელმწიფოში ნებისმიერი აქცია ან დემონსტრაცია არეულობასთან აქვს გაიგივებული მთავრობას, მაშინ ეს მეტყველებს, რომ მათ ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება სურთ.
„ჩვენ ჩაგვიტარებია აქციები, ჩვენი ყველა აქცია უსაფრთხოა და დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა სტანდარტის დაცვით ტარდება. თუ რამე საფრთხე ექმნება ჩვენს მოძრაობას, ყოველთვის ექმნება მთავრობის მხრიდან“.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიაჩნევს, რომ აფხაზეთის საბაბით გამართული საპროტესტო აქცია ამორფული მიზეზია და ნაცმოძრაობა თავად ამ ოკუპაციის იდეის დისკრედიტაციას ახდენს სრულიად გაუგებარ მოტივებზე აგებული აქციით. არჩილ გამზარდიას თქმით, კონკრეტულად ეს აქცია უშუალოდ ნაცმოძრაობის იმიჯმეიკინგს ეხება და აქ არაფერ შუაში არ არის მაღალი იდეალები. დღემდე ნაცმოძრაობის აქციებში კარგად ჩანდა ვიწრო პარტიული ინტერესი, რაც საზოგადოებრივ პოზიციად ვერ განიხილებოდა. ახლა კი ისინი ცდილობენ, კონსულტაციები გამართონ და მოიპოვონ ისეთი კატეგორიის მხარდაჭერა, რომელიც მათი ხელისუფლების დროს ისედაც მათთან ასოცირდებოდა. ესენი იყვნენ ბაჩუკი ქარდავა, პაატა დავითაია...
„ახლაც ეს ძალები დადგებიან ნაცმოძრაობის გვერდით. ნაცმოძრაობა დაინტერესებულია, მათ ოპოზიციური შეფერილობა მისცეს. ადამიანები, რომლებიც აქ მივლენ და იდეას დაუჭერენ მხარს, ამავდროულად, ხელს შეუწყობენ ნაციონალური პარტიის იმიჯმეიკინგს. აფხაზეთი მტკივნეული თემაა, რომლის მიმართაც სულისმიერი დამოკიდებულება გვაქვს. ეს ისეთი თემაა, სადაც, საბოლოო ჯამში, ყოფილი ხელისუფლების შეცდომებს მაინც ვზოგავთ. ამიტომ ეს თემა მანიპულირების კარგი საშუალებაა. ზუსტად ამიტომ გამოიტანეს ეს თემა ღონისძიებისთვის. რატომ არ ატარებენ ამ აქციას ე.წ. საზღვარზე-ზუგდიდში? ეს გადმოტანილია რუსთაველზე, რომ გამოიყენონ ადამიანები, რომლებსაც აფხაზეთი ტკივათ. ამით ნაციონალები ცდილობენ, საკუთარი პარტიული ინტერესები გამოხატონ. თუმცა არეულობის საფუძველს ამ დროისთვის ვერ ვხედავ, რადგან არ არსებობს ისეთი მოცემულობა, რომლის ფარლებშიც არეულობისთვის დინამიკა მიეცემათ, მაგრამ ზოგჯერ მათ შეუძლიათ, ხელოვნურად დაძაბონ მოვლენები. რამდენჯერმე სცადა ნაცმოძრაობამ მსგავსი რამ იმავე სასამართლოებთან, მაგრამ უფრო ცუდი უკუკავშირი მიიღეს და გაჩერდნენ. რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, პროცესი დესტრუქციისკენ წაიყვანონ, რადგან მომავალ არჩევნებზე წარმატებულად ვერ გამოვლენ“, - აცხადებს არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, რომ ნაცმოძრაობა ახალგაზრდების მობილიზებას საკმაოდ დიდი ხანია ახდენს და შედარებით უცხო სახეებს ეპატიჟება. მათი ინტერესის არეალის პირველი ტიპი არის არასამთავრობო აქტივობები, ხოლო მეორე ტიპი - წმინდა წყლის პარტიული აქტივობები.
„თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი For.ge-სთან საუბარში ნაცმოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს იხსენებს. მას აინტერესებს, ვინ ჩააბარა რუსეთს კოდორი და ვინ წამოსწია საზღვარი გორთან?
„ახლა იძახიან, აფხაზეთი და ცხინვალი პრობლემა ისედაც იყოო, მაგრამ ცხინვალიდან უფრო ახლოს არიან რუსები გადმოსულნი, ისინი ახალგორში არიან განლაგებულნი. პროვოკაციულად კოდორს რომ დაარქვა ზემო აფხაზეთი, ეს ნაღმი სააკაშვილმა მოსვლისთანავე ჩადო. ეს იყო ერთი დიდი გეგმის პატარა ნაწილი, როგორც თავის დროზე გადაეცა აფხაზეთი და ცხინვალის ზემოთა ნაწილი რუსეთს. რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც აპირებენ ნაციონალებთან ურთიერთობას, მე ასეთ „ოპოზიციად“ მოვიაზრებ ბაჩუკი ქარდავას, პაატა დავითაიას, ერთკაციან პარტიებს, რომლებიც ნაციონალების დაფინანსებით არსებობდნენ. არ არის გამორიცხული, „მემარჯვენეებიც“ ვიხილოთ მათთან ერთად, რადგან ამ ბოლო დროს, მამუკა კაციტაძის ინტერვიუები არ მომეწონა, ბოლო არჩევნებზე ცხადი იყო მათი პოზიცია. შედარებით მსხვილ პარტიებს გამოვრიცხავ. საქართველოში ნორმალური ადამიანი არ მეგულება, რომელიც კრიმინალ ნაციონალებს დაუდგება გვერდში. ამ ორგანიზაციამ ცხრა წლის განმავლობაში ერი, პრაქტიკულად, დააბეჩავა. არა მგონია, ბურჯანაძე, ნათელაშვილი, ირმა ინაშვილი მათ გვერდით აღმოჩნდნენ“, - აცხადებს ლადო სადღობელაშვილი.
ამასთან, იგი ნაციონალების მხრიდან სიტუაციის გართულებას 23 ნოემბრისთვის, მათი „საკრალური“ თარიღისთვის ელის, რომელიც მათ რევოლუციას ემთხვევა. სწორედ ამით ხსნის, რომ ნაციონალებმა მაინცდამაინც არაფრისმთქმელი თარიღი-15 ნოემბერი შეარჩიეს საპროტესტო აქციისთვის. ამიტომ ნაციონალებს ზუსტად ერთი კვირა-15-დან 23-მდე აქვთ დრო, რომ 23-ში უკვე დიდი მასშტაბური აქცია მოაწყონ.
„თქვენი გამოცემის მეშვეობით ვამბობ, 15-დან 23-მდე, ამ ერთი კვირის განმავლობაში ნაციონალები შეეცდებიან, მაქსიმალურად დაძაბონ სიტუაცია, წვრილმანი კრიმინალური ქმედებებით აწიონ ტემპერატურა საქართველოში. უამრავი კრიმინალია მათ მიერ დაქვემდებარებული, ერთი თვის განმავლობაში სამი „ზონელი“ გასამართლდა ჟურნალისტის ცემის ფაქტზე. ნაციონალების პარალელურად, კონტრაქციას არ ვგეგმავთ, რადგან ამ დამნაშავე ორგანიზაციასაც უნდა მივცეთ უფლება, აზრი თავისუფლად გამოხატოს. თუმცა აფხაზეთისა და კოდორის თემატიკაზე აქციის მოწყობა ჩვენც გვაქვს განზრახული“.