„სად ვართ და რა გვინდა?“

„სად ვართ და რა გვინდა?“

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ ჩირიკბა თვლის, რომ აფხაზეთისა და რუსეთისთვის სამხრეთის ფლანგი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ერთობლივად უნდა იმოქმედონ, რადგან საქართველო აპირებს ნატოში შესვლას, აშშ კი აქტიურად ლობირებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. მისი თქმით, ეს იქნება აფხაზეთისა და რუსეთისთვის პირდაპირი საფრთხე და ამით აიხსნება ახალი შეთანხმება.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებაში არის ფრთა, რომელიც პროდავლურად არის განწყობილი და ფიქრობენ, რომ აფხაზეთის გადარჩენა არის ევროპაში, მაგრამ მათთან მოქმედების არეალი ძალიან შეზღუდულია.

for.ge თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

სეპარატისტული რეჟიმის საგარეო საქმერთა მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოს აგრესიული პოლიტიკით არის განპირობებული. ხელისუფლების ქმედებაში იკითხება აგერსული პოლიტიკა კონფლიქტებთან მიმართებაში?

- ჩირიკბას განცხადება, რომ თითქოს, საქართველომ აიძულა ისინი ხელი მოაწერონ ამ პროექტს, ეს არის დიდი სისულელე. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, რაც იქ რუსული სამხედრო ბაზა გაჩნდა, ყველანაირი შეტევა საქართველოს მხრიდან მათზე გამოირიცხა. ამას ძალიან კარგად ხვდება მთელი მსოფლიო და მათ შორის აფახაზებიც.

რეალურად ამ პროექტით არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ აფხაზური ჯარი უნდა გაერთიანდეს რუსულ ჯარში. ასე რომ, საქართველოზე რაღაცის დაბრალება, ბუნებრივია, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია. აფხაზები 25 წელია ყველაფერს საქართველოს აბრალებენ და ამაში გასაკვირი არაფერია. როგორც ჩანს, ამოეწურათ ყველანაირი არგუმენტი და ხელი ისევ ჩვენსკენ გამოიშვირეს. ხვდებიან, რომ შესული არიან ჩიხში და რუსეთი რასაც მოინდომებს იმას გააკეთებინებს.

კანონპროექტზე, რომელიც რუსეთმა შესთავაზა აფხაზებს, აფხაზეთის მოსახლეობაში და მათ შორის „ხელისუფლებაშიც“გარკვეული წინააღმდეგობა გამოიწვია, ისინი თვლიან, რომ სხვა სახელმწიფოებთან აფხაზეთის შეთანხმებები სრულად უნდა შეესაბამებოდეს აფხაზეთის კონსტიტუციას და მის სუვერენიტეტს არ უნდა არღვევდეს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ რუსეთი კოსმეტიკურ დათმობაზე წავიდეს?

- არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი წავიდეს კოსმეტიკურ დათმობაზე იმისათვის, რომ სახე შეანარჩუნებინოს აფხაზებს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ არაფერიც არ დათმოს. ისეთ ხასიათზე არიან კრემლში, რომ ყველგან მოღალატეები და მტრები ელანდებათ, ამიტომ შეიძლება აფხაზებთან არანაირ დათმობაზე არ წავიდნენ. მითუმეტეს, რომ აფხაზებს, ისევ და ისევ, მათ გარდა წასასვლელი არსად არ აქვთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით დე ფაქტო ხელისუფლებაში არის განხეთქილება. ვიცნობ ერთ-ორ პიროვნებას დე ფაქტო ხელისუფლებაში, რომლებიც ამაზე საუბრობენ. არის ფრთა, რომელიც პროდასავლურად არის განწყობილი და იქ ფიქრობენ, რომ აფხაზეთის გადარჩენა არის ევროპაში, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან შეზღუდულია მათთან მოქმედების არეალი. ნებისმიერი საჯარო განცხადება მათი მხრიდან, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ბუნებრივია, გამოიწვევს იმას, რომ მათ დაიბარებს რუსეთის ელჩი და თანამდებობიდან გადააყენებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე ძალიან დიდი გავლენა აქვს რუსეთის ელჩს.

გითხრათ, რომ პირადად მე 24 საათი აფხაზებზე ვტირივარ და განვიცდი რა დაემართებათ, ეს ასე არაა. თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომელშიც თვითონაც შეიტანეს დიდი წვლილი. ისინი არასოდეს მალავდნენ, რომ ქართველებთან ცხოვრება არ უნდოდათ და არც ფიქრობდნენ იმაზე, რა იყო ამის ალტერნატივა.

რა თქმა უნდა, რაღაცა ჩვენი ბრალიც იყო, მაგრამ მოდით შევხედოთ ამას ცოტა რაციონალურად - ჩვენ რა დავკარგეთ და რას კარგავენ ისინი? სასწორზე დევს აფხაზების ყოფნა-არყოფნის საკითხი, აფხაზები გაცილებით მეტს კარგავენ, ჩვენ ვკარგავთ დროებით ამ მშვენიერ ტერიტორიას. როცა ჩვენ გვეჯინავებიან, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რას კარაგავენ ისინი და რას ვკარგავთ ჩვენ. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, რადგან ყველაფერს რუსეთი წყვეტს.

ეს ხელშეკრულება ითვალისწიებს, საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებას აფხაზეთის .. საზღვართან დაკავშირებით. ეს არის ის პუნქტი, რომლითაც კანონდება აფხაზეთის ანექსია?

- შეიძლება ფორმულირება შეიცვალოს, მაგრამ მთლიანი შინაარსი არ მგონია რომ შეიცვალოს. რუსეთს, ახლა ამ რეგიონში სჭირდება მოქმედების სრული თავისუფლება, შესაბამისად, უნდა გამოირიცხოს ყველანაირი თეორიული შანსი იმისა, რომ ვიღაცა ხელს შეუშლის ამაში. ეს შეთახმებაც რეალურად ამ პუნქტის გარშემო ტრიალებს, ეს არის მთავარი პუნქტი და მისი გარეშე ეს შეთანხმება აზრს კარგავს.

ხელისუფლება აღიარებს, რომ სახეზეა ანექსიის ახალი ფორმა, რა გზა რჩება ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ დაანონსებულია აგრესიული საგარეო პოლიტიკა?

- აგრესიული თუ პროაქტიური საგარეო პოლიტიკა უნდა დაწყებულიყო ორი წლის წინ. თუ ახლა დაიწყებენ ისინი პროაქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებას, ეს შედეგს ახლა ვერ მოიტანს. გარდა ამისა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - აფხაზეთის ანექსია უკვე საბოლოოდ ფორმდება და ამის პარალელურად, ჩვენთან რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“ იწყებს რეისებს. ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა - ვუფრთხილდებით თუ არა ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, თუ მზად ვართ გავცვალოთ „აეროფლოტის“ რეისებზე? - ეს უნდა ითქვას.

ერთი მხრივ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და მეორე მხრივ შემოდის „აეროფლოტი“, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს დაზვერვა. როგორც წესი „აეროფლოტს“ რუსული დაზვერვა კარგად იყენებს. „აეროფლოტის“ ოფისთან ერთად გაიხსნება რუსული ჯაშუშური ქსელი. სწორედ ეს აჩენს კითხვებს სად ვართ და რა გვინდა...

თქვენ ფიქრობთ, რომაეროფლოტი“ რუსეთმა შესაძლებელია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებითვის გამოიყენოს?

- არამარტო „აერფლოტი“, იგივე „ვნეშტორგბანკი“ და ნებისმეირი დიდი კომპანია, რომელსაც უცხოეთში ფილიალები აქვს. ჩვენი პასუხი აფხაზეთის ანექსიაზე რა არის - აგრესიული საგარეო პოლიტიკა და ამავე დროს „აეროფლოტი“ შემოდის საქართველოში - ეს არის ჩვენი პასუხი? რატომ ვუშვებთ ამ ეტაპზე საქართველოში „აეროფლოტს“, როცა აფხაზეთის ანექსია მიდის?! სიმბოლურად მაინც, რაღაც დონეზე თანამშრომლობა ხომ უნდა გაგვეჩერებინა?! - პირიქით მოხდა, გავაღრმავეთ თანამშრომლობა. ასე რომ, ვნახოთ რას მოიტანს აგრესიული საგარეო პოლიტიკა. თუ ეს გულისხმობს ჩვენს პარტიორებთან მუშაობის გააქტიურებას, ძალიან კარგია, მაგრამ ვერ ვხდავ დიდ სურვილს, რომ რუსეთთან პოლიტიკა შეიცვალოს.

ამ ფონზე რამდენად სწორი იყო პრემიერ-მინისტრის შეთავაზება - ცალკე ავტონომია ძლიერი საქართველოს შემადგენლობაში?

- როცა აფხაზებისგან ამ შეთავაზებაზე პასუხად იქნება ცივი უარი და დაცინვა, იმედია არ გაუკვირდება.