„ცა და დედამიწაა ის, რაც არის ახლა და რაც იყო ორი წლის წინ“

„ცა და დედამიწაა ის, რაც არის ახლა და რაც იყო ორი წლის წინ“

მილიარდი ლარით გაზრდილი და სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, გაზრდილი პენსიები და შემცირებული სიკვდილიანობა, მართლმსაჯულების რეფორმა და პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებული პოლიცია, პატიმრების უფლებების დაცვით გაზომილი დემოკრატია და თავისუფალი მედია - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ორწლიანი მუშაობის ანგარიში ამ და სხვა მთავარი მესიჯებით წარუდგინა.

რეალურად შეასრულა თუ არა ხელისუფლებამ მოსახლეობის მიერ ნდობის გამოცხადებიდან ორ წელიწადში 4 წლის ვადაში გაწერილი დაპირებების ნახევარი, რა მოსწონთ და რის გამო აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ მთავრობას სპეციალისტები?

For.ge ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა

ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებდით მთავრობის მეთაურის ორწლიან ანგარიშს? რა იყო თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში?

- მნიშვნელოვანი იყო თავად ანგარიშის ფორმატი. დიდი ხანია, ასეთი ტიპის ფორმატს ველოდებოდი, ამიტომ, მიმაჩნია, რომ მართებული ნაბიჯი იყო გადადგმული. კარგია, რომ ეს ანგარიში მომზადდა. ჩემთვის საყურადღებო იყო სამი რამ. პირველი ის, რომ მთლიანად შეიცვალა სისტემა, გახდა უფრო დემოკრატიული და ღია. მეჩვენება, რომ დიქტატურა და ძალადობა უკვე შეუქცევლად წასულია ჩვენი ისტორიიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ნამდვილად დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას - არჩევნებმა აჩვენა ეს.

მეორე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თვითმმართველობის ახალი კანონი და თვითმმართველობის არჩევნები. ასეთი ტიპის შეთავაზებები ჯერ კიდევ გამსახურდიას მთავრობისთვის იყო, შემდეგ შევარდნაძის მთავრობისთვის, ნუ, სააკაშვილის ადმინისტრაციაზე ზედმეტი იყო საუბარი, ის იყო მმართველობის ხისტად რუსული, პოსტკომუნისტური ტიპის ვერტიკალური, პირამიდული სისტემა. თვითმმართველობის რეფორმა მხოლოდ მოქმედმა ადმინისტრაციამ გაბედა.

მესამე, ეს იყო სოციალური სექტორი - საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ახლა საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს.

მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ორი წლის განმავლობაში ვერ იქნა მიღწეული ეკონომიკური განვითარება. 6%-იანი მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა მე არ მაკმაყოფილებს, ასე ჩვენ ვერასდროს გამოვალთ სიღარიბიდან. ნუ გავიწყდებათ, რომ დოლარის წლიური დევალვაცია არის 10%.

პრემიერმა როდესაც ისაუბრა 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, აღნიშნა, რომ ეს საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში, ხოლო, ევროპის ბანკის წევრ ქვეყნებს შორის, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლით, საქართველო მეორე ადგილზეა. ამ კუთხითაც უმნიშვნელოა ეს პარამეტრი?

- როცა 20 წამში გარბიხარ 100 მეტრს, ზრდა სწრაფი შეიძლება იყოს, მაგრამ როცა იმავე მანძილს გარბიხარ 9,9 წამშიც, 9,9-დან, 9,85 მეასედზე გადასვლა ძალიან ძნელია. ანუ ეკონომიკური განვითარება ჯერ სწარფად მიდის და შემდეგ ტემპი ნელდება. ჩვენ, შესაძლოა, ყველაზე სწრაფად ვიზრდებით რეგიონში, მაგრამ მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტით ბოლო ადგილზე ვართ. გაცილებით უფრო მდიდარი ქვეყანაა აზერბაიჯანი - ორჯერ მაღალია მოსახელოების ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტი, სომხეთში კი 1,5-ჯერ მეტია. რატომღაც, ეს არ იყო ნათქვამი.

ჩვენ გვინდა მთლიანი შიგა პროდუქტის ორნიშნა მაჩვენებლით ზრდა - 15-20% გვჭირდება, რომ სწრაფად გამოვიდეთ სიღარიბიდან. პრემიერმა ისიც თქვა, რომ საქართველოში 2 მილიონ ადამიანს უჭირს. ეკონომიკა 6%-ით რომ გაიზარდოს, ამდენივე პროცენტით შემცირდება სიღარიბე, წელიწადში დაახლოებით 120 ათასი გამოდის, ეს არ არის ის ტემპი, რომელიც ჩვენ სიღარიბეს დაგვაძლევინებს.

ერთი საკითხია ეკონომიკის ზრდის ტემპი, რომელიც სჭირდება საქართველოს, მაგრამ, მეორეა ქვეყნის შესაძლებლობები. არის დღეს იმის შესაძლებლობა, რომ ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდოს ეკონომიკა?

- დიახ, აქვს ამის შესაძლებლობა საქართველოს. ამას ვამბობ 20 წელია, მაგრამ, „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს“. სხვანაირად უნდა აეწყოს ეკონომიკა - იმპორტზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ, ადგილობრივ წარმოებაზე. არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, არამედ, მსხვილი ბიზნესის, რომელიც, თავის მხრივ, დაფუძნებული უნდა იყოს შიდა რესურსებზე - როგორც ბუნებრივ, ისე ჰუმანურ რესურსებზე.

ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს მეზობელი თურქეთისგან. 90-იანი წლების დასაწყისში ყველაფერი გაგვქონდა თურქეთში გასაყიდად - მილები, ჩაიდნები, უთოები, ქსოვილები, პროდუქტები და ა.შ. ახლა ყველაფერი იქიდან შემოგვაქვს. თურქეთმა ეს დრო არ დაკარგა და მოახერხა საკუთარი მრეწველობის განვითარება ევროპული გზით. უზარმაზარი სახელმწიფო ხელშეწყობა აქვს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდას. უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ ბრაზილიური სერიალების ნაცვლად თურქულ სერიალებს ვუყურებთ. ყველაზე ჩამორჩენილი ავიახაზები იყო „თურქიშ ეარვეისი“, ახლა მსოფლიოში ყველაზე განვითარებულია. ასევე განვითარდა მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ნივთების მრეწველობა. ადრე თუ ქართული კაფელი გაგვქონდა ქვეყნიდან, ახლა ჩვენთან აღარ იწარმოება და თურქეთიდან შემოგვაქვს. არანაირი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, უნდა გავიმეოროთ, რაც გააკეთა თურქეთმა.

პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, ასვე განაცხადა, რომ 3 მილიონზე მეტი ლარის ბრუნვის მქონე გადამხდელთა რიცხვი 418-ით გაიზარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში და ეს ეკონომიკის გაჯანსაღების და ხელისუფლების ზეწოლისგან ბიზნესის გათავისუფლების კონკრეტულ შედეგად დასახელდა.

- წლიური 3 მილიონიანი ბრუნვა ნიშნავს თვეში 250-ათასლარიან ბრუნვას, რა მსხვილი ბიზნესია ეს? ასეთ კომპანიებში 100 კაცზე მეტი არ არის დასაქმებული და საშუალო ხელფასი 800-900 ლარია. ასე სიღარიბეს ვერ გავუმკლავდებით. მსხვილი ბიზნესი არის „მაიკროსოფტი“, სადაც 100 ათასი კაცი მუშაობს, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნის „სოკარი“, სადაც დასაქმებულია 100 ათასზე მეტი კაცი. სომხეთში ყაჯარანის გამამდიდრებელ ქარხანაში და „მოლიბდენის“ ქარხანაში დასაქმებულია 60 ათასი კაცი. მთლიანად სამთო სექტორში სომხეთში დასაქმებულია მილიონნახევარი, სულ კი დასაქმებულია 2,5 მილიონი. ასე რომ, რიცხვები, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა, შთამბეჭდავი არ არის. შთამბეჭდავი შესაძლოა, იყოს, როცა „ტაბულა რაზაზე“, სუფთა დაფაზე საუბრობ, მაგრამ როდესაც შედარებით საუბრობ, ეს არ არის ის, რაც უნდა განვავითაროთ. თავის დროზე, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანისთვის ააშენეს ქალაქი რუსთავი, ახლა ყველაფერი გაჩერებულია იქ ქიმ-ბოჭკოს გარდა, ასე არ შეიძლება. არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც ეკონომიკური კრიზისი მრეწველობის განუვითარებლად დაძლია. საქართველოზე უარეს მდგომარეობაში იყო საფრანგეთი „მეხუთე რესპუბლიკის“ დროს. პირველი რაც განავითარა, განავითარა ეროვნული მრეწველობა. ზუსტად 6 წელიწადში საფრანგეთი გახდა ლიდერი ბირთვული პროგრამების გადამუშავების კუთხით. შეიქმნა „ტომსონი“ და „ალკატელი“. ღვინოზე არ არის დაფუძნებული საფრანგეთის ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ის არც ტურიზმს ეყრდნობა, მით უფრო, რომ საფრანგეთი მსოფლიო მასშტაბის ტურისტული ქვეყანაა, ყველაზე მეტი ტურისტი - 100 მილიონზე მეტი ადამიანი ჩადის საფრანგეთში.

ქვეყანაში ეკონომიკა რომ განვითარდეს, მოხმარებული პროდუქტის 80%-ზე მეტი ადგილობრივი წარმოების უნდა იყოს. შეიძლება, საქართველო, რომელსაც ხე-ტყის უზარმაზარი რესურსი აქვს, არ იყოს ხარისხიანი ავეჯის წარმოება და ინდონეზიიდან შემოგვქონდეს ავეჯი? „ბელუქსში“ 90% ინდონეზიიდან შემოტანილი ავეჯია.

ადგილობრივი წარმოების განვითარება რომ მნიშვნელოვანია, ამას არც ხელისუფლება უარყოფს. სამთავრობო პროექტს - „აწარმოე საქართველოშიახლახან დაემატა ახალი კომპონენტი, რაც მცირე და მიკრომეწარმეობის განვითარებას გულისხმობს. ეს პროექტები არარელაურად მიგაჩნიათ?

- მიკროკრედიტები არის 5 ათასი ლარის ფარგლებში. რა უნდა გავაკეთო ამ თანხით, რომელი მრეწველობა უნდა განვავითარო? ამ თანხით შემიძლია, მხოლოდ პატარა ჯიხურის ყიდვა და გარემონტება და, იქ, ვთქვათ, შევაკეთო ფეხსაცმელები. ან ვიყიდო მანქანა და ტაქსის მძღოლი გავხდე. ეს არის 400 ლარი თვეში. მეეზოვედ რომ ვიმუშავო, იმავე შემოსავალს მივიღებ. ეს არ არის ის, რაც გადაარჩენს ეკონომიკას. საქართველოში საშუალოდ 4-სულიანი ოჯახებია და მცირე ბიზნესში თითო კაცის შემოსავალი, სულ მცირე, 1200-1300 ლარი მაინც უნდა იყოს. ეს არის, ევროპული გაგებით, „მცირე ბიზნესი“. „მცირე ბიზნესია“, როდესაც კომპანიაში დასაქმებულია 50 კაცზე ნაკლები.

ძალიან კარგია მთავრობის ეს ინიციატივა და უღარიბეს ფენებს დაეხმარება, მაგრამ საქართველოს ეკონომიკას ვერ განავითარებს.

მთავრობის მეთაურმა კონკრეტულ დარგებზე დეტალურადაც ისაუბრა და სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, სასამართლოს და სხვა სფეროებში გატარებულ ღონისძიებებზეც გააკეთა აქცენტი. რამდენად დიდი სხვაობააქართული ოცნებისორი წლის წინანდელ დაპირებსა და უკვე შესრულებულ სამუშაოებს შორის, არის ეს საქმის ნახევარი?

- ეკონომიკის ზრდაზე თუ არ ვისაუბრებთ, ცალკეული დაპირებები გადაჭარბებითაც არის შესრულებული. ავიღოთ თუნდაც სასამართლო რეფორმა. გეგონათ, რომ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა, ან პოლიციის დეპოლიტიზებას წარმოიდგენდით? რა თქმა უნდა, კვლავ არის ცალკეული ფაქტები და ხარვეზები, მაგრამ ცა და დედამიწაა ის, რაც არის ახლა და რაც იყო ორი წლის წინ. ადამიანებს პოლიციის აღარ ეშინიათ. ეს ხომ მსოფლმხედველური, ფსიქოლოგიური და შეუქცევადი ცვლილებებია - ვეღარ დაბრუნდება დიქტატურა!

მნიშვნელოვანია ასევე საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა - პოლიკლინიკაში ახლა რიგებია, ადრე ცარიელი იყო შენობები, ექიმები ისხდნენ და ბუზებს ითვლიდნენ. სხვა საქმეა, რომ უფრო მაღალი ხარისხი გვინდა, მაგრამ საყოველთაო დაზღვევა რომ მუშაობს, ფაქტია.

რაც შეეხება სასამართლოს, ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დამქაშები იყვნენ, გახდნენ თავისუფლები. ავიღოთ, თუნდაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ასეთი ცვლილებები, რა თქმა უნდა, შეუქცევადია და კარგია.

ყველაზე დიდმნიშვნელოვანი რეფორმა კი მაინც არის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და ამას ჩვენ 3-4 წლის შემდეგ ვიგრძნობთ.

პრემიერმა დადო პირობა, რომ არასდროს დასჯის ჟურნალისტებს მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების გამო, არასდროს შექმნის მართულ ოპოზიციას, საკუთარი ინტერესების გამტარებელ ექსპერტებსა და ჟურნალისტებს. რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურის ეს განცხადება?

- ბევრი ჟურნალისტი იყო დაკავებული და ნაცემი, განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნების წინ, ხელს უშლიდნენ მუშაობაში, ართმევდნენ ტექნიკას... ახლა ასეთი ფაქტები, პრაქტიკულად, აღარ არის, მით უმეტეს, ამას არ აქვს სისტემური ხასიათი. ჟურნალისტები ჯერ ბიძინა ივანიშვილის და ახლა უკვე ღარიბაშვილის ადმინისტრაციის ოპონენტები ხართ, ძალიან აკრიტიკებთ მას, საპასუხოდ არავითარი რეპრესიები არ მსმენია, სიტყვიერი უკმაყოფილების გარდა არანაირი ზომები არ განუხორციელებიათ, სააკაშვილისგან განსხვავებით. ძალიან კარგია მთავრობის ამგვარი პოზიცია. ჟურნალისტები და ექსპერტები არ ხართ საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილი, ასეთივე რეჟიმი უნდა იყოს ყველა მოქალაქის მიმართ და მოქალაქეებს უსამართლოდ დასჯის არ უნდა ეშინოდეთ. დღეს არ ეშინიათ.

თუმცა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ორი დღის წინ ტელეეთერში საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთა ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე და მოქმედი ხელისუფლება ძალიან მკაცრად გააკრიტიკა. მან 15 ნოემბრისთვის საპროტესტო აქციაც დააანონსა და, პრაქტიკულად, ხალხს მთავრობის წინააღმდეგ მობილიზაციისკენ მოუწოდა. როგორ ფიქრობთ, გამოეხმაურება საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას?

- მათი რესურსი გამოჩნდა თვითმმართველობის არჩევნებზე. ამომრჩევლის 10%-ზე მეტი არ ჰყავთ. მეტს ვერც მოაგროვებენ. მიაქციეთ ყურადღება „კომერსანტისთვის“ სააკაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუს? - პირდაპირ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ის არჩევნების გზით ვერ მოვა. ლოზუნგები და მოწოდებები, რომლითაც ის გამოდის, სისხლის სამართლის აღძვრას მოითხოვს - ეს არის ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოგდების მცდელობა და, შესაბამისად, დანაშაული. თუ მას აყვნენ, ვფიქრობ, საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ უნდა აღიძრას საქმე და როგორც ექსტრემისტული პარტია, უნდა დაიხუროს. ის, რაც სააკაშვილმა გამოაცხადა, სისხლის სამართლის დანაშაულია. განცხადებები - „მე ვერ მოვიცდი 2016 წლის არჩევნებამდე“, „მიდით, შეიკრიბეთ და ჩამოაგდეთ მთავრობა“, არ არის აზრის გამოთქმის თავისუფლება, ეს ანტიკონსტიტუციური მოწოდებაა.