გზის დაგება-რეაბილიტაცია ის მიმართულებაა, რომელშიც ჩვენი და სეპარატისტების მთავრობები ერთმანეთს წვეთი წყალივით ჰგვანან. ორივეგან დიდი პიარ-კამპანიები მიმდინარეობს ამა თუ იმ შესრულებული, თუ შესასრულებელი საგზაო სამუშაოების როგორც დაწყებისას, ასევე - დამთავრებისას.
2011 წელს საქართველოს მთავრობა გზების რეაბილიტაციაზე 590 მილიონ ლარის დახარჯვას აპირებს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, კვლავაც პრიორიტეტულია ავტომაგისტრალები.
“ბეტონის გზა, რომელიც გორამდე ჩადის, დასრულებულია. ასევე - 15 კილომეტრი გზა რუისის მიმართულებით. გარდა ამისა, რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციის პირველი სტადიაც დასრულდა”, - განმარტა მინისტრმა.
რამდენიმე თვეში ზესტაფონის შემოვლით გზაზე მუშაობა დაიწყება. რაც შეეხება აჭარის შემოვლით გზას, რომლის განხორციელებაც ორი კვირის წინ ქობულეთის ნაწილიდან დაიწყო, მას სექტემბერში ბათუმის შემოვლითი გზა გააგრძელებს.
მესტიის ახალი გზის სამშენებლო სამუშაოების 90 პროცენტი 2011 წლის აგვისტოსთვის დასრულდება. ამ პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისიდან მესტიაში მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.
ნიკოლაიშვილის თქმით, ქვეყანაში საავტომობილო გზების საერთო სიგრძე 7 000 კილომეტრს შეადგენს, აქედან 1000 კილომეტრის გარემონტება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში - შარშან მოხერხდა. აღდგენილია ყველა რაიონულ ცენტრამდე მისასვლელი გზა. ცენტრალური გზების დიდი ნაწილი კეთილმოწყობილია.
ასეთი ტემპებით მუშაობას კი, მისი თქმით, ევროპის ბევრი ქვეყანაც კი ვერ მოახერხებდა. “ვმუშაობთ 7 დღე 24 საათის განმავლობაში”, - აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა.
სინამდვილე კი სულ სხვაგვარია. ყველა ავტომფლობელმა იცის, რომ ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი გორამდე კი მივიდა, მაგრამ ე.წ. გორის ხიდი ჯერაც არ გაკეთებულა (ხიდს იქით სამუშაოების დასრულებას ჯერ პირი არ უჩანს). არადა, მთავრობა ირწმუნებოდა, რომ ავტობანი 2010 წლის ბოლომდე ხაშურამდეც კი ჩააღწევდა.
ვაზიანი-გომბორის გზა 43 მილიონი ლარი დაჯდა, დაფინანსების ძირითადი წყარო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 30-მილიონიანი კრედიტია. გზა, რომელიც ხელისუფლებამ დასრულებულად გამოაცხადა, სინამდვილეში დღესაც არ არის დასრულებული. საგზაო სამუშაოები კვლავაც მიმდინარეობს.
გომბორის გზის ნაწილზე მილები ჩალაგებულია, თუმცა იქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ ეს მილები საკმარისი არ არის და დამატებითი წყალგამტარების მოსაწყობად ახლადდაგებული სავალი ნაწილის გადათხრა გახდება აუცილებელი.
თბილისის ქუჩების უმრავლესობაც ასე უხარისხოდ არის დაგებული და უკვე საჭიროებს შეკეთებას. თბილისის გზებზე მძღოლების ერთ-ერთი თავსატეხი გზის სავალ ნაწილზე ამოწეული ან ჩავარდნილი საკომუნიკაციო ჭებიც გახდა. დიდი პრობლემაა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოუწესრიგებლობა, ხშირია ადგილები, სადაც დაზიანების გამო გზის საფარი მუდმივად სველია, მაგრამ პრობლემის მოგვარება დროულად არ ხდება, რაც კიდევ უფრო აზიანებს გზის საფარს. ამ გზების შეკეთებისთვის, ოფიციალური მონაცემებით, 86 ლარი დაიხარჯა.
თუმცა, საგზაო “მშენებლობებით” მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება არ არის გატაცებული. იგივე მდგომარეობაა სეპარტისტულ რეგიონებში. იქაც დიდი პიარ-კამპანია მიმდნარეობს ამა თუ იმ საგზაო მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით. ამ საკითხში საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების მთავრობა ერთმანეთს საოცრად ჰგვანან.
მაგალითად, ოჩამჩირე-ენგურის გზის აღსადგენად სოხუმის რეჟიმი 500 მილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ სოხუმის რეჟიმის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ანქვაბმა გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ანტი ტურუნენთან შეხვედრაზე განაცხადა. ანქვაბის თქმით, ოჩამჩირე-ენგურის გზის აღდგენას გალის რაიონის რეანიმაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
“ამ გზის აღსადგენად 500 მილიონი რუბლია გამოყოფილი. გალის რაიონი ჩართულია “რაიონების განვითარების” საინვესტიციო პროექტში. შედეგად, გალის რაიონში სხვადასხვა “წერტილოვან პროექტზე” 35 მილიონი რუბლი დაიხარჯება. ჩვენ ვიცით იქ არსებული პრობლემების შესახებ და მათ გადაჭრას ვცდილობთ”, - განაცხადა ანქვაბმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლო მომავალში განისაზღვრება ე.წ. საზღვრის გადაკვეთის კონკრეტული ადგილები. ანქვაბის ინფორმაციით, ამჟამად დე ფაქტო საზღვრის მოწყობას რუსი სამხედროები ახროციელებენ და ამ დროისთვის ექსპლლატაციაში უკვე რამდენიმე სასაზღვრო საგუშაგო შევიდა.