გურამ შარაძის მკვლელობაზე ახალ წლამდე პროკურატურა ახალ დეტალებს გამოაქვეყნებს!

გურამ შარაძის მკვლელობაზე ახალ წლამდე პროკურატურა ახალ დეტალებს გამოაქვეყნებს!

ერთმანეთს გურამ შარაძის დაბადების დღეს, 17 ოქტომბერს შევხვდით... “სასაფლაოდან საავადმყოფოში გამოვიარე, დედას დავხედე, ექიმები იმედს არ გვაძლევენ, მაგრამ მომეჩვენა, რომ ცოტა უკეთ არის... პალატაში რომ შევედი, თვალები გაუთბაო”, - მითხრა რუსუდან შარაძემ.. ინტერვიუ ჩავწერეთ, დავემშვიდობე და... რამდენიმე საათის მერე გავიგე, რომ გურამ შარაძის მეუღლე, სვეტა შარაძე გარდაიცვალა... “ქართული სიტყვათანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს... რაც შეეხება გურამ შარაძის მკვლელობას, როგორც რუსუდან შარაძექართულ სიტყვასთანსაუბრისას აცხადებს, ხელახალი გამოძიება დაწყებულია და ახალ წლამდე გარკვეული შედეგიც იქნება...

 

- რუსუდან, დღეს ბატონი გურამის დაბადების დღეა და სასაფლაოდან მოდიხართ. რა განცდა გაქვთ, რას ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ შვიდი წლის განმავლობაში, რაც მამათქვენი მოკლეს?

- გრძნობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც შვიდი წლის წინ იყო. ჩემს შინაგან სამყაროში ცვლილება არაა... როცა მამაჩემის მკვლელობა ოფიციალურად იქნება გამოძიებული, მაშინ ვიტყვი, რომ ნამდვილად შევასრულე ის მისია, რაც განგებამ დამაკისრა. ჩემს ძმებს არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რაც მე “დავაშავე”. ჩვენ, ყველანი მამაჩემის შვილები ვიყავით, მაგრამ რახან უფალმა დამტოვა და არ მომკლა, ესე იგი, ეს ჩემი ცხოვრების მისია და აზრია. მხოლოდ გამოძიების შემდეგ ჩავთვლი, რომ შემიძლია, თავისუფლად წავიდე და ჩემებს შევუერთდე.

- ფაქტია, უკმარისობის გრძნობა გაქვთ, მაგრამ ბოლო დროს თითქოს გაჩერდით, აღარ ჩანხართ, ძველებურად აღარ აქტიურობთ, საზოგადოებამაც თითქოს მიივიწყა გურამ შარაძის მკვლელობა. რუსუდან, რამეს ელოდებით?

- იმედი მომეცა - 2014 წლის მაისიდან, მამაჩემის მკვლელობის საქმე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა. მას მერე, თვეში ერთხელ, ხან მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს ვხვდები, ხან - ირაკლი შოთაძეს. ორი Dდღის წინ, თბილისის პროკურორს, მის პირველ მოადგილეს, გამომძიებლებს შევხვდი და რეალურ შედეგსაც ვხედავ. ვიცი, რომ მამაჩემის საქმის გამოძიება რეალურად მიდის და მეტი რა მინდა?!

- იმას, რასაც აქამდე აკეთებდით, ანუ .. კერძო გამოძიებას, ახლა პროკურატურა აგრძელებს?

- აქამდე შიშველი ხელებით, არაპროფესიული, მხედველობაში მაქვს არაიურიდიული განათლებით, რაც შემეძლო, ვაკეთებდი და ახლა, თუ საქმეს პროფესიონალები აიღებენ, მეათეხარისხოვანი ვხდები. აქამდე იმიტომ ვაქტიურობდი, რომ ვიცოდი, სააკაშვილისა და მისი რეჟიმის პირობებში, მკვლელი თავისივე ჩადენილ მკვლელობას არ გამოიძიებდა. ამიტომ, ვცდილობდი, საზოგადოებამდე სიმართლე მიმეტანა, ის სიმართლე, რომელიც მკვლელობის პირველივე წამიდან მწამდა, მჯეროდა და რომელიც მერე, ფაქტებითა და მტკიცებულებებითაც გამყარდა. ამიტომ ვაქტიურობდი, თორემ ნორმალურ ქვეყანაში გვეცხოვრა და მამაჩემის მკვლელობის შემკვეთი პრეზიდენტი სააკაშვილი არ ყოფილიყო, თავიდანვე სამართალდამცავებს დაველოდებოდი.

- რა ისეთი ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რითიც გურამ შარაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება გახდა საჭირო?

- მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: მტკიცებულებები, რაზეც ახლა გიამბობთ, 2014 წლის მაისამდე ჩემი გამოძიების შედეგად დავაგროვე. ვერ გეტყვით, დღეს გამოძიება რას აკეთებს, რადგან დეტალები არ ვიცი. არც მითხრეს იმიტომ, რომ დარწმუნებული არ იყვნენ, სიხარულისგან არ გამოვვარდებოდი და ყველაფერს არ ვიტყოდი. ამას გულწრფელად გეუბნებით. დეტალები რომც ვიცოდე, ალბათ, კარგი არ იქნება, აქამდე მოტანილი საქმე, ჩემი სულსწრაფობით გავაფუჭო.

- ახლა გაქვთ იმედი, რომ გამოძიება ბოლომდე მივა?

- რას ჰქვია, იმედი მაქვს?! გამოძიება წინ ნაყოფიერად მიდის და ვფიქრობ, რომ პროკურატურა ახალ წლამდე გარკვეულ შედეგსაც დადებს. ჩვენი საქმე იმით განსხვავდება სხვა გახმაურებული მკვლელობებისგან, რომ მათი უმრავლესობა თითქმის გამოძიებულია. ჩვენს საქმეში კი, თითი თითზე არაა დაკარებული. სააკაშვილის მონა გამომძიებლების ჩატარებული გამოძიება გამოძიება არ იყო. მათ ყველაფერი აურ-დაურიეს. ახლა ამ საქმეში იმდენი ხალხია ჩარეული, რომ ერთ თვეს მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ მირჩევნია, პროკურორებთან კონტაქტში ვიყო და მშვიდად დაველოდო შედეგს. არ მინდა, რომ შედეგი ნაჩქარევად დაიდოს და ხვალ ყველაფერი ვიღაც ორ შემსრულებელს გადაბრალდეს, რომელთა მსგავსი ძველ ხელისუფლებას ბევრი ჰყავდა. ჯობია, წყნარად მივყვე გამოძიებას და ყველა - შემკვეთიცა და შემსრულებელიც გამოაშკარავდეს.

- 2014 წლის მაისამდე რის გამოძიება შეძელით?

- გეტყვით, ჩემი არაპროფესიონალური გამოძიების შედეგად რის გაგებაც შევძელი, თუმცა “გამოძიება” ძალიან ხმამაღალ სიტყვად მეჩვენება. მოწმეთა ჩვენებების, “ალდაგის” ვიდეოფირისა და საქმის მასალებზე დაყრდნობით, აღდგენილია მკვლელობის დაახლოებითი სურათი. ყოველ კვირა დღეს, მამა საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა და იქიდან, როგორც წესი, ფეხით მოდიოდა. ქაშუეთთან, მეორე მხარეს გადადიოდა და ტროტუარს ვაკემდე მოუყვებოდა. მთელი ცხოვრება ასე იყო. მკვლელებმა მისი განრიგი, რა თქმა უნდა, ზეპირად იცოდნენ. მამაჩემს ერთი მკვლელი უკან მოჰყვებოდა, რომელმაც კეფაში პირველი სასიკვდილო ტყვია ესროლა. მეორე მკვლელი კი, ადგილზე ელოდა და ორი საკონტროლო ტყვია დაახალა. ეს შეგნებულად, ზუსტად “ალდაგის” კამერების წინ იყო დაგეგმილი და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ “ალდაგის” ოფისში იყვნენ მკვლელობის თანამზრახველები, რომლებმაც ეს ფირი ჩაიწერეს. კამერები ზუსტად ისე იყო დაყენებული, როგორც მკვლელებს სურდათ. მეორე დღეს კი, ადგილი და მიმართულება შეუცვალეს. ფირი გაფუჭებული და დაბალი ხარისხის, გამოშიგნული და დამონტაჟებულია, თუმცა ესეც საკმარისია სიმართლის დასადგენად. სააკაშვილის ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ ეს იყო უვარგისი ფირი და ჩვენ რა შეგვეძლო?
- მაშინდელმა ხელისუფლებამ დანაშაულიცხელკვალზეგახსნადა ყველაფერი თქვენი ოჯახის ძველ ნაცნობს, გიორგი ბარათელს დააბრალარატომ მაინცდამაინც გიორგი ბარათელი?

- გიორგი ბარათელი შეგნებულად იყო შერჩეული. ვერაფერი იპოვეს მამაჩემის ცხოვრებაში ისეთი, რომ ამ მკვლელობისთვის საყოფაცხოვრებო სარჩული დაედოთ - მის ცხოვრებაში კომპრომატი არ არსებობდა. გადავიდნენ შვილებზე და ჩემი ძმის, გიორგის ირგვლივ მოძებნეს ყველაზე მიუსაფარი, ყველაზე დაუცველი პიროვნება და თქვეს, რომ მკვლელობამდე შვიდი წლის წინ, ჩემმა გიორგიმ ბარათელს თითქოს გული ატკინა, შემდეგ, მან შემთხვევით დაინახა ქუჩაში გურამ შარაძე, წყენა გაახსენდა და ესროლა. ეს ფანტასტიკის სფეროა. სხათა შორის, თავიდან ამას ბევრი წამოეგო და ეს მათ სინდისზე იყოს.

- ერთი წუთითაც არ დაგიჯერებიათ, რომ მკვლელი შეიძლება, ბარათელი ყოფილიყო?

- არა! გიორგი ბარათელს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცოდი მისი და ჩემი ძმის დამოკიდებულება; ისიც ვიცოდი, რომ ერთმანეთი 2000 წლის შემდეგ თვალით არ ენახათ. ბარათელს ჩემს ძმაზე ისეთი გასაბრაზებელი არაფერი ჰქონდა, რომ მამაჩემი მოეკლა. ეს გამორიცხულია.

ამასაც თავი რომ დავანებოთ, მკვლელობა პროფესიონალურად იყო შესრულებული - საკონტროლო გასროლით. ამიტომ, ეს ვერსია პირველ წუთებშივე არ დავიჯერე. მერე კი, ყველაფერი ფაქტებითა და მტკიცებულებებით გავარკვიე.

- რაც შეეხება შემკვეთს, ერთი უკვე ახსენეთ - სააკაშვილი. კიდევ ვის ინტერესში და რატომ შედიოდა გურამ შარაძის მკვლელობა?

- პირდაპირ ვამბობ: მამაჩემის მკვლელობა საქართველოს მტრების ინტერესში  შედიოდა, ეს - ზოგადად. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, აუცილებლად დამტკიცდება, რომ ეს მკვლელობა სააკაშვილმა შეუკვეთა. მაშინ როგორი იერარქიაც იყო, მოგეხსენებათ: სააკაშვილი-მერაბიშვილი-ახალაია. დავალება შეასრულა დათა ახალაიამ და მისმა ბანდამ, მეგრელებმა. ეს შესრულდა მეგრელების ხელით - ახალაიამ და მეგის ქარდავამ მამაჩემი ორ სპეცრაზმელს მოაკვლევინეს.

- ხელახალი გამოძიებაც ამ მიმართულებით მიდის?

- ვერაფერს გეტყვით. ჩემს თავსაც ვერ მივცემ უფლებას, რომ გამოძიების მაგივრად რამე ვთქვა. გამომძიებლები ვიდრე ამას ფაქტებით არ გაამყარებენ,  პირად საუბრებშიც არაფერს ამბობენ. ასე რომ, ეს მათ არ უთქვამთ, თუმცა მწამს, რომ თუ გამოძიება სწორ გზაზე დგას და არის რეალური ინტერესი, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნას, აუცილებლად მივლენ მთავართან - სააკაშვილთან.
- ამბობთ, რომ ღარიბაშვილმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ისიც თქვით, რომ ბადაშვილსა და შოთაძეს ხშირად ხვდებით. პროკურატურამ თვითონ დაიწყო გურამ შარაძის საქმის ხელახალი გამოძიება თუ თქვენი ინიციატივით?

- ინიციატივას რახანია, ვიჩენ. პროკურატურაში განცხადება ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე შევიტანე. განცხადებას საქმის მასალებიც დავურთე, მაგრამ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ გურამ შარაძის საქმე ხელახალ გამოძიებას არ დაბრუნებოდა. რაც კბილაშვილის პროკურორობის დროს შევიტანე, მას მერე ერთი სიტყვა არ დამიმატებია. ესე იგი, ეს მტკიცებულებები საკმარისი ყოფილა, რომ გამოძიება ხელახლა დაწყებულიყო. კბილაშვილი ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ პასუხიც არ მაღირსა. არადა, მხოლოდ იმას ვითხოვდი, რომ ეთქვათ, ჩემს მიერ წარმოდგენილი მასალები გამოძიების ხელახლა დასაწყებად საკმარისი იქნებოდა თუ არა. მერე მთავარი პროკურორი, ცოტა ხნით, ფარცხალაძე გახდა. ამასობაში, საქართველოდან წავედი და ყველაფერი ამიტომ გაიწელა, თუმცა ვფიქრობ, რომ ხელახალი გამოძიება პრემიერ-მინისტრის მონდომების შედეგად დაიწყო.
- ღარიბაშვილს პირადად შეხვდით?

- არა, არ შევხვედრივარ, მაგრამ გიორგი ბადაშვილმა მითხრა, რომ გურამ შარაძის საქმის გამოძიებით ღარიბაშვილია დაინტერესებული.

- რუსუდან, თქვენი ვარაუდით, კბილაშვილი გამოძიების ხელახლა დაწყებას რატომ აფერხებდა?

- ვერაფერს გეტყვით. შეიძლება, თქვან, რომ საქმეს პროკურატურის ვინმე ძველი თანამშრომელი ბლოკავდა, მაგრამ ჩემთვის, ჭირისუფლისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ამას კბილაშვილი აკეთებდა თუ ვინმე სხვა? რას ნიშნავს, პატიოსანი კაცი და კარგი ადვოკატიაო? ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, პატიოსანი დამღუპავს თუ ვინმე სხვა? აი, ასე არამზადულად მომექცა კბილაშვილის პროკურატურა. ერთი სიტყვა არ მიმიმატებია მის შემდეგ განცხადებისთვის და ხედავთ? - თურმე, შესაძლებელი ყოფილა საქმის ხელახლა აღძვრა.

მითხარით, აღარ ჩანხართო, რა თქმა უნდა, არ ვჩანვარ, განზე გავდექი იმიტომ, რომ მხოლოდ ის მინდოდა, ეს საქმე პროფესიონალებს გამოეძიებინათ. საერთოდ გადავიკარგები, ოღონდაც საქმე იყოს გამოძიებული. ჯერჯერობით, ამ აზრზე ვარ და თუ მიღალატებენ, მამაზეციერი ვერ გამაჩერებს, ვიდრე პირში სული მიდგას, ტყვიასა და სიკვდილზე წავალ იმიტომ, რომ ეს ჩემი მოვალეობაა!

- გამოძიებამ მხოლოდ შემსრულებლები რომ გამოკვეთოს?

- ჩემი მთავარი სურვილია, რომ მკვლელს მკვლელი დაერქვას და რა მნიშვნელობა აქვს, შემკვეთი იქნება, შუარგოლი თუ შემსრულებელი? თუ უნდათ, ნურც დასჯიან. ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან ეს ხალხი ღმერთისგან ისედაც დასჯილია: სად ამოხდებათ სული - ციხეში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში თუ ზღვის პირას, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. გეფიცებით, ეს, მართლაც, ასეა, თუმცა რომ გითხრათ, მეწყინება, სააკაშვილი ციხეში რომ ჩასვან-მეთქი, რა თქმა უნდა, მოგატყუებთ. მთავარია, ოფიციალურად დადასტურდეს, რომ მამაჩემის მკვლელობა მან შეუკვეთა. ჩემთვის მთავარი შემკვეთია, თორემ იმდენი შემსრულებელი ჰყავდათ, ვერ დათვლით. 26 მაისის კადრებს რომ ვუყურებდი და ამდენ სპეცრაზმელს ვხედავდი, სულ ვფიქრობდი, რამდენი ათასი მკვლელი ჰყავს და რა მნიშვნელობა აქვს, რომელია აქედან მამაჩემის მკვლელი-მეთქი.

- თქვენთვის სამართლიანობა აღდგა, რუსუდან?

- ჩვენში ძალიან ბევრი აღმოჩნდა უმადური და ეს სამწუხაროა. ძალიან ბევრი ამბობს, რა განსხვავებაა, რა შეიცვალაო. ნუთუ, სააკაშვილის მერე არაფერი შეიცვალა? ამის არდანახვა როგორ შეიძლება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მხოლოდ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებაც არ არის საკმარისი, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას

- გარედან ისე ჩანს, რომ სამართლიანობის აღდგენა თითქოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსგავსება..

- იმიტომ ემსგავსება, ჩვენი ხალხის მილიარდები სააკაშვილმა მსოფლიო ლობებს დაახარჯა და, ბუნებრივია, ასეთ კორუფციაში ჩაბმული ადამიანები ცდილობენ, ეს ნაძირლები გადაარჩინონ და თავიც გადაირჩინონ. ისტორიას ყოველთვის პიროვნებები ცვლიან და მათზე ბევრი რამეა დამოკიდებული. დაველოდოთ!