რეგლამენტირებული არ არის რამდენი წევრი უნდა დაესწროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომ ის გაიმართოს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტების გამო, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში არ იქნება. სავაუროდ 28 ოქტომბერს ქვეყანაში არ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრიც.
ესტონეთში ვიზიტის გამო უშიშროების საბჭოს სხდომას ასევე ვერ დაესწრება გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძეც. თავდაცვის სამინისტროს პოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომაზე სრულად იქნება წარმოდგენილი მინისტრის იმ მოადგილის მიერ, რომელზეც ხდება უფლებების დელეგირება კონკრეტულ შემთხვევაში.
ეკა ბესელიას განცხადებით უშიშროების საბჭოს სხდომა მიუხედავად საკითხის ძალიან დიდი მნიშვნელობისა და შინაარსისა, ბუნებრივია, ვერ გადაწყვეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამიტომ, უმრავლესობის წევრის განცხადებით, ბევრი ვიზიტი შეიძლება ისეთი მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის იყოს, რომლის ჩაშლაც არ შეიძლება.
უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი თვლის, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტმა გადადო ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტი, მთავრობის წევრებისთვისაც აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს. მისი განმარტებით, საბჭოს სხდომის თარიღსა და დროსთან დაკავშირებით, ინფორმაცია, როგორც საბჭოს მუდმივ წევრებს, ისე მოწვეულ პირებს მაშინვე მიეწოდათ, როგორც კი პრეზიდენტმა ის მოიწვია. ირინა იმერლიშვილის განცხადებით, საბჭოს სხდომა ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება, მას რამდენი წევრიც არ უნდა დაესწროს.
for.ge-სთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ 15-დან 28 ოქტომბრამდე აბსოლუტურად გონივრული ვადაა ამდაგვარი საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად.
ლევან ალაფიშვილი: მედიაში ტრიალებს ეს აზრი, რომ მუდმივი წევრები არ იქნებიან, მაგრამ ორი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, პირველი - უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის და მთავრობის ხელმძღვანელისგან რაიმე საწინააღმდეგო, ანუ განსახვავებული პოზიცია სხდომასთან დაკავშირებით არ მომისმენია. ეს ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი არაა წინააღმდეგი სხდომის ჩატარების.
უშიშროების საბჭო არის სახელმწიფოებრივ საკითხებზე სათათბირო ორგანო. ამ შემთხვევაში მომწვევმა ჩათვალა, რომ საკითხი არის მნიშვნელოვანი და ამ საკითხზე მან სხვებსაც უნდა ჰკითხოს აზრი და მათგან მოისმინოს მოსაზრებები, რომ რაიმე გადაწყვეტილებები მიიღოს. საკითხი, რის გამოც მოიწვიეს უშიშროების საბჭო, იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მეთაურმა ბელგიაში ვიზიტი გადადო, რადგან მოწვეული იყო უშიშროების საბჭოს სხდომა.
გასაგებია, რომ საკითხი სერიოზულია, მაგრამ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხი, რაზეც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია, კონსტიტუციით საბჭოს ფუნქციას არ წარმოადგენს...
- მინდა იმედი ვიქონიო, რომ ბატონი სესიაშვილის კომენტარი არასწორად იქნა გაგებული. არავინ არ დავობს და ვერ იდავებს მანამ, სანამ ეს კონსტიტუცია იარსებებს, რომ უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, ეს კონსტიტუციური ფორმატი არ არის მხოლოდ პრეზიდენტის, მის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ძირითადად, მისი წევრები არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებებში მითითებულია ასეთი რამ - უშიშროების საბჭო განიხილავს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციებსა და სამხედრო აღმშენებლობას. ასე რომ, რომელ კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზეა საუბარი, ჩემთვის ძნელად ამოსახსნელია. იმიტომ, რომ ამ თვალსაზრისით უშიშროების საბჭოს მანდატი კონსტიტუციასთან და ორგანულ კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
რაც შეეხება განსახილველ საკითხს, ომის საფრთხის პროგნოზირება, სამობილიზიაციო მზადყოფნა, იგივე თავდაცვის ორგანიზაციის საკითხები, არის უშიშროების საბჭოს ფორმატი. რუსეთის საფრთხის გააქტიურების კვალობაზე, მითუმეტეს უკრაინის მოვლენების გამოცდილების შემდგომ, პრეზიდენტმა, ალბათ, მიიჩნია, რომ უკრაინის სცენარი, გარკვეული მოდიფიკაციით, შეიძლება განვითარდეს საქართველოში. ომის საფრთხეების პროგნოზირება და შეფასება ეს არის უშიშროების საბჭოს ფუნქცია.
საფრთხე არსებობს და ამაზე უნდა იყოს მსჯელობა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მაგრამ თუ კი საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები ვერ დაიესწრებიან სხდომას, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ უშიშროების საბჭოს მოწვევას? ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს არ გაუვლია წინასწარ კონსულტაციები მთავარობასთან იქნებოდა თუ არა საბჭოს ყველა წევრი 28 ოქტომბერს საქართველოში...
- ცოტა არაკორექტულია ამდაგვარი განცხადება, როდესაც პროფილურ საკითხს შეეხება. კონსტიტუციით და გნებავთ კანონით, პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით რაიმე დამატებით კონსულტაციებს არ საჭიროებს. 15-დან 28 ოქტომბრამდე აბსოლუტურად გონივრული ვადაა ამდაგვარი საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად. ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრები არ იქნებიან, რა აზრი აქვს მაშინ უშოშროების საბჭოს მოწვევას, ამით აკნინებენ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერს.
ამ შემთხვევაში მარგველაშვილი არ მყავს მხედველობაში, მხედველობაში მყავს ღარიბაშვილი, რომელსაც საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუთქვამს. ამ ლოგიკით პირდაპირ თუ არაპირდაპირ ამბობენ, იცით რაა, ღარიბაშვილი როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ჩვენთვის არაა მნიშვნელოვანიო. დაფიქრდნენ, სანამ ამდაგვარ განცხადებას გააკეთებენ. საკუთარ პოლიტიკურ გუნდს აყენებენ უხერხულ მდგომარეობაში. პარლამენტმა თქვა, რომ საფრთხე არსებობსო და ახლა ნებისმიერი რიტორიკა, აზრი აქვს თუ არ აქვს, უშიშროების საბჭოს სხდომას, ეს განცხადება ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენებს მათ.
უნდა ვინმეს თუ არ უნდა, ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი, უმაღლესი სამხედრო მთავარსარდალი არის პრეზიდენტი. უნდა ვინმეს თუ არ უნდა საომარი მოქმედების გამოცხადება-არგამოცხადების საკითხები კონსტიტუციით პრეზიდენტის დისკრეციაა. საომარი მოქმედების პირობებში ერთპიროვნული მმართველი არის პრეზიდენტი, ეს კონსტიტუციური მოცემულობაა და სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ვინც მზად არის საკუთარი პროფილიდან გამომდინარე სამსჯელოდ, ის დაესწრება კიდევაც სხდომას. თუ კი სურვილი და მზაობა არის, საქმე გაკეთდება.