„ეს არის გაუგონარი რამ, ოფიციალურ ინფორმაციაში არანაირ პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არ ყოფილა“

„ეს არის გაუგონარი რამ, ოფიციალურ ინფორმაციაში არანაირ პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არ ყოფილა“

პრეზიდენტის ბელგიაში ვიზიტი გაუქმებულია. მიზეზად, პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 28 ოქტომბერს ჩანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომას ასახელებენ.

პრეზიდენტი ბელგიაში პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩადიოდა. საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წარმოადგენს. უსუფაშვილის ბელგიაში ვიზიტის მომზადების შესახებ პარლამენტის აპარატის შესაბამისმა სამსახურმა დავალება რამდენიმე დღის წინ მიიღო. 

ბელგიაში საქართველოს ელჩის, ნატალი საბანაძის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელგიაში ვიზიტი გააუქმა, რადგან 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. ელჩის ინფორმაციით, ვიზიტის გაუქმების თაობაზე საელჩოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ოფიციალურად 18 ოქტომბერს აცნობა.

„პრეზიდენტმა დანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა, რადგან რუსეთმა ინიცირება გაუკეთა აფხაზეთთან ინტეგრაციის ხეშეკრულებას. ამის გამო, მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა და ოფიციალურად გვაცნობა, რომ თავის ვიზიტს აუქმებს. ჩვენც, შესაბამისად, საელჩომ ზუსტად ეს ინფორმაცია გადავეცით, ოფიციალური ნოტით მივაწოდეთ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს“, - აღნიშნა ნატალი საბანაძემ.

ამასთან, ელჩი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საელჩომ Leuven-ის უნივერსიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, ვიზიტის პოლიტიკური კრიზისის გამო, ჩაშლის თაობაზე. ნატალი საბანაძის განმარტებით, ეს უნივერსიტეტის ინტერპრეტაციაა.

„მე ვნახე, უნივერსიტეტმა დადო ასეთი განცხადება. ეს არის უნივერსიტეტის ინტერპრეტაცია და არა საელჩოსი. ბატონ პრეზიდენტს დაგეგმილი ჰქონდა გამოსვლა უნივერსიტეტში. საელჩოს თანამშრომელი ხაზზე იყო უნივერსიტეტთან და აუხსნა, სწორედ ის, რაც მე გითხარით, რომ დანიშნულია უშიშროების საბჭოს სხდომა, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა რუსეთსა და საქართველს ურთიერთობაში. უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ეს არ იყო საელჩოს ინტერპრეტაცია“, - აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განმარტებით, ადგილი ჰქონდა ბრიუსელში არა პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლას, არამედ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მის გადადებას.

„არ ვიტყოდი, რომ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტი ჩაიშალა. პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო. ეს იყო ორმხრივი ვიზიტი და არა ვიზიტი ევროკავშირის ფარგლებში. ბელგიის ინიციატივით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, ამის თაობაზე ოფიციალური არხებით ბელგიური მხარისათვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია. როგორც იცით, მის ნაცვლად ბელგიაში პარლამენტის თავმჯდომარე მიემგზავრება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.
რაც შეეხება ამ კონტექსტში გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკური კრიზისის თაობაზე, ამასთან დაკავშირებით, ზალკალიანმა განაცხადა, რომ ეს არის გამოგონილი და გაუგონარი რამ. მისი თქმით, ოფიციალურად მიწოდებულ ინფორმაციაში, არანაირ პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არ ყოფილა.

ბელგიაში, პრეზიდენტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე და აცხადებს, რომ ეს საბოტაჟია. მისივე თქმით, ქვეყნას ერთგული დიპლომატია არ ჰყავს. ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, რომ მიხედოს ამას და თან ძალიან სწრაფად.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სთხოვა, საელჩოს აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა ღონისძიების ორგანიზატორებისათვის, თუმცა როგორც დღეს გავარკვიე, საქართველოს საელჩომ, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს გაუგზავნა სულ სხვა ტექსტი, სადაც საქართელოს პრეზიდენტის ბელგიაში ჩაუსვლელობის მიზეზად, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი დასახელდა.

ახლა მე ვსვამ კითხვას - რომელი გენიოსის თავში მომწიფდა ეს აშკარა პროვოკაცია? საელჩოს რომელმა თანამშრომელმა გააკეთა ეს? ახლა იმის თქმა, რომ საელჩოს ასეთი რამე არ გაუკეთებია, არ გაგივათ. ინფორმაცია არის გადამოწმებული ბელგიურ მხარესთან, რომლებმაც მითხრეს, რომ მათ მიუვიდათ საელჩოდან ასეთი სახის წერილი. ხოდა ჩემო კარგებო, ეს არის საბოტაჟი იმიტომ, რომ საქართველოს საელჩოები გაძეძგილია სააკაშვილის დროინდელი თანამშრომლებით.

ელჩები კიდევ საიდან მოვიდნენ და რომელ რადიატორთან იჯდნენ ვალოდია ჯინჭარაძის გვერდით, კაცმა არ იცის. ჩვენ, ქვეყნის ერთგული დიპლომატია არ გვყავს, ეს რეალობაა და კიდევ რამდენჯერ ჩაარტყამს ეს ხალხი ქვეყნის პრესტიჟს ზურგში დანას, კაცმა არ იცის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიხედეთ ამ ყველაფერს, თან ძალიან სწრაფად“, - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.