რუსეთის გეგმაზე დამოკიდებული ჟენევის ფორმატი და „ნაციონალებისთვის“ სასარგებლო თედო ჯაფარიძის იდეა

რუსეთის გეგმაზე დამოკიდებული ჟენევის ფორმატი და „ნაციონალებისთვის“ სასარგებლო თედო ჯაფარიძის იდეა

ჟენევის ფორმატის გაგრძელება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების გაფორმებაზეა დამოკიდებული. ქართული მხარე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთთან აღიშნულ დოკუმენტს გააფორმებს, ჟენევის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშ დადგება.

ჟენევის მოლაპარაკებების 29-ე რაუნდის შედეგებისა და ამ პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაცია პარლამენტს დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მიაწოდა, რომელმაც ყურადღება ფორმატის გაგრძელების მნიშვნელობაზე და მწვავე საკითხებზე გაამახვილა.

ზალკალიანის შეფასებით, ჟენევაში გამართული ბოლო ორი რაუნდი განსაკუთრებული სირთულეებით გამოირჩეოდა, თუმცა, მოლაპარაკებების პროცესის შენარჩუნება უნდა მოხდეს, რადგან ეს ერთადერთი საერთაშორისო ჩარჩოა, სადაც მწვავე საკითხებზე ხდება საუბარი. მათ შორის ე.წ. წითელ ხაზებზე, საერთაშორისო მექანიზმებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე.

საგარეო მინისტრის მოადგილის ცნობით, მოლოდინი იყო, რომ ახალ ხელისუფლებას ე.წ. წითელ ხაზებთან მიმართებაში ლიბერალური მიდგომა ექნებოდა, მაგრამ ქართული მხარე ვალდებულებების ერთგული რჩება და პირიქით, რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც მას აქვს აღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

„ის მიდგომა, რომელიც ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით გააჩნია, უცვლელია“, - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელმაც აქცენტი დევნილების დაბრუნების თაობაზე გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე გააკეთა.

ზალკალიანის განცხადებით, ქართულმა მხარემ გაერო-ში ბოლო რეზოლუციის მიღების დროს გამარჯვება მოიპოვა, რადგან ეს დოკუმენტი დაკავშირებულია იძულებით გადადგილებულ პირებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გაერო-ში 2014 წელს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა 69 ქვეყანამ დააფიქსირა, რითაც რეკორდი მოიხსნა.

„მოწინააღმდეგათა რაოდენობას ვამცირებთ. რუსეთი გაერო-ს ფორმატში თავს კომფორტულად არ გრძნობს და იძულებით გადაადგილებულ პირთა თემატიკის განხილვას ეწინააღმდეგება. მათ შორის, განსაკუთრებით ჟენევის ფორმატში. 28-ე რაუნდი რატომ ჩაიშალა? - მათ განაცხადეს, რომ ვინაიდან, ამ საკითხს საქართველო გაერო-ში აყენებს, თემა ჟენევის მოლაპარაკებებიდან ამოღებული უნდა ყოფილიყო, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჟენევა დაფუძნებულია პრეცედენტებზე და ფორმატის ცვლილება სპეკულიაციებს იწვევს. ჩვენი პირველი გამარჯვებაა, რომ ფორმატი არ შეიცვალა და ისე გაგრძელდა, როგორც წინამორბედები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო მინისტრის მაოდგილე ამბობს, რომ ასევე მოთხოვნა იყო, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩართული სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენელთა სტატუსის გამყარება მოხდეს.

მისი განმარტებით, ჟენევის ფორმატში აფხაზები და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ როგორც ინდივიდვალური სტატუსით და არა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები.

„მათ სტატუსის საკითხი დააყენეს და იმ დონეზე აწევა მოითხოვს, როგორიც მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ მხარეებს გააჩნიათ. მაგალითად, როგორც ჩვენ ვართ, ამერიკა, ევროკავშირი და ა.შ. ამ წინადადებას არ დავთანხმდით და მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობას“, - დასძინა ზალკალიანმა, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადების პათოსი გაიზიარა, რომ, თუ რუსეთი აფხაზეთთან შეთანხმებას გააფორმებს, ჟენევის მოლაპარაკებები საფრთხის ქვეშ დადგება.

ზალკალიანის მოსაზრებით, თუ ეს შეთანხმება გაფორმდება და ნაბიჯი ანექსიისკენ იქნება გადადგმული, ეს პრობლემებს ჟენევას შეუქმნის.

„ამაში რა არის გაუგებარი? ვის დაბრალდება ის, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და ე.წ. შეთანხმებას ხელს აწერს, რომელიც არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა და რომელიც ჟენევის ფორმატს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს? შემდეგ ძალიან რთული იქნება, ჟენევაში ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე საუბარი, რადგან აშკარად, იქ ანექსიის ელემენტებია და ე.წ კოლექტიურ თავდაცვაზეა საუბარი. ახალი გარემოებები და რეალობა წარმოიქმნა, რაც ჟენევაში ფუნდამეტური საკითხების განხილვას საფრთხეს უქმნის“, - აცხადებს ზალკალიანი, რომელიც ფორმატის გაგრძელების მნიშვნელობაზე აპელირებს.

მისი მტკიცებით, ქართული მხარე ყველანაირად მოხმრეა, რომ ეს ფორმატი შენარჩუნდეს, რადგან ეს საერთაშორისო ფორმატია, ზემოქმედების სხვა ფორმატი კი ქართულ მხარეს არ გააჩნია.

ფორმატის შენარჩუნების მნიშვნელობაზე აქცენტირებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ შედეგზე უნდა იფიქროს, ახალი იდეები და ინოვაციური წინადადებები მოიფიქროს.

„საქართველოს რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა არ სურს, მაგრამ შედეგზეც უნდა ვიფიქროთ. ახალი იდეებით და ინოვაციური წინადადებით უნდა გამოვიდეთ“, - ამბობს ჯაფარიძე, რომელიც სამი კომიტეტის სხდომაზე ინიციატვით გამოვიდა, რომ ჟენევის ფორმატში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართვა მოხდეს, თუ ამის საშუალებას მოლაპარაკებები იძლევა.

მას შემდეგ, რაც კომიტეტების სხდომაზე ზალკალიანს ყოფილი მინისტრი და ყოფილი ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაუპირისპირდა, for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძემ საკუთარი იდეა ისევ მოიწონა, მაგრამ თქვა, რომ იდეა გაუქრა.

 „რაც ვთქვი, ურიგო არ იქნებოდა. ჟენევის ფორმატში ოპოზიციის ჩართვა ადრეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჭიაბრაშვილის გამონათქვამებს რომ მოვუსმინე, ჩემი კარგი იდეა იმ წამსვე გამიქრა“, - დასძინა ჯაფარიძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის წინადადება მოიწონა თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ეს მან საჯაროდ არ თქვა, მაგრამ აპელირება იმაზე დაიწყო, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ერთი მხრივ, მაგიდასთან ეპატიჟება, მეორეს მხრივ კი სასამართლოებს ატარებს და ოპოზიციონერებს ციხეში სვამს.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყანას ძალიან მძიმე წუთები უდგას, რადგან რუსეთი ანექსიას აპირებს და ეროვნული ერთიანობა მნიშვნელოვანია.

„მზად ვართ, ხელისუფლებას იდეები გავუზიაროთ, მაგრამ ხელისუფლება ამ მხრივაც უუნაროა. ერთი მხრივ, უმრავლესობა მაგიდასთან გვეპატიჟებოდეს, მეორე მხრივ, ივანიშვილის ახირების გამო გვასამართლებდეს და ციხეში გვსვამდეს, ეს უბრალოდ ღიმილისმომღვრელიც აღარ არის“, - ამბობს ჭიაბერაშვილი, რომელიც ჟენევის ფორმატში არსებულ პრობლემებზე აქცენტირებს.

ყოფილი ელჩის მოსაზრებით, აშკარაა, რომ დევნილთა დაბრუნების საკითხზე ჟენევის ფორმარტში შექმნილია სერიოზული პრობლემები.

„ვხედავთ, რომ საქართველოს არაკომპეტენტური მთავრობა უუნაროა, რუსეთის მხრიდან მომდინარე ზეწოლას გაუძლოს, რაც ჟენევის ფორმატის ჩაშლას გულისხმობს, ან ისეთი პირობებით დატოვებას, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგობა“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა, რომლის კრიტიკას არ იზიარებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

for.ge-სთან საუბარში გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება თავს ართმევს იმას, რაც ყოფილმა მთავრობამ ვერ შეძლო.

„წინა ხელისუფლებამ ძალიან საეჭვო და დიდი რაოდენობის დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვა. ფაქტქტობრივად, მძიმე მემკვიდრეობით ჩიხში დაგვტოვა და აქედან გამოსასვლელად ყველა რესურსი ჩართულია“, - ამბობს ვოლსკი, რომელიც თედო ჯაფარიძისგან განსხვავებით მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჟენევის ფორმატში არ უნდა ჩაერთოს.

კანონმდებელის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვერცერთი ჯგუფი ვერ გამოიკვეთა, რომელსაც საკითხებზე მსჯელობა პრაგმატულად, პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე შეუძლია.

„მათი ჩართვა კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია“, - დასძინა ვოლსკიმ, რომლის მსგავსად, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს განსაზღვრული წესები აქვს და მასში ოპოზიციის ჩართვა არ არის გათვალისწინებული.

ჟენევის 29-ე რაუნდი 8 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო 30-ე რაუნდი 9-10 დეკემბერს არის ჩანიშნული.