უშიშროების საბჭოს სხდომა მინისტრების გარეშე

უშიშროების საბჭოს სხდომა მინისტრების გარეშე

„ერთია დაპატიჟება და შემდეგ ის, რომ უცებ ქეიფი გადაიდოს“, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე, რომლის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შემთხვევაში, მზად არის, მასში მონაწილეობა მიიღოს.

პრეზიდენტი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილ აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება და სხდომა დანიშნულ დროს 28 ოქტომბერს გაიმართება. როგორც ცნობილია თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გიორგი მარგველაშვილს სხდომის გადადემის თხოვნით მიმართა. თავდაცვის მინისტრს სწორედ ამ დროისთვის დაგეგმილი აქვს ვიზიტი გერმანიასა და საფრანგეთში. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თუ უშიშროების საბჭოს მისი მუდმივმოქმედი წევრები არ დაესწრებიან, მის გამართვას აზრი არ აქვს.

„15 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა საგანგებო განცხადება, სადაც მიმართა პარლამენტს, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და აგრეთვე დააანონსა ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვევა. 17 ოქტომბერს, უკვე, საქართველოს პარლამენტმა აღნიშნულის შესახებ შეიმუშავა პოზიცია, სადაც განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნის ანექსიის მცდელობა. ამის შესაბამისად, იმავე დღეს მოწვეულ იქნა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. იმედი მაქვს, ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც კონსტიტუციური ორგანო, შეძლებს დაანონსებულ დროს შეკრებას - იმ დროს, როცა ის საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, უშიშროების საბჭო ძალიან მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს და აქვს სურვილი, სხდომას დაესწროს. შესაბამისად აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის დრო იქნება გადასახედი, რადგან საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოში არ იქნება.

„მე გერმანიაში მაქვს ვიზიტი, ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ განიხილოს დროის შეცვლის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა ფორმატი, მათ შორის უშიშროების საბჭოს ფორმატიც უნდა შედგეს იმ გამოწვევებზე სწორად საპასუხოდ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 28 ოქტომბერს 15:00 საათზეა დაგეგმილი მოწვევა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომლის განცხადებით

როდესაც მოწვევა მიიღო, მიემგზავრებოდა ლუქსემბურგში და შემდეგ იქიდან გაემგზავრა ბერლინში. პირველი დიპლომატი ამბობს, რომ თუკი არ იქნებიან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, საბჭოს შეკრებას აზრი არ ექნება.

„არ არის გამორიცხული, რომ შექმნილი ვითარების გამო, მეც მომიწიოს ერთ-ერთ მეგობარ სახელმწიფოში გამგზავრება მომავალ კვირას. ჯერჯერობით არ ვიცი რომელი დღე იქნება. თუკი არ იქნებიან უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რა აზრი აქვს საბჭოს შეკრებას?! როდესაც იქნება ყველა, ვინც უნდა იყოს ამ სხდომაზე, მე რა საკვირველია მონაწილეობას მივიღებ“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის გარშემო განვითარებულ პროცესებს სოცილაური ქსელით ეხმაურება, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი. როგორც ყოფილი მინისტრი ამბობს, ხელისუფლება შიდა „ომობანას“ აგრძელებს და ამ დროს ქვეყნის პოზიციები უმნიშვნელოვანეს, უსაფრთხოების საკითხებზე, როგორიც არის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამავალი გაზსადენი და მავთულხლართები, უკრაინას მიმართ პოზიციის ჩამოყალიბება, ამ ომის სხვერპლად იქცევა.

„პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს მოიწვია უშიშროების საბჭო. 17 ოქტომბერს კი პრემიერმა დაასწრო და 18 ოქტომბერს დანიშნა ახალი „გაფართოებული კრიზის და უსაფრთხოების საბჭო“, ახლა ალასანია-ფანჯიკიძე მიმართავენ პრეზიდენტს, რომ გადადოს საბჭოს სხდომა. ალასანია იმიტომ, რომ თვითონ არ იქნება ადგილზე, ფანჯიკიძე იმიტომ, რომ შეიძლება არ იყოს და რომელ დღეს გაემგზავრება ჯერ არ იცის და ურჩევენ პრეზიდენტს, რომ როცა ყველა იქნება მაშინ ჩაატაროს, რაც ალბათ, ნიშნავს არასოდეს არ იქნება, ამათი მოგზაუროებების შემყურე... პრეზიდენტის მიერ დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხოდმას კი, როგორც უკვე აშკარაა, იმპლიციტურ „ბოიკოტს“ უცხადებენ და გასაგებია, რომ თავდაცვის მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის გარეშე უშიშროების საბჭოს ჩატარებას აზრს კარგავს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დამატებითი განმარტებები პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტს წინასწარ არ გაუვლია კონსულტაციები, იქნებოდა თუ არა საბჭოს ყველა წევრი საქართველოში.

„თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ სხდომის გამართვა მთავარი მომხსენებლის გარეშე მისთვის მიუღებელია, შეუძლია, ის სხვა დროს მოიწვიოს. პრეზიდენტმა თავად განსაზღვრა ეს დრო. სამწუხაროდ, ის არ შეთანხმებია ან წინასწარ არ გაუვლია კონსულტაციები, იყო თუ არა საბჭოს ყველა წევრი საქართველოში, რათა ეს შეხვედრა შემდგარიყო სრული შემადგენლობით. როგორც ჩანს, ეს სხდომა გაიმართება.

სამწუხაროდ, რამდენიმე მინისტრი, როგორც ჩანს, ვერ დაესწრება, მაგრამ ის შედგება იმ ფორმატში, რა შესაძლებლობაც იქნება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. თუ პრეზიდენტი თვლის, რომ ამ შემადგენლობით, ასეთი ფორმატით აწყობს, გამართოს შეხვედრა, ჩვენ სხვა პასუხი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ მას დავესწროთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

მისივე თქმით, სასურველი იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაერკვია, ჰქონდა თუ არა თავდაცვის მინისტრს (რომელიც მთავარი მომხსენებელია), საშუალება, შეხვედრას დასწრებოდა. დეპუტატი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საბჭოს ეს შემადგენლობა საკმარისი არ იქნება, შეუძლია, შეხვედრა სხვა დროს დანიშნოს.

„ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა რუსეთის მხრიდან მორიგი დესტრუქციული ნაბიჯის განსახილველად იკრიბება, რაზეც კრიზისების მართვის საბჭომ გაფართოებულ ფორმატში უკვე იმსჯელა, დაიგეგმა კონტრზომები და საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე კი მიიჩნევს, რომ ცუდი არ იქნება თუ უშიშროების საბჭო მაშინ შეიკრიბება, როდესაც მასზე დასწრებას ყველა შეძლებს. მისივე თქმით, რეალურად, რთული ვითარებაა შექმნილი გამომდინარე რუსეთის სრულიად დექსტრუქციული ქმედებებიდან - მათი მისწრაფებებიდან, რომ ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიული ანექსია მოახდინონ. შესაბამისად, პრეზიდენტის ინიციატივა საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით, დოლიძის განცხადებით, ნამდვილად არ არის ზედმეტი კითხვის დასასმელი საგანი.

„მე ამ ფაქტს ლოგიკურად ვუყურებ. სირთულე რასაც ვხედავ, უბრალოდ, კომუნიკაციის პრობლემა იყო და უშიშროების საბჭოს უფრო მეტი კომუნიკაცია რომ ჰქონოდა მინისტრთა კაბინეტთან და მათი დღის წესრიგიც ცოტა ადრე გაეგო, ურიგო არ იქნებოდა. დაგეგმილია ცალკეული მინისტრების ვიზიტები. უშიშროების საბჭოზე მთავარი მომხსენებელი უნდა ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მაგრამ მას გერმანიასა და საფრანგეთში ვიზიტები კარგა ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი. თუ არ იქნება მთავარი მომხსენებელი, რა აზრი აქვს უშიშროების საბჭოს ჩატარებას.

ელემენტალური კომუნიკაციის პრობლემაა, თორემ უშიშროების საბჭოზე, რა თქმა უნდა, მინისტრიც უნდა მივიდეს, მეც ვიყავი მიწვეული და სხვა კომიტეტის თავმჯდომარეები. ჯერ არ ვიცი, ეს სხდომა გაიმართება თუ არ გაიმართება, მაგრამ ყველას გვაინტერესებს ეს საკითხი, ყველა ვალდებულია მივიდეს კიდეც და იმსჯელოს იმ ურთულეს საკითხზე, რომელიც აფხაზეთს შეეხება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.