შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების შენობა გახსნა. პოლიციის ახალგარემონტებული შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, უახლესი ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა.
სამართალდამცველებს ამ დრომდე მუშაობა ამავე მისამართზე არსებულ პოლიციის მოძველებულ შენობაში უწევდათ, სადაც სამუშაო პირობები თანამედროვე სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. შს მინისტრის გადაწყვეტილებით შენობას რემონტი ჩაუტარდა. ორსართულიან, განახლებულ შენობაში შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლები იმუშავებენ. ამავე შენობაში განლაგდნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები, რომლებიც ვაკე-საბურთალოს ტერიტორიას ემსახურებიან.
შს მინისტრმა პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.