პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომა ჩანიშნა, სადაც მინისტრებთან ერთად დეპუტატებიც მიიწვია. სხდომაზე განსახილველი საკითხი ცნობილია, მაგრამ დამსწრე პირთა ვინაობა ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა და მიზეზად მისი მივლინება დაასახელა, მაგრამ უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, რომ სხდომა უკვე დანიშნულია და არ გაუქმდება.
გიორგი მარგველაშვილის მიწვევას იღებენ თუ არა დეპუტატები, ამის გარკვევა for.ge-მ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან სცადა:
თქვენ როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიგიწვიათ. სხდომას დაესწრებით?
- ეს სხდომა 28 ოქტომბერს შედგება თუ არა, არ ვიცი, რადგან თავდაცვის მინისტრი მივლინებით მიდის, მაგრამ თუ სხდომა ჩატარდა, ამ დროს, საქართველოში ვიქნები და მას დიდი სიამოვნებით დავესწრები.
უშიშროების საბჭოს ფორმატში, განსახილველი საკითხი „მოკავშირეობისა და ინტერგაციის“ დოკუმენტი იქნება, რომელსაც რუსეთი აფხაზებს სთავაზობს?
- უშიშროების საბჭო სათათბირო ორგანოა და პრეზიდენტი გვეუბნება, რომ თათბირის ჩატარება მინდა და თქვენგან რჩევებს ველიო. რუსეთის საპასუხო ნაბიჯებზე მთავრობამ კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებულ ფორმატში იმსჯელა, მეორე დღეს კი გეგმა არსებობდა, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებამ იმავე დღეს დაიწყო. ამ პროცესში ყველა თავისი მიმართულებით არის ჩართული.
თუ რუსეთის გეგმის საპასუხოდ მთავრობას სტრატეგია უკვე შემუშავებული აქვს, უშიშროების საბჭოს ფორმატში რაზე უნდა ჩამოყალიბდეთ?
- პრეზიდენტს რჩევის მიღებას სურს და ჩვენც მივდივართ.
პირადად თქვენ, პრეზიდენტს რას ურჩევთ?
- ერთად უნდა ვითათბიროთ. ცხადია, დღემდე რაღაც ნაბიჯები გადაიდგა და შეიძლება, ის შევაჯამოთ და ახალზე ვიფიქროთ.
იაპონიაში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპაცია დაგმო და მოსალოდნელ ანექსიაზე ისაუბრა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მიმართ აგრესიული საგარეო პოლიტიკის წარმოება დაიწყეთ?
- აგრესიული პოლიტიკა ალასანიამ ახსენა და ამ განსაზღვრების შეფასება ირაკლის უნდა სთხოვოთ. ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია სცადა, მაგრამ უცებ, ეს ხელშეკრულება გამოხტა, რომელიც დესტრუქციულია და არა კონსტრუქციული. ქართული მხარე რესურსის მობილიზებას და საერათშორისო ძალების კონსოლიდირებას ახდენს. პარტნიორებს მივმართავთ მათი ძალისხმევა იქითკენ იყოს მიმართული, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ. პრაქტიკულ მოქმედებებზე გადავედით.
თქვენ ელით, რომ რუსეთი გეგმის განხორციელებაზე უარს იტყვის?
- ის, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს და რითაც ფაქტობრივად საერთაშრისო ნორმა დაამსხვრია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის - საქართველოსთან მიმართებაში. ეს ის ქვეყანაა, რომლისგანაც ყველაფერს უნდა ელოდო. თქვენს კითხვას პუტინის გარდა, ვერავინ უპასუხებს.
აფხაზეთის ანექსიის მცდელობას, ქართული მხარე რას უპირისპირებს? გამოწვევის წინაშე ხელისუფლება რამდენად ადეკვატურია?
- ეს დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონე არ არის, თუმცა, იმ მოსალოდნელ, შორეულ შედეგებზე ვსაუბრობთ, რაც შეიძლება ამ შეთანხმებას მოჰყვეს. ჩვენს თანამოქალაქე აფხაზებზე ვზრუნავთ, რომ ისინი ადგილზე დავიცვათ. ამ პროცესს აფხაზეთის კოლონიზაცია და პროვინციად გადაქცევა მოჰყვება, სადაც შესაძლებელია, დემოგრაფიული ვითარება ხელოვნურად შეიცვალოს, რაც არც ჩვენს ინტერესებში შედის და არც აფხაზების. ფრონტის ერთ ხაზზე ვართ, მაგრამ ერთად არ ვდგავართ. ორივე მხარე დესტრუქციული ნაბიჯების წინააღმდეგ ვიბრძვით. ამას აფხაზები კარგად ხედავენ და გამოხმაურება პოზიტიურია.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ აფხაზები ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოვლენ? ეს იმ პირობებში რამდენად წაროგიდგენიათ, როცა სეპარატისტებს რაულ ხაჯიმბა მართავს, რომელიც პუტინის კეთილგანწყობით სარგებლობს?
- აფხაზებმა იციან, რომ დღეს, ისინი ოკუპაციის პირობებში იმყოფებიან. მათ ე.წ დამოუკიდებლობასთან მიმართებაში რა ილუზიაც ჰქონდათ დაიმსხვრა და სხვა რეალობის წინაშე დადგნენ. აფხაზები ხვდებიან, რომ გამოსავალი უნდა იპოვონ. ჩვენც აქ ვართ და მათ გვერდით ვდგავართ. ეს არის თვითგამორკვევის ეტაპი. დედამიწის ზურგზე ეთნიკურ აფხაზებს ჩვენზე უკეთესად არავინ დაიცავს და ეს მათაც ძალიან კარგად იციან. დღეს, აფხაზები ოკუპაციის პირობებში არიან და მათ საუბრის უფლებას რუსეთი არ აძლევს.
აფხაზების თვითგამორკვევაში, რას გულისხმობთ?
- აფხაზები უნდა გამოერკვნენ, რომ ოკუპაციაში იმყოფებიან და ვინც მათ ინტერესებს და იდენტობას დაიცავს, ეს ჩვენ ვართ.
და ბოლოს... როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მარგველაშვილ-პუტინის შესაძლო შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ფლობდით?
- ეს საკითხი პოლიტიკურ დონეზე არასდროს არ განხილულა. ეს თემა სერიოზულად აღქმული არ ყოფილა. შეიძლება ვინმეს იდეა ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურ დონემდე იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ მოაღწია, რომ ამ შეხვედრას პერსპექტივები არ აქვს.