„დაღდასმული კონსტიტუცია“

„დაღდასმული კონსტიტუცია“

კონსტიტუციონალისტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადება ფაქტობრივი შეცდომაა. საქართველო არის შერეული მმართველობის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის ძალაუფლება არის შემცირებული, ხოლო პრემიერის გაზრდილი - პარლამენტის უფლებამოსილების შემცირების ხარჯზე. სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსსა და მოქმედ კონსტიტუციაში არსებულ ხავეზებზე, პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციონალისტებთან და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცახდებით, რომელიც ამავდროულად, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეცაა, წინა ხელისუფლების დროს, ქვეყნის კოსტიტუცია კონკრეტული პირის ინტერესების უზრუნველსაყოფად შეიცვალა, რამაც კანონში ხარვეზები გამოიწვია.

„ჩვენი კოსტიტუცია დაღდასმულია იმით, რომ შეიცვალა ერთი პირის მომავლიდან და ნება-სურვილიდან გამომდინარე და სხვა საკითხები დარჩა ყურადღების მიღმა. ნაბიჯი საპარლამენტო მმართველობისკენ იმიტომ კი არ იყო გადადგმული, რომ საპარლამენტო მმათველობა, როგორც მოდელი აინტერესებდა ვინმეს, არამედ, იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის როლი გაძლიერებულიყო ერთი, კონკრეტული პირის ინტერესების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს მოქმედი სისტემა თავისი არსით არის საპარლამენტო მოდელი. რაც შეეხება რეფორმას, შექმნილია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, თუმცა, საკმაოდ ნელი ტემპებით მუშაობს.

„მთელი სამი თვის განმავლობაში არ ჩატარებულა შეკრება, გარდა ამისა, არ არსებობს ერთიანი ხედვა, რომელსაც წარმოადგენდა კოალიცია ,ან რომელიმე სუბიექტი ამ კოალიციიდან. მთავრი პრობლემა გახლვათ ის, რომ საბოლოო ჯამში, კონსტიტუცია სამი მეოთხედის უმრავლესობით უნდა იქნას მიღებული, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში კი, ძალიან რთული იქნება სამი მეოთხედის მოგროვება. ანუ კონსესუსის მიღწევა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეიძლება არსებული პარლამენტის მოწვევის პირობებში, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული არ იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში კონსტიტუციური მართვის მოდელი 2023 წლამდე ვერ შეიცვლება. ამის მიზეზად ალაფიშვილი საარჩევნო კალენდარსა და კონსტიტუციური ცვლილებებისთვის აუცილებელ კვორუმს ასახელებს. მისი თქმით, ჯერჯერობით საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებშიც კი, არ არიან ჩამოყალიბებული, რაზე მუშაობს ეს კომისია - ცვლილებებზე თუ ახალ კონსტიტუციაციაზე.

„პოლიტიკოსების ნებისმიერი მსჯელობა ამ საკითხზე მხოლოდ სუბიექტური იქნება. რა უნდა იყოს მომავალში, ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ დღევანდელი კონსტიტუციის ერთადერთ ჩანაწერში, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების კვორუმს განსაზღვრავს. მხედველობაში მაქვს სამი მეოთხედიანი კვორუმი და ამის შემდეგ უკვე კალენდარს უნდა მივმართოთ - 2016, 2017, 2018 წლები საარჩევნო წლებია. 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებია, 2017 წელს – თვითმმართველობის, 2018-ში კი საპრეზიდენტო. როგორც მინიმუმ, ამ პერიოდების განმავლობაში და თუკი კვორუმსაც გავითვალისწინებთ, თვისობრივად ახალი მმართველობითი მოდელი ჩემთვის განჭვრეტადი არ არის. კალენდარს თუ გადავხედავთ, 2023 წლამდე არ მგონია, რომ რეალური იყოს მმართველობის მოდელის ცვლილებაზე საუბარი“, - აცხადებს ალაფიშვილი.

მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ახალ საკონსტიტუციო სისტემას შეეხებოდა, აღინიშნა, რომ საქართველოს მოდელს ანალოგი არ აქვს. როგორც ალაფიშვილი ამბობს, ეს არის მოცემულობა და ამ ჩარჩოში ყველამ უნდა მოძებნოს ის საკითხები, რომელიც საერთოა ყველასთვის და ყოველგვარი დავის გარეშე გადაწყვიტოს, მითუმეტეს საჯარო დისკუსიის გარეშე.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მცდელობა, ახალი კანონპროექტის ინიცირების, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, იქნება მცდელობა ინსტიტუციების უფლებრივი სეპარაციისკენ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩიხისკენ და კონფლიქტისკენ მიდის“, - ამბობს ლევან ალაფიშილი.

ალაფიშვილის პოზიციას, რომ 2023 წლამდე არ შეიძლება რეალური იყოს მმართველობის მოდელის ცვლილებაზე საუბარი, იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების სურვილიც არ არსებობს. მისივე განცხადებით, თუ კი, პოლიტიკური მიდგომა გაგრძელდა კონსტიტუციის მიმართ, კიდევ ბევრი წელი დაიკარგება გამართული კონსტიტუციის გარეშე.

„ყველაფერში ვბაძავთ ამერიკელებს გარდა იმისა, რაც ჩვენს პოლიტიკურ ინტერესებში შედის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისურვებდი, რომ მიგვეძაბა ამერიკელებისთვის. თუ კი მოახერხებენ პოლიტიკური პარტიები და თავს დაანებებენ კონსტიტუციას, გამოყოფენ სპეციალისტებს, ჩაკეტავენ ოთახში და ამუშავებენ კონსტიტუციაზე, ანუ კონსტიტუცია თუ დამუშავდება პოლიტიკური ინტერესის გარეშე, როგორც ეს გაკეთდა ამერიკაში, მერე შეიძლება მივიღოთ კონსტიტუციის ისეთი მოდელი, რომელსაც სახელმწიფოს აგების მოდელი ექნება საფუძვლად და არა პოლიტიკური მოგების მოტივი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.