ეკონომიკის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია  კულტურული, ზნეობრივი ურთიერთობები

ეკონომიკის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია კულტურული, ზნეობრივი ურთიერთობები

დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია თემაზე - “მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო”, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა - უამრავი სამეცნიერო ნაშრომი გამოიგზავნა საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან, ასევე - საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, რომლებიც შეიკრიბება და ერთად გამოიცემა ჟურნალ “სოციალური ეკონომიკის” სპეციალურ ნომერში. “ეს კონფერენცია კიდევ ერთი დასტური იქნება ქართველი ეკონომისტების სიძლიერის და ინტელექტის” -  აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკურ-მეცნიერებათა დოქტორი სოლომონ პავლიაშვილი

 

მაშინ, როდესაც რადიკალურად იცვლება მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის ხასიათი, პრიორიტეტული და თვალშისამჩნევი ხდება გლობალიზაციის პროცესების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე. თქვენი აზრით რა არის ამის განმსაზღვრელი კრიტერიუმი და მთავარი მიზანი?

- ასეთი თემები, ზოგჯერ რთული და უინტერესო წასაკითხია საზოგადოების იმ ფენისთვის, რომელიც ღრმად არ არის გარკვეული ეკონომიკურ თეორიებში, მაგრამ მე მაინც შევეცდები გაგცეთ პასუხები მარტივი და გასაგები ენით.

 

დღეს რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია და თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში აღარ არის მთავარი, მხოლოდ საბაზრო ურთიერთობები. თანამედროვე ინსტიტუციურ-სოციოლოგიური მიმართულება ეკონომიკას განიხილავს, როგორც საზოგადოებრივი განვითარების ერთ-ერთ ქვესისტემას, რომელიც ურთიერთქმედებაშია სხვა ქვესისტემებთან. ამიტომ, ეკონომიკური განვითარების შესწავლისას, არ არის საკმარისი მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორების განხილვა, არამედ აუცილებელია ეკონომიკური და არაეკონომიკური ფაქტორების ურთიერთქმედების, ეკონომიკური მექანიზმების სტრუქტურულ ორგანიზაციული და ფუნქციონალური ასპექტების შესწავლა. მთავარია სხვადასხვა ინსტიტუტების ურთიერთქმედება, ხოლო ინსტიტუტში იგულისხმება ქცევის ფორმალური და არაფორმალური ნორმები და წესები, რომლებიც ადამიანებს აძლევენ საშუალებას კორდინაცია გაუწიონ თავიანთ საქმიანობას.

 

ეკონომიკის წარმატებული ფუნქციონირებისათვის დღეს ძალზე მნიშვნელოვანია არასაბაზრო ურთიერთობები - ძალაუფლებითი, კულტურული, ზნეობრივი, რომლებიც არანაკლებ ზემოქმედებენ ეკონომიკაზე ვიდრე ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობები. წინა პლანზე გამოდის განათლების, ცოდნის, მეცნიერების, ინფორმაციის, ტექნოლოგიის სიღრმისეული და სრულყოფილი განვითარება, რომელთა უზრუნველყოფა, მხოლოდ კერძო ფირმებს და სექტორს არ შეუძლია. ამიტომ საჭიროა სახელმწიფოებრივი დაფინანსების გადაწყვეტილების მექანიზმების არსებობა, სახელმწიფოს სექტორის როლის მნიშვნელობის ამაღლება, მთლიანი ნაციონალური პროდუქტის წარმოებასა და განაწილებაში: კეთილდღეობის სახელმწიფოს განვითარება, საგადასახადო პოლიტიკისა და ტრანსფერტების საფუძველზე.

ამ მიმართულების მიხედვით ეკონომიკის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის მნიშნვნელოვანი არამარტო ეკონომიკური ფაქტორები არამედ - პოლიტიკური, სამართლებრივი, ტექნოლოგიური, ეთიკური, ასევე ტრანსაქციული დანახარჯების ეფექტიანობა, საკუთრების უფლების გარანტირებულობა და სხვა.

 

რა უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განსაზვრის მთავარი საფუძველი სხვადასხვა ეტაპზე.

- რა თქმა უნდა, ეს ყველა ქვეყნისთვის ერთნაირი ვერ იქნება, ვინაიდან ეკონომიკის ძირითადი პრინციპები ყველგან ერთნაირად არ მუშაობს. ეს დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე, მის ორიენტაციაზე, დემოკრატიულობის ხარისხზე, ეს უკანასკნელი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

ეკონომიკაში კარგად არის ცნობილი ნობელის პრემიის ლაურიატების ჯ. ბიუკენენის და ერროუს საზოგადოებრივი არჩევანის თეორია, რომლის მიხედვითაც, დემოკრატიული სახელმწიფოს როლი ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზვრელია ეკონომიკის ნორმალური და ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. სახელმწიფო ფინანსების მეშვეობით უდიდეს გავლენას ახდენს თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაზე, მაგრამ მისი მოცულობა და სტრუქტურა, შემოსავლები და გასავლები განისაზღვრება არა საბაზრო მექანიზმებით, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესების ურთიერთქმედებით, რომლებიც ხმის მიცემით ვლინდება. მაშასადამე ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის და განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციური და ხელშეკრულებითი მექანიზმები.

 

სწორედ ეს მიმართულება აანალიზებს პოლიტიკურ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის დონეს, ასეთი ჩარევის შეზღუდვის საშუალებებს, მათ შორის - კონსტიტუციით გათვალისწინებულ წესებსა და პრინციპებს. ასეთი ჩარევის საფუძველი შეიძლება ეთიკური მიზეზიც იყოს.

 

დღეს მთავარი მოტივი უნდა იყოს არა მხოლოდ საბაზრო არჩევანი, არამედ სოციალური არჩევანიც და ადამიანების კეთილდღეობა. ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ქვეყნის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, ძირითადად, უნდა იყოს საზოგადოების შეკვეთა, ხოლო მიზანი - საზოგადოებრივი კეთილდღეობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. სწორედ ამიტომაც, დღეს ეკონომიკის ეფექტიანად ფუნქციონირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს სოციალური ეფექტიანობის ინტეგრალური მაჩვენებელი ადამიანის განვითარების ინდექსის სახით, რომელშიც აისახება ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლები გაეროს საერთაშორისო მეთოდიკის მიხედვით, კერძოდ ისეთი, როგორიც არის სიცოცხლის ხანგრძლივობა, განათლების დონე, მსყიდველობითუნარიანობა და სხვა.

 

როგორ უყურებთ გლობალიზაციის პროცესების გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე და მათ შორის საქართველოზე?

- თვითონ გლობალიზაციის პროცესის დაწყება, როგორც იტყვიან, არახალია. მას თავისი ინსტიტუები და თავისი განვითარების ეტაპები გააჩნია. ჩვენამდე შეიძლება ახლა მოაღწია, მაგრამ  შეიძლება ითქვას, რომ ის სათავეს იღებს XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, რომლის შექმნის და დაწყების საფუძვლები ეკონომიკური მოტივაცია იყო - ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება – 1951 წელს. შემდგომში ევროკავშირი, ასევე  მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (ბრეტონ-ვუდსის ინსტიტუტები) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნა და განვითარება. ნატო და ა.შ. მისი მიზანია ერთიანი მსოფლიო ეკონომიკის შექმნა და ეროვნული ეკონომიკის მაქსიმალური შესუსტება.

 

მაღალი ხარისხის გლობალიზაციის პირობებში იმდენად არის ქვეყნის ეკონომიკა ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, რომ ერთად გადიან ეკონომიკური ციკლის ყველა ეტაპებს, ამიტომ კრიზისების პერიოდში, ეკონომიკური კავშირების განვითარების თვალსაზრისით, ადამიანური რესურსების შერჩევის, ნედლეულის მოპოვების, მიწოდების, გადამუშავების თვალსაზრისით და არჩევანის მრავალფეროვნებით მას აქვს გარკვეული პოზიტიური ეფექტი. ეს არის ეკონომიკური ურთიერთობა - პროცესი საზღვრებს გარეშე. ე.ი შენი ბიზნეს-საქმიანობა შეგიძლია მართო ერთი ქვეყნიდან მეორეში.

 

გლობალიზაციის შედეგია ასევე სპეციალური ეკონომიკური ზონების არსებობა, სადაც ადგილობრივი მთავრობები (ძირითადად განვითარებადი ქვეყნის) ინვესტორებს აძლევენ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებს ან საერთოდ ანთავისუფლებენ გადასახადებისაგან. ასეთი ზონები შექმნილია, ლათინურ ამერიკაში, კარიბის ზღვაზე და “აზიის ვეფხვების” ქვეყნებში სინგაპური, ტაივანი, ჩინეთი და სხვა...

 

ფინანსური გლობალიზაცია გარკვეულად იცავს ქვეყნების ფინანსური კრიზისებისაგან, ვინაიდან ხდება ერთიანი საფინანსო ბაზრის ჩამოყალიბება და ხშირ შემთხვევაში - ერთიანი ვალუტაც კი, როგორიც იყო 2002 წელს ერთიანი ვალუტის შემოღება. თვითონ ბანკების საქმიანობაც ტრანსნაციონალური საქმიანობის სახეა. დღეს მსოფლიოში თითქმის 70 000 ტრანსნაციონალური კომპანიაა და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.

 

აღსანიშნავია, რომ გლობალური წარმოების შედეგად მიღებული პროდუქტი ასევე გლობალურ ქსელებში იყიდება, როგორიც არის “ნაიკი”, “ადიდასი”, “ლაკოსტა” და სხვა.

 

უნდა ითქვას, რომ საქართველოში ამ მხრივ შედარებით არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. ტრანსაციონალური კომპანიები, ძირითადად, მოღვაწეობენ, ნავთობისა და კომუნიკაციების სფეროში. ისეთები, როგორიც არის მაგალითად: “რომპეტროლი”, “სოკარი”, “მეტრომედია”, “არამეკსი” (საქართველოს ფოსტაში), კვების პროდუქტებში - “მაკდონალდსი” და სხვა.

 

მნიშვნელოვანია, რომ გლობალიზაციის პროცესში, ხშირ შემთხვევაში განვითარებადი სახელმწიფოები იჩაგრებიან. რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოების მეგობრულ დამოკიდებულებაზე, განვითარებად და სუსტ სახელმწიფოების მიმართ, ეკონომიკა და სახელმწიფოებრივი ინტერესები მაინც თავისას აკეთებს. მსხვილი სახელმწიფოები ყოველთვის ცდილობენ სუსტი სახელმწიფოებისაგან შეისყიდონ ნედლეული, მასალები, ხშირ შემთხვევაში - საბაზრო ფასზე გაცილებით დაბალ ფასად. სუსტი სახელმწიფოებიც იძულებულები არიან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერების მიზნით “არ აწყენინონ” ძლიერ მეგობრებს.

 

პოზიტიურ მხარეებთან ერთად გლობალიზაციას გააჩნია საკმაოდ უარყოფითი მხარეებიც. ზოგ შემთხვევაში გლობალიზაცია ეროვნული თვითმყოფადობის და ეროვნული ინტერესების იგნორირებას ახდენს. ამიტომაც ეკონომიკური გლობალიზაცია ხშირად ინტერნაციონალიზაციას იწვევს. ასევე, მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გამო ერთ ქვეყანაში შექმნილი, პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასთან მჭირდრო კავშირში მყოფ ქვეყნებზეც.

 

გლობალიზაცია დადებითი შედეგის მომტანია, უფრო მეტად, განვითარებული ქვეყნებისათვის, როდესაც ისინი ახორციელებენ ინვესტიციებს. ხშირ შემთხვევაში მიმღები ქვეყნების ინტერესები საერთოდ არ გაითვალისწინება და ორიენტირებულია მხოლოდ მაღალ მოგებაზე. რაც შეეხება შრომით გლოალიზაციას, აქ მდგომარეობა მეტად მძიმეა. ხშირად ღარიბი ქვეყნებიდან ადამიანები ვერ ჩადიან განვითარებულ ქვეყნებში, რათა იპოვონ სამუშაო ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ ქვეყნების გარკვეულ გამოთანაბრებას განვითარებულ ქვეყნებთან. ძალზე რთულია მოქალაქეობის მიღება იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ჩავიდნენ პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე - ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან.

 

აუნდა აღინიშნოს ის მონოპოლიური მდგომარეობა, რომელიც უკავია ამერიკულ დოლარს და ასევე - ევროს, რომელმაც, ფაქტობრივად, შეავიწროვა ფუნტ სტერლინგის გავრცელების არე. ე.ი გლობალიზაციის პროცესში მსოფლიო ბაზარზე იკვეთება მხოლოდ 3-4 ქვეყნის დომინირებული მდგომარეობა. ასეთებად დღეს გვევლინებიან აშშ, გერმანია, იაპონია, და ასევე ბოლო პერიოდში “ბრიკის” ქვეყნები (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი).

 

მაინც როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის პოზიცია ტრანსნაციონალური კომპანიების შემოსვლასა და გლობალიზაციის პროცესის მიმართ, როგორ უნდა შეუწყოს ხელი ამ პროცესების სინქრონულად განვითარებას, ისე, რომ არც ეროვნული ინტერესები შეილახოს და ჩვენც ვიყოთ მჭიდროდ ინტეგრირებულები მსოფლიო ეკონომიკაში.

- პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ის ძირითადი ფაქტორები, რომლითაც შეგვეძლება ეროვნული ეკონომიკისა და გლობალიზაციის პროცესების ჰარმონიული განვითარება:

 

განისაზღვროს ეროვნული ეკონომიკის განვითარების დონე, პოტენციალი და მასზე მოქმედი გლობალიზაციის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები. უნდა შევძლოთ მსოფლიო გლობალიზაციის პროცესების განმსაზღვრელ ქვეყნებთან, (აშშ, იაპონია, ევროკავშირი), კორდინირებული მუშაობა. მოვახდინოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული კრედიტების, გრანტების მაქსიმალური ტრანსფორმირება ეროვნული ეკონომიკისთვის. ეროვნული უსაფრთხოების და მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციის პროგრამის, ღონისძიებათა ნუსხის რეალიზაცია და მათი მოყვანა თანამედროვე მსოფლიოს ადეკვატურ პროცესებთან. იმპორტ-ჩანაცვლებადი პროდუქციის მაქსიმალური დახმარება და ეროვნული წარმოების მხარდაჭერა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეკომენდაციების ფარგლებში.

და სხვა...

 

ხოლო შიდა პროცესების თვალსაზრისით უნდა გავაძლიეროთ ისეთი ინსტიტუტების მუშაობა, ავამაღლოთ ხარისხი და ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალური კომპანიების საქმიანობის საქართველოში და ქვეყნის ინტეგრირებას მსოფლიო ეკონომიკაში, კერძოდ, ისეთი ინსტიტუტების, რომელზეც არ უნდა იმოქმედოს პოლიტიკურმა, სოციალურმა ცვლილებებმა. ანუ სახელმწიფომ უნდა შექმნას სტაბილური, ანტიციკლური პოლიტიკა. ასეთებად მიმაჩნია:

 

ეროვნული ბანკის ფუნქციების გაფართოება და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა. საფონდო ბაზრის განვითარება, მეორადი ბაზრის ჩამოყალიბება. სოციალური დაზღვევის ინსტიტუტის დამკვიდრება და განვითარება. კომუნიკაციებისა და ენერგეტიკული მარეგულირებელების სრული დეპოლიტიზაცია. ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა. ბიზნეს ასოციაციებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა.