„ნაციონალების“ ბოიკოტს შესაძლოა, ლევან ბეჟაშვილის პოსტი შეეწიროს

„ნაციონალების“ ბოიკოტს შესაძლოა, ლევან ბეჟაშვილის პოსტი შეეწიროს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ულტიმატუმს უყენებს, სხდომები თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ნაცვლად იუსტიციის სახლში ჩაატაროს, მმართველი გუნდი კი ოპოზიციონერი დეპუტატის დასჯას მისი პოსტიდან გათავისუფლებით აპირებს.

ლევან ბეჟაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, დღეს, პროტესტის ნიშნად ჩანიშნულ სხდომას თავად არ დაესწრო და შემოთვალა, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის ისტორიულ შენობაში მისვლას არ გეგმავს.

for.ge-სთან საუბარში ბეჟაშვილი ბოიკოტის მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის შეკრების და საქმიანობის ადგილი არის ქუთაისი. შესაბამისად, თბილისში მდებარე ე.წ. პარლამენტის შენობაში ჩატარებული სხდომები არაკონსტიტუციურია.

„მითუმეტეს, როცა საქმე კონსტიტუციაზე მომუშავე კომისიას ეხება, მათთვის უმთავრესი კონსტიტუციის პატივისცემა უნდა იყოს. შეხვედრა იუსტიციის სახლში უნდა ჩანიშნულიყო, როგორც ეს ადრე ხდებოდა, მაგრამ რატომღაც, ამ შეთავაზებაზე უარი მივიღეთ და პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების გამართვა ვერ მოხერხდა. ეს შეხვედრა ჰაერში გამოკიდებული დარჩა“, - ამბობს დეპუტატი, რომელსაც ამავე ჯგუფის წევრი და დეპუტატი თინა ხიდაშელი აკრიტიკებს.

კანონმდებელის თქმით, ბეჟაშვილს უფლებას არ მისცემენ, რომ სამუშაო ჯგუფის პარალიზება მოახდინოს.

ნაციონალების ბოიკოტის ფორმის შეფასებისას ხიდაშელი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ უმცირესობის წევრები თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებს ესწრებიან.

„ეს ბოიკოტი უკვე დარღვეულია, რადგან გუშინ, ბობოხიძე მთელი დღე აქ იყო და სხვადასხვა სხდომას დაესწრო, ხოლო ბარამიძეს პრობლემა არ აქვს უცხოელ დელეგაციებთან შეხვედრებს დაესწროს. როგორც ჩანს, იქ სადაც საქმეა საკეთებელი, არ მოდიან და სადაც თავია მოსაწონებელი და გამოსაჩენი, იქ მოსვლის პრობლემა არ აქვთ“, - ამბობს დეპუტატი.

for.ge-სთან საუბარში ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ, ბეჟაშვილი მომვენო სხდომებსაც არ დაესწრება, მისი პოსტიდან გათავისუფლება მოხდეს.

ოპონენტის მუქარის საპასუხოდ, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მისთვის პოსტი მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია, სამუშაო ჯგუფის წევრებმა კონსტიტუციას სცენ პატივი.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს, როცა დელეგაციებს ხვდება და როცა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს არ ესწრება. თუ დელეგაციების სტუმრობის დროს სხვა ფორმატი იმის საშუალებას არ იძლევა, რომ სტუმარს შეხვდე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდო, მაშინ შეხვედრას უნდა დაესწრო. პრობლემა შენობაში შესვლაზე კი არ გვაქვს, არამედ სტატუსზე. შეიძლება, მაგ შენობაში უსუფაშვილს ჩაიზე შევხვდე, მაგრამ ოფიციალური სტატუსით მუშაობა არ უნდა წარიმართოს. ცხრა წლის მანძილზე, ქვეყნის განვითარებისთის ჩვენ რომ ვიმუშავეთ, ეს „ქართულ ოცნებას“ არც დაესიზმრება. შეცდომები იყო, მაგრამ უდიდესი წარმატებებიც გვქონდა“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა, რომელიც აანონსებს, რომ პარლამენტის ნაწილობრივ თბილისში დაბრუნების თაობაზე უმცირესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

დეპუტატი აქცენტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და მასში შემავალი ჯგუფების მუშაობაზეც აკეთებს და აღნიშნავს, რომ კომისიის საქმიანობამ სამეცნიერო კონფერენციის სახე მიიღო.

„რეალური გადაწყვეტილებების და რეალური თემების განხილვა არ ხდება. კონსტიტუციაში ცვლილებები ვინ უნდა მიიღოს - უმცირესობა და უმრავლესობამ ხომ? კონსტიტუციურ ცვლილებებზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს და თან ოპოზიციის განადგურება აქვთ გამიზნული, შესაბამისად, როგორც ვატყობ, რეალური ცვლილებების განხილვა არ სურთ“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ლევან ბეჟაშვილი შეინარჩუნებს თუ არა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის თანანმდებობას, ეს 3 ნოემბრამდე გადაწყდება, რადგან როგორც for.ge-ს ჯგუფის წევრმა, კახა კახიშვილმა განუცხადა, ჯგუფი ბეჟაშვილთან კონსულტაციების გზით ეცდება მუშაობა გაგრძელდეს.

„თუ მისგან უარი იქნება, ხელმძღვანელის შეცვლაზე ვიფიქრებთ“, - ამბობს კახიშვილი, რომელიც განგვიმარტავს, რომ ეს ჯგუფი მუშაობს - უშიშროების საბჭოს, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურის, პროკურატურისა და რამდენიმე უწყების კონსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.

 for.ge-ს ინფორმაციით, 3 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომას ლევან ბეჟაშვილის ნაცვლად, შესაძლოა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე წარუძღვეს.