„ძლიერი „თავისუფალი-დემოკრატები“ ძლიერი კოალიციაა“

„ძლიერი „თავისუფალი-დემოკრატები“ ძლიერი კოალიციაა“

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პარტნიორებმა უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა აფხაზეთთან დაკავშირებით, მოსკოვმა ყველა მისი ახირების გატანა და დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა ვერ შეძლოს. დეპუტატის ცნობით, ქართულმა მხარემ რუსეთის გეგმის საწინააღმდეგოდ ყველა ფორმატი უნდა გამოიყენოს. კანონმდებელი შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო მეგობრებისგან მხრიდან მყისიერი ნაბიჯების გადადგმას ელის.

საგარეო ფლანგზე მიმდინარე პროცესებსა და „თავისუფალი-დემოკრატების“ პარტიულ გეგმებზე, for.ge ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა:

რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დაანონსა, რომ ქართული მხარე აგრესიულ საგარეო პოლიტიკას მიმართავს. იაპონიაში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას საქართველოში და მიიწევს ქვეყნის ტერიტორიის ანექსიისკენ. ასევე მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო რუკის ფერები იცვლება ყოველდღიურად იმ თეორიების საფუძველზე, რომელიც ყალიბდება მოსკოვში. შეიძლება ითქვას, რომ აგრესიული საგარეო კურსის წარმოება უკვე დაიწყო?

- რუსეთთან ვითარების ნორმალიზების მიზნით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი შემოვიღეთ და გვსურდა, ამ საქმეში მეტ-ნაკლებად წარმატებებისთვის მიგვეღწია, მაგრამ უკან იმას ვიღებთ, რაზეც მარგველაშვილმა და თუნდაც ალასანიამ ისაუბრეს. აქ საუბარი იმაზეა, რომ რუსეთთან მიმართებაში ჩვენმა პარტნიორებმა უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რათა აფხაზეთთან დაკავშირებით, მოსკოვმა ყველა მისი ახირების გატანა და დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმა ვერ შეძლოს. ბოლო პერიოდში, უკრაინაში რაც ხდება, ნათელს ხდის იმას, თუ რა სიღრმეებში შევიდა რუსეთი და თავის მიზნების განხორციელება თუ როგორ შეძლო 21 საუკუნისთვის გაუმართლებელი იმ ქმედებებით, რომელსაც იყენებს როგორც საქართველოს მიმართ, ასევე მოლდოვასთან დაკავშირებით. ყირიმზე ლაპარაკი საერთოდ აღარ შეიძლება. ქართული მხარე ყველა საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებს გავაგებინოთ ის, მათ აქტიურობას და ჩართულობას თუ რა მნიშვნელობა აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ლუქსემბურგში იმყოფება და დოკუმენტის საფრთხის თაობაზე უცხოელ კოლეგებს ინფორმაციას აწვდის. ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ. მათ შორის, ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღების დროც მოდის. პარტნიორებთან სერიოზული კომუნიკაცია მიდის.

ფიქრობთ, რომ რუსეთი გეგმებს შეცვლის?

- შედეგზე საუბარი ძალიან რთულია. ის სანქციები, რომელიც მიღებულია და რომელიც შეიძლება მომავალშიც მიიღონ, რუსეთს ფინანსურ და სავაჭრო პრობლემებს შეუქმნის. ეს პროცესი მარტივად არ ჩაივლის. მართალი გითხრათ, ილუზია არ მაქვს, რომ რუსეთი დღეს პოლიტიკას შეცვლის, მაგრამ შემაკავებელი ფაქტორები ყოველთვის არსებობს და რუსეთი საერთაშორისო კრიტიკას ზედაპირულად არ უყურებს. ძალიან ბევრჯერ ვარ იმის მომსწრე, თუ როგორ უხერხულ ვითარებაში აღმოჩენილან რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მაშინ, როცა მას იმ ენით ესაუბრებიან, რომლითაც იმ ქვეყანას უნდა ესაუბრო, რომელიც ამგვარ ნაბიჯებს დგამს.

იმაზე საუბარი რთულია, თუ რა შედეგი დადგება, მაგრამ ის, რომ საქართველოს მხრიდან ფრონტი გასაძლიერებელია, ამას თქმა არ სჭირდება. საერთაშორისო მეგობრებისგან მხრიდან მყისიერი ნაბიჯების გადადგმას ველით.

ამჟამად, მოსკოვს აფხაზეთის ანექსიის გეგმა აქვს, ყირიმში კი საკუთარი განზრახვა სისრულეში მოიყვანა. რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა BBC-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველო-ყირიმს შორის მსგავსებას ვერ ხედავს. მის პათოსს იზიარებთ?

- რუსეთთან თითოეულ დამოკიდებულებას თავისი განმასხვავებელი ნიშანი აქვს. ის, რომ რუსეთი სტრატეგიულად პასპორტიზაციის პროცესის გაგრძელებას დაიწყებს და მერე შენივე ტერიტორიაზე თავის მოქალაქეების დაცვა მოუნდება, ამ სცენარებში მეტ-ნაკლები მსგავსებები არის, მაგრამ პრემიერი მასშტაბებს გულისხმობდა.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აფხაზებთანმოკავშირეობის და ინტეგრაციისპროექტის გაფორმებას ცდილობს, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელებას აპირებთ?

- ვნახოთ, რას ვიზამთ. არ მინდა, ენამ გამისწროს და აჩქარებული განცხადებები ვაკეთო. ერთი მხრივ, ამგვარი დიალოგების გაგრძელება ძალიან რთულია ისეთ ქვეყანასთან როგორიც რუსეთია, მაგრამ მეორე მხრივ, სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ თემატიკაზე ლაპარაკი ჟენევაში შეგვიძლია. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმა სხვა ფორმატია, სადაც სავაჭრო საკითხებზე ვსაუბრობთ და ამ შედეგს თვალებში მართლა ჩავხედეთ. ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანა აშენდა, მაგრამ გლეხს რომ კითხოთ, გეტყვით, რომ ყურძენს 50 თეთრად აბარებდა, ახლა კი მისი ყურძნის ფასი ორი-სამი ლარის ფარგლებში მერყეობს. თუ სამხედრო თემატიკას ეკონომიკურისგან გამოვყოფდი, მაშინ არ ავჩქარდებოდი და არ ვიტყოდი, მორჩა, დიალოგიდან გავდივარ. თუმცა, ყველა სცენარზე უნდა ვიფიქროთ. კონსტრუქციულები და შედეგზე ორინტირებული უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავდროულად პრინციპულები.

ჟენევის ფორმატზე აპელირებთ, რომელსაც რუსეთი ბლოკავს. ფორმატის გაგრძელების რესურს ხედავთ?

- ეს უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრის მთავარი თემაა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჟენევის ფორმატის დახურვაზე ლაპარაკი არ დავუშვათ. პირიქით, რუსეთი უნდა ვაიძულოთ, რომ იმ საკითხებზე ორინტირებული დარჩეს, რომელსაც ეს ფორმატი მოიცავს.

რადგან რუსეთზე ვსაუბრობთ, გკითხავთ. პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმებოდა, რომელიც მთავრობამ ჩაშალა. როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამ ინფორმაციას ფლობდით?

- მსგავსი ფაქტის შესახებ არ მსმენია. ამ სახის უმაღლესი დონის შეხვედრებს მომზადება სჭირდება, თუ რაზე ვლაპარაკობთ, რომ ვიცოდეთ. შეხვედრები შეხვედრებისთვის აღარ მუშაობს. ამ ეტაპზე, შეხვედრის მზაობას ვერცერთი მხრიდან ვერ ვხედავ.

რაც შეეხება 8 ნოემბერს დათავისუფალი-დემოკრატებისყრილობას, პარტიას რის გამო აძლიერებთ, შესაძლოა, კოალიცია დატოვოთ?

- პარტიული განვითარების პროცესი მიმდინარეობს. ძლიერი „თავისუფალი-დემოკრატები“ ძლიერი კოალიციაა. ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ კოალიციიდან გავიდეთ. პირიქით, კოლიაციაში მნიშვნელოვან თემებს განვიხილავთ და არც შეიძლება, რომ კოალიციის დატოვებაზე იყოს საუბარი.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრი გახდა, მან პარტიაში თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ორი წლის შემდეგ, თანანმდებობას ისევ რატომ უბრუნდება?

- პარტიულ მშენებლობას თუ არ მივხედეთ, არც კოალიცია იქნება ძლიერი. გვინდა, რომ სამოქმედო გეგმა გვქონდეს, რადგან 2016 წელიც მალე მოვა და რას ვაკეთებთ, არ გვეცოდინება.

პარტია დატოვა იუსტიციის მინისტრმა. თქვენს რიგებში თეა წულუკიანის დაბრუნებას უნდა ველოდოთ?

- ამ საკითხზე კონულტაციები არ გამართულა. პარტია თეამაც დატოვა, მაგრამ რა გითხრათ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

8 ნოემბერს პარტიულ ყრილობაზე ახალი სახეების წარდგენას უნდა ველოდოთ?

- ამას ვისურვებდი, რადგან ახალი სისხლის გადასხმა, კარგი იქნება. ახალ სახეების წარდგენასაც არ გამოვრიცხავ.