საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება -რესპუბლიკელების“ ხელმძღვანელი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკელების და ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს სახელისუფლებო კულუარებიდანაც უკვეთავდნენ. დეპუტატის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებდნენ, დღეს ხელისუფლებაში არ არიან. გადაცემა „რეზიუმეში“ საუბრისას ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ როგორც ფინანსდებოდა ესა თუ ის ჟურნალისტი და სტატია ყვითელ პრესაში ვანო მერაბიშვილის მიერ, ისევე გრძელდება დაფინანსებები იგივე სტუქტურების მხრიდან.
„ქართული ოცნების“ ზოგიერთი მომხრე, მაგალითად, „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი, რომელსაც დეკლარირებული აქვს, რომ მაგრად მოსწონს ირაკლი ღარიბაშვილი, ამ დროს მაგრად გვაგინებს რესპუბლიკელებს. ბევრია ადამიანი, რომელსაც მაგრად მოსწონს ღარიბაშვილი და გვაგინებს რესპუბლიკელებს. ეს ყოველთვის გულწრფელი დამოკიდებულება არ არის. ხანდახან შეკვეთილია ასეთი ტექსტები. ვარკვევ და მაინტერესებს, რატომ არის შეკვეთილი.
იყო დრო, მაგალითად შარშან, როცა ამ შეკვეთის წყაროების მატარებელი ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ დღეს აღარ არიან. ხანდახან სახელისუფლო კულუარებიდანაც შეუკვეთავენ ხან რესპუბლიკელების და ხან ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წერილებს“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
უმრავლესობის წევრის განცხადებას უკომენტაროდ ტოვებს ბრალდების მთავარი ადრესატი შსს. ბერძენიშვილის განცხადებას არც „ქართული ოცნების“ წევრებმა უპასუხეს.
სანამ დეპუტატი გარკვევის პროცესშია, ვინ უკვეთავს ხელისუფლებიდან რესპუბლიკელების წინააღმდეგ წერილებს, პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ კოალიციის შიგნით გარკვეული სახის მოძრაობა აშკარად შეინიშნება. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებაში ვიღაცა პროდასავლურ ჯგუფს ებრძვის.
„გარედან ეს ნამდვილად არ ჩანს. კულუარებში რა ხდება, მე არა ვიცი. თუმცა, ფაქტია, რომ რაღაცა მოძრაობა კოალიციის შიგნით არის. ირაკლი ალასანიამ დაიწყო პარტიის გაძლიერება, უბრუნდება პარატიის თავმჯდომარის პოსტს, ფაქტია, რომ ეს რაღაცას მიანიშნებს. გარდა ამისა, ცალკე ყალიბდება პარტია „ქართული ოცნება“ და არა კოალიცია, რომელსაც რა მიმართულება ექნება ჯერჯერობით ამის თქმა ძნელია. ფაქტია, რომ რაღაცა მოძრაობა დაიწყო კოალიციაში და დაიწყო აგრესიული ფონით. ამის პარალელურად კი, ვიღაცა ცდილობს, რომ კოალიცია როგორმე დაიშალოს, ანუ ბზარი გაჩნდეს კოალიციის სუბიექტებს შორის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
ყოფილი პრემიერის, ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი კი დავით ბერძენიშვილს მოუწოდებს, რომ ღიად და გარკვევით ილაპარაკოს, თუ ვის გულისხმობს როდესაც აცხადებს, რომ „შარშან ამ შეკვეთის წყაროების მატარებელი ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ დღეს აღარ არიან“.
„თუ ამ მინიშნების ადრესატი მე ვარ, ეს ჩემი სტილი არაა. უნდა თქვას ვის გულისხმობდა. საერთოდ, ეს არაა ახალი რეალობა, რომ რესპუბლიკელები არ მოსწონთ და ბიძინა ივანიშვილი მოსწონთ. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოსწონდეს ღარიბაშვილი და არ მოსწონდეს დათო ბერძენიშვილი“, - აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე განცხადებით, თუ დასტურდება, რომ „თავისუფალი თაობა“ კავშირშია ხელისუფლებასთან, მაშინ შეიძლება ეს კითხვა დაისვას და თავად დეპუტატმა განაცხადოს, რომ ორგანიზაცია, რომელიც მათ ებრძვის აფელირებულია ხელისუფლებასთან.
„შეიძლება მას აქვს ეჭვი „თავისუფალ თაობასთან“ დაკავშირებით, მაგრამ ეჭვებით კი არ უნდა ისაუბროს, არამედ გაჭრით უნდა ილაპარაოს, ისევე იმ შემთხვევაში, რომ ხელისუფლებაში იყო ვიღაცა, რომელიც თურმე რაღაცას უკვეთავდა. გარკვევით უნდა ილაპარაკოს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში რესპუბლიკებელი არ მოსწონთ, ეს არაა ახალი და მე არ მესმის, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის უნდა მოსწონდეთ ახლა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ ბერძენიშვილის განცხადება ცხადყოფს, გარკვეულ წინააღმდეგობას კოალიციის შიგნით.
„არ მგონია, რომ ალასანია და რესპუბლიკელები ერთ გუნდად უნდა წარმოვიდგინოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ორი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობაში ნამდვილად წარმოადგენს ინტელექტუალურ ავანგარდს. ხშირ შემთხვევაში, მათი პროდასავლური პოზიციები აღმოჩნდება ხოლმე გარკვეული შეტევის ქვეშ, ხშირ შემთხვევაში, უტევენ რეტროგრადული ძალები.
არ ვიცი სადამდე გაგრძელდება ასეთი დამოკიდებულება, ალბათ, შიგნით „ქართულ ოცნებაში“ მოხდება სიტუაციის გარკვევა. ფაქტობრივად ეს განცხადება იმისკენ უბიძგებს, რომ მოხდეს ამ პოლიტიკური ძალის გახლეჩვა. არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძირითად ბირთვს აწყობდეს პოლიტიკური კოალიციის გახლეჩვა და რამდენიმე პოლიტიკურ ძალად გაყოფა, რომლებმაც შეიძლება მომავალში ერთმანეთის მიმართ კონკურენცია შექმნან. თუმცა, ეს განცხადება ცხადყოფს, რომ რეალურად ასეა, კოალიციის შიგნით გარკვეულ ძალებს შორის წინააღმდეგობა არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილმა.