ხელისუფლება აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას იწყებს. უსაფრთხოების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, მოამზადოს გაწერილი პოლიტიკური გეგმა საგარეო აქტიურობების შესახებ, თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ ანექსიის ამ პროცესს ყველა სახელმწიფო უწყება. სწორედ, ამის შემდეგ დაიწყება უკვე ძალიან აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების პროექტი არის რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მიერთების მცდელობა, რასაც ახლო პერსპექტივაში შეიძლება მოჰყვეს აფხაზი ერის აბსოლუტური ასიმილაცია რუსეთთან.
For.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
როგორ ხსნით ხელისუფლების პოზიციას, აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით?
- აგრესიული პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების აქტიურ საგარეო პოლიტიკას და არა აგრესიას ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. სხვაგვარად ამის ახსნა უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, ტერმინი ისეთი არის, რაზეც შეიძლება რუსეთი წამოგეკიდოს. როგორც კი საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი რეაქცია დააფიქსირა აფხაზეთსა და რუსეთს შორის შესაძლო ხელშეკრულების შესახებ, ღიად განაცხადა, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან შესაძლო ანექსია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ახალმა ხელისუფლებამ ძველი ხელისუფლების რიტორიკა მოირგო, რომელსაც 2007-2008 წლებში მიმართავდაო.
საშიში სპეკულაცია - ასე შეაფასა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გრიგორი კარსინმა. ამ განცხადების ქვეტექსტი იყო ერთგვარი მუქარა?
- ეს არის ერთგვარი მუქარა. პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმეორებს ძველი ხელისუფლების რიტორიკას, რითიც პირდაპირ მიანიშნა, რომ არ დაგავიწყდეთ რა მოჰყვა ამ რიტორიკას 2008 წელსო. როდესაც ჩვენს საგარეო პოლიტიკას პირდაპირ ვარქმევთ აგრესიულს, ბუნებრივია, რუსეთი ეცდება, რომ ამ ტერმინს გამოეკოდოს, მაგრამ თავისი არსით ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკა - ერთი მხრივ აფხაზეთის რუსეთისგან ანექსიის თავიდან აცილება და მეორე მხრივ აფხაზი ერის გადარჩენა.
რეალურად რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების პროექტი არის რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მიერთების მცდელობა, რასაც ახლო პრესპექტივაში შეიძლება მოჰყვეს აფხაზი ერის აბსოლუტური ასიმილაცია რუსეთთან. ხელისუფლებამ ამ მოვლენებს დაარქვა თავისი სახელი და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ადეკვატურად შეაფასონ და შესაბამისი რეაგირება მისცეს რუსეთის ამ ქმედებებს.
მიზეზი იმისა, რაც დღეს ხდება აფხაზეთში, ვგულისხმობ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების პროექტს, რომელიც მომზადდა რუსეთში, არის ის, რომ ხელისუფლებას ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით აქტიური საგარეო პოლიტიკა არ გააჩნდა?
- ვთვლი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკას დროის მოგების პოლიტიკა ერქვა, რაც თავისი არსით ცუდი არ იყო. დროის მოგების პოლიტიკა ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს როგორმე უმტკივნეულოდ გადაეგორებინა ის მძიმე პერიოდი, რომელიც ქვეყანას დაუდგა. ზოგადად, ამერიკა-დასავლეთის პასიურობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც ბალტიისპირეთის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროკავშირს და ამერიკას არ ჰყავს ისეთი ლიდერები, რომლებიც დღეს პუტინს შეაჩერებენ და გაუმკლავდებიან მის ამბიციებს ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამ ფონზე გასაგები და მისაღები იყო ეს დროის მოგების პოლიტიკა, რომ რაიმეთი არ გამოგვეწვია რუსეთის გაღიზიანება და კიდევ ერთი აგრესიის მსხვერპლი არ გავმხდარვიყავით, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ რეალისტური შეფასება არ გაგვეკეთებინა რუსეთის პოლიტიკისთვის.
ჩვენი მხრიდან გამაღიზიანებელი ფაქტორების გარეშეც რუსეთი თავისას იზამდა, იმიტომ, რომ პუტინის საგარეო პოლიტიკური ოცნებაა რუსეთის გავლენის აღდგენა ყოფილი საბჭოთა სივრცეზე. ამ კუთხით უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ ის რაც დღეს ხდება აფხაზეთში, მოსალოდნელი იქნებოდა და შესაბამისად, გრძელვადიანი სტრატეგია და ტაქტიკა ჩვენ შემუშავებული უნდა გვქონოდა.
როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ეს გააქტიურება საგარეო მიმართულებით, სპონტანურია თუ მისი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია?
- ფაქტია, რომ მხოლოდ ეს საფრთხე არ გველოდება რუსეთისგან. არანაკლები საფრთხეების მოლოდინი არსებობს იგივე რელიგიური, ეთნიკური, თუ იგივე ეკონომიკური ექსპანსიის თვალსაზრისით, რაც სერიოზული მსჯელობის, დაფიქრების და ანალიზის საგანია. ეს ის თემებია, სადაც ხელისუფლებას ვერ მოსთხოვ, რომ გაასაჯაროვოს რას აპირებს, იმიტომ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. მთავარია, რომ ჩვენ ვხედავდეთ ამ ტაქტიკის და სტრატეგიის არსებობის დადასტურებას, გონივრული საგარეო პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ხელშეკრულების განხილვა; რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირდაპირი გაფრთხილება მოლდოვას, რომ უკრაინის სცენარის გამეორება დამღუპველი იქნება მოლდოვისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ფაქტი არის ერთი გეგმის ნაწილი, რომლის მთავარი მიზეზი არის ასოცირების ხელშეკრულება?
- თავისთავად, შეიძლება ეს ორი ფაქტი ერათმანეთს დაუკავშირდეს. თუმცა, რუსეთი ცდილობს, რომ მისი ევრაზიის პროექტი მკვრადშობილი არ იყოს და ამისთვის სჭირდება საქართველოს შეთრევა ამ კავშირში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ, სომხეთის იქ ყოფნა აზრს კარგავს და გარდა ამისა, საქართველოს სხვა მხრიდანაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ანუ, თუ საქართველო დანებდა, მაშინ აზერბაიჯანის ნეიტრალურ და პროამერიკულ პოლიტიკას აზრი ეკარება რეგიონში და რუსეთი მთლიანად იღებს კონტროლს კავკასიაზე.
ამიტომ, ასოცირების ხელშეკრულების თუ ხელშეკრულების გარეშეც, რუსეთი საქართველოზე ზეწოლის თავის ბერკეტებს გამოიყენებდა და გამოიყენებს კიდევ ახლო მომავალში. ასე რომ, ასოცირების ხელშეკრულებას არ ვუკავშირებ იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთში. თუმცა, რუსეთისთვის ასოცირების თემა ძალიან მტკივნეულია, როგორც ეს აჩვენა უკრაინის მოვლენებმა და ახლა უკვე იმან, რაც მოლდოვის წინააღმდეგ ხდება.
საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი შეეცადა სხვა სახე ეჩევებინა, ანუ ძალიან რბილი პოლიტიკა - რაც გამოიხატა საინფორმაციო პროპაგანდაში და რუსული ბაზრის გახსნაში, რომელიც ერთი მხრივ ისეთი სოციალურად და ეკონომიკურად დავდრომილი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მეორე მხრივ, არის ყუთი, რომელსაც რუსეთი როცა უნდა მაშინ მოუჭერს ხელს. რეგიონში სადაც რუსეთის ბაზრის გახსნის სიკეთე იგრძნეს, იგივე ბაზრის დახურვა რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს მძიმე სოციალური აფეთქების წინაპირობად. ასე რომ, რუსეთი ამ დოკუმენტით აფხაზეთის მიერთებას იკანონებს.
შედეგობრივად ეს იგივეა რაც ყირიმის მიერთება?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ მანიპულირებს რუსული ბაზრით და რუსული ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს შეღწევადობის პერსპექტივებით.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას აქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში, რომლის განხილვა მოხდება უსაფრთხოების ფორმატში და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება საჯარო. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება შესთავაზოს ხელისუფლებამ აფხაზეთს, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც აფხაზებისთვის, ასევე ქართველებისთვის?
- სიტუაციამ აჩვენა და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ხელშეკრულება აფხაზებისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც დანარჩენი საქართველოსთვის. ამ ხელშეკრულებით რეალურად ხედავენ აფხაზეთის ასიმილაციას რუსულ წიაღში და ამიტომაც ცდილობენ, რომ თავი გადაირჩინონ. დღეს აფხაზები მარტო არაინ ამ თვითგადარჩენის პროცესში. ამიტომაც, დანარჩენი საქართველოსთვის ეს არის შანსი, რომ რეალურად გამოვიდეს აფხაზების ინტერესების დამცველი.
ამ ხელშეკრულების გაუფორმებლობა, ან მისი გაცილებით უფრო რბილი ვარიანტის მიღება, იქნება აფხაზების გამარჯვება, რომელიც ამ შემთხვევაში, ქართველების გამარჯვებაც არის. იცით, რომ აფხაზებეს საერთაშორისო რესურსებზე ხელი არ მიუწვდებათ. ამიტომ, აუცილებელია, რომ აფხაზების გადასარჩენად საერთაშორისო პოლიტიკა თავის თავზე აიღოს საქართველოს ხელისუფლებამ.