2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც რუსეთის აგრესიით, მედვედევ-სარკოზის დღემდე შეუსრულებელი ხელშეკრულებით და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებით დასრულდა, საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დღემდე უკვე ჟენევის მოლაპარაკებების 29 რაუნდი შედგა, ისინი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა, ხოლო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები ამ ეტაპზე ჩიხშია შესული.
1 ნოემბერს 2 წელი სრულდება, რაც ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში შეუდგა მუშაობას. აბაშიძე-კარასინის რამდენიმე შეხვედრის შედეგად, თანდათანობით აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, სულ უფრო ინტენსიური ხდება ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო მიმოსვლა. რუსეთის ფედერაციასთან რთული ურთიერთობების მიუხედავად, შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში.
”ამ შემთხვევაში უნდა მოვიქცეთ გააზრებულად, დიპლომატიურად და გავაცნობიეროთ, თუ ვინ არის ჩვენი მეზობელი”, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა 2013 წლის მარტში. ”მანიაკალური მტრობა, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ღვივდებოდა, წარსულში დარჩა”, - აღნიშნა რუსმა დიპლოტმა გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან გამართული ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ. ”ემოციურმა პატრიოტობამ და ემოციურმა პოლიტიკამ დაგვანახა, თუ როგორ ჩიხში შევედით. პრაგმატულები უნდა გავხდეთ და რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ, რაც ადვილი არ იქნება”, - განააცხადა სატელევიზიო ეთერში სკოლა ”ლოგოსის” დირექტორმა გია მურღულიამ.
ურთიერთობების ოდნავ ”დათბობის” ფონზე რუსეთი ჯერჯერობით არ აპირებს საქართველოს 2 რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას, უგულებელყოფს რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერას. პირიქით, ჩრდილო მეზობელი აფხაზეთისა და რუსეთის გაერთიანებული საჯარისო ფორმირებების შექმნას გეგმავს, რამაც შესაძლოა ახალი ბზარი წარმოშვას ქართულ-რუსულ ურთიერთობებში
ჩრდილო მეზობელი თავის პოლიტიკაში კიდევ უფრო შორს წავიდა, მიიერთა რა ყირიმი და უფრო მეტიც, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ე.წ. დონეცკისა და და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ბაზაზე, ცდილობს ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის - ”ნავაროსიის” შექმნას. ამგვარად, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია მსოფლიო წესრიგი, თვითნებურად შეცვალა რა სხვა სახელმწიფოს საზღვრები. ამ გზაზე რუსეთს ჯერჯერობით ვერც დასავლეთის მიერ დაწესებული სერიოზული ეკონომიკური სანქციები აჩერებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა, რომ იგი გამორიცხავს ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირებას.
რთულია ითქვას, თუ რით დასრულდება სამხედრო დაპირისპირება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში და რა დღეში აღმოჩნდება მომავალში ამჟამად კრიზისის საწყის ეტაპზე მყოფი რუსეთის ეკონომიკა; სადამდე განაგრძობს რუსეთი თავის იმპერიულ პოლიტიკას და როდემდე აპირებს დიდი რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ჩამონათვალში ისეთი ქვეყნების გვერდით დგომას, როგორებიცაა ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. ერთი რამ ფაქტია, რომ საერთაშორისო საზოგადოება თითქმის აღარ საუბრობს ყირიმის საკითხთან დაკავშირებით. ამასობაში რუსეთი ევრაზიული კავშირის ფორმირებითაა დაკავებული, რომელსაც ახლახანს მეზობელი სომხეთიც შეუერთდა. ამ პროცესის პარალელურად, რუსეთი შეუდგა სხვადასხვა სატრანსპორტო კორიდორების რეაბილიტაციას. ერთ-ერთი მათგანი დაღესტნისა და კახეთის დამაკავშირებელი გზის ამოქმედებას გულისხმობს.
საქართველოში ხშირად ისმის კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი ცხინვალის რეგიონში. პასუხი მარტივია: სამაჩაბლოს ქართული დასახლებების მიმართულებით განხორციელებული არაერთი სამხედრო პროვოკაციის შემდეგ ხელისუფლება სეპარატისტულ რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას შეუდგა, რასაც რუსეთის მხრიდან მასშტაბური სამხედრო აგრესია მოჰყვა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი არ მოელოდნენ რუსეთის ასეთ რეაქციას. ფაქტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული 2008 წლის სამხედრო აგრესიის ვერც პრევენცია და ვერც მისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა, რასაც მოჰყვა მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი, მორალური და მატერიალური ზარალი, ტერიტორიების ოკუპაცია. ”ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო 2008 წელს”, - განაცხადა სააკაშვილმა 2014 წლის ივლისში, ომიდან თითქმის 6 წლისთავზე ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, საქართველოში არ წარმოებდა კავკასიის და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ რუსეთის და მისი პოლიტიკის სიღრმისეული ანალიზი, აგრეთვე იმის ანალიზი, თუ რა გზას აირჩევდნენ და ვის მხარეს დადგებოდნენ აფხაზები და ოსები სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. საფრთხეების სათანადო შეფასება და კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება ძირითადად მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ ხდებოდა. შესაბამისად, საქართველოს სახელისუფლებო წრეების ბოლომდე გაუთვლელი პოლიტიკის და რუსეთის იმპერიული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ დროებით კონტროლი დაკარგა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, ხოლო პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის ჩიხში შევიდა.
თუმცა, პოლიტიკის მიღმა, ერთმორწმუნე რუსებს და ქართველებს გაცილებით მეტი რამ აკავშირებს და აახლოვებს, ვიდრე ყოფს. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის კულტურას, ხელოვნებას, ისტორიას, ტრადიციებს; ერთად იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ, რაც სამომავლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს.
ნატო საქართველოსთვის - კარი ღიაა, შესვლა აკრძალულია
2008 წლის აპრილში გამართული ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი საქართველოსთვის დეკლარირებულად ღიაა. 2014 წლის სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე აღიარებელ იქნა საქართველოს პროგრესი. შედეგად, ქვეყანამ ალიანსისგან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი მიიღო. ”საქართველომ მიიღო არსებით ღონისძიებათა ისეთი პაკეტი, რომელიც ნატოს არცერთ სხვა ასპირანტ ქვეყანას არ მიუღია. ნატოელი პარტნიორები ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან და ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად განაგრძობენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და საქართველოს ნატოსთან თავსებადობის კუთხით აქტიურ მუშაობას, რაც მიმართული იქნება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად”, - განაცხადა სამიტის შედეგების კომენტირებისას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
თუმცა, მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობა აქვთ ნატოს წევრ ცალკეულ სახელმწიფოთა ლიდერებს საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ”თქვენ ვერ გახდებით ნატოს წევრი ქვეყანა მანამ, სანამ არ იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრობას რუსეთთან დასაპირისპირებლად არ გამოიყენებს. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, მაგრამ ამავდროულად ვართ რუსეთის პარტნიორებიც”, - განაცხადა 1 წლის წინ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გერმანიის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა. მისი თქმით, საქართველომ ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ ”მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთთან ჩამოყალიბებული სტატუს-კვო და პოლიტიკური ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი დასავლეთ ევროპისთვის”.
ჯერ კიდევ 2008 წელს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა: ”ჩვენ არ უნდა მივიღოთ ნატოში ქვეყნები, რომლებსაც უსაფრთხოების პრობლემა აქვთ და რეგიონულ ან შიდა კონფლიქტებში არიან ჩათრეულნი”. ამგვარად, ნატოსკენ სავალ გზაზე საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს მისი წევრი ქვეყნების (პირველ რიგში იტალიის, გერმანიის და საფრანგეთის) სავარაუდოდ უარყოფითი პოზიცია ალიანსში საქართველოს წევრობასთან მიმართებაში იმის გამო, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ამ პირობებში, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა იგეგმება. ოფიციალურმა მოსკოვმა, რომლის სამხედრო ბაზებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთსა და სამაჩაბლოშია განლაგებული, უარყოფითი პოზიცია ამ ფაქტის მიმართ უკვე დააფიქსირა.
ამგვარად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების აქტიური ძალისხმევის მიუხედავად, საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტების რეალიზება - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება რეალურად კვლავაც შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი უცვლელია. ნატოს მომდევნო სამიტის გამართვა 2016 წელს პოლონეთში იგეგმება.
”ოცნების” მმართველობის ”ეკვატორი” გადალახულია - რა იქნება შემდეგ?
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ”ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო ვადის ნახევარი ამოწურა. როგორია მმართველი ძალის პერსპექტივები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, არსებული რეალობიდან გამომდინარე? დღესდღეობით საქართველო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა უპირველეს ყოვლისა ტერიტორიული, ეკონომიკური და აქედან გამომდინარე არსებული სხვა არაერთი პრობლემით.
ამჟამინდელი პარლამენტის 60%-იანი უმრავლესობა უპირატესად ივანიშვილისადმი საზოგადოების მაღალი ნდობის შედეგად იქნა არჩეული. დაახლოებით 40%-იანი უმცირესობა წინა ხელისუფლებას განასახიერებს. პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ასევე ყოფილი პრემიერის ავტორიტეტის გათვალისწინებით აირჩია, გარკვეულწილად კონკურენციაში აღმოჩნდა საკუთარ მთავრობასთან. დავა და კონკურენცია იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო დელეგაციას ამა თუ იმ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე თუ ხელშეკრულების ხელმოწერისას - პრემიერი თუ პრეზიდენტი - არაერთხელ იქცა მედიისა და საზოგადოების სპეკულაციის საგნად, რაც ქვეყნის იმიჯს აზარალებს. პრეზიდენტმა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება, არ გადასულიყო ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, რამაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, ასევე პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის ურთიერთობები გაართულა.
სახელისუფლებო შტოებს შორის ამგვარი დამოკიდებულების და ქვეყანაში არსებული პრობლემების ფონზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რევანშს და ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა სათავეს ”ნაციონალური მმართველობის” პერიოდიდან იღებს, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებას გაცილებით მეტი ძალისხმევა მოუწევს იმისთვის, რომ დარჩენილ ორ წელიწადში საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოს..
სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ საქმიანობას წარმატებულად მიიჩნევს, ნაცვლად იმისა, რომ თვითკრიტიკით დაკავდეს და არსებული პრობლემების გადაჭრის კონკრეტული გზები დასახოს. უფლებამოსილების მხრივ ქვეყნის ფაქტობრივი პირველი პირი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თავად საკმაოდ აქტიურია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, საკუთარი მინისტრთა კაბინეტის საქმიანობაში ხარვეზებს თითქმის ვერ ხედავს. შესაბამისად, ნაკლებია კრიტიკა სამთავრობო უწყებების მისამართით, რაც მთავრობის მუშაობაზე დადებითად ვერ აისახება. საპრეზიდენტო და და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა დაბალმა აქტიურობამ აჩვენა, რომ საზოგადოება უფრო მეტს ელის იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც თავად მოიყვანა ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად.