„მთავრობა აქამდე ამბობდა, რომ რუსეთს აფხაზეთის ანექსია არ ჰქონდა განზრახული “

„მთავრობა აქამდე ამბობდა, რომ რუსეთს აფხაზეთის ანექსია არ ჰქონდა განზრახული “

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა ნაბიჯ-ნაბიჯ იმას აკეთებს, რაც უნდათ, რომ პუტინმა საქართველოში დაინახოს. მისი თქმით, აფხაზებთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასი განცხადება გააკეთა. კანონმდებელი „თავისუფალ-დემოკრატებსა“ და რესპუბლიკელებს კოალიციის დატოვებას ურჩევს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და ეს პარტიები მას პოლიტიკურ საფლავში არ უნდა ჩაყვენ.

საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, for.ge გიორგი ბარამიძეს ესაუბრა:

რუსეთის გეგმის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის ნაცვლად, განცხადება მიიღო. რითი ახსნით ამას?

- ფაქტობრივად, პარლამენტმა კონსტიტუციური უფლების შესრულებაზე უარი განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო და საშიანო პოლიტიკა ჩამოაყალიბოს, რომელიც კავშირშია აფხაზეთის ოკუპაციასთან და რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ანექსიის პროცესთან. საკანონდებლო ორგანომ ძალაში დატოვა მთავრობის ის პოლიტიკა, რომელიც არასწორი და არაპროდუქტიულია. ზოგ შემთხვევაში, ეს პოლიტიკა მავნებლურიც კი არის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როცა პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ჩაწერეს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველო აღარ უნდა იყოს როგორც პრობლემური საკითხი. ანუ, მთავრობამ დასავლეთს მოუწოდა, რომ ის იმუშავებს იმისთვის, რომ საქართველო ამ დღის წესრიგიდან გაქრეს. სამწუხაროდ, გაქრა კიდეც.

რუსეთს სანქციები უკრაინის ანექსიის და ოკუპაციის საპასუხოდ დაუწესდა და არა საქართველოს გამო. ეტყობა, ამ განცხადების გაკეთება დავალებული ჰქონდათ, რაც იმითაც დასტურდება, რომ ივანიშვილის თანაშემწემ პრემიერად წოდებულმა ღარიბაშვილმა BBC-ს ეთერში თქვა, რომ აფხაზეთისა და ყირიმის ოკუპაციას შორის არანაირი მსგავსება არ არის. მთავრობა აქამდე ამბობდა, რომ რუსეთს აფხაზეთის ანექსია არ ჰქონდა განზრახული, რაც საკუთარი თავის და ხალხის მოტყუებაა თუ არა მავნებლური პოლიტიკა, რომ იმ რეალობაზე თვალი დავხუჭოთ, რის წინაშეც ვდგავართ.

მოკავშირეობის და ინტეგრაციისპროექტი, რომელიც შესაძლოა, რუსეთმა აფხაზებთან გააფორმოს, რა საფრთხეს შეიცავს?

- ოკუპაციის შემდეგ, რუსეთი აფხაზეთის ანექსიას ცდილობს. აფხაზეთი 1993 წლიდან ოკუპირებულია, ხელისუფლება კი რიტორიკას აგრძელებს, რომ სააკაშვილის ქმედება რომ არა, ვითომ რუსეთი იმას არ იკადრებდა, რაც ჩაიდინა. ეს არის პუტინისთვის პირის მობანა და სისხლიანი ხელების დაბანა. „მოკავშირეობის და ინტეგრაციის“ პროექტი არის ის, რითაც ძირძველი კუთხის ანექსია მოხდება. საინტერესოა, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ თურმე, აფხაზები 25 წლის მანძილზე თვითგამორკვევისთვის, აღიარებისთვის და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის იბრძვიან.

თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მისი განცხადება ბრჭყალებში იყო ჩასმული

- მისი მხრიდან ეს მორიგი ტყუილია, რადგან სიტყვიერი გამოსვლა ბრჭყალებში როგორ შეიძლება ჩასვა? ნათლად ჩანს, რომ მას ე.წ. თვითგამორკვევა არ უხსენებია. თუ ღარიბაშვილი იმდენად არაკომპეტენტურია, რომ საერთოდ აზრზე არ არის რას ბოდიალობს, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ მან მაშინაც ბრჭყალები გამოიყენა, როცა თქვა, რომ აფხაზეთსა და ყირიმს შორის მსგავსება არ არისო?! ხელის გულზე ჩანს, ივანიშვილი პროდასავლური რიტორიკის ფონზე, თუ როგორ ახორციელებს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების დაჩლუნგებას და ქვეყნისთის სისიცოცლო უნარის დაქვეითებას. ის იანუკოვიჩისნაირი იდიოტი არ არის, რომ გამოვიდეს და თქვას, სახელმწიფო პოლიტიკას ვცლით და დასავლეთისკენ აღარ მივდივართო. მან იცის, რომ ასეთ შემთხვევაში „მაიდანი“ ელოდება, მაგრამ ის საქმით აკეთებს იმას, რომ საქართველო დასავლურ სტანდარტებს შორდება.

კრიტიკას ვიღებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იდეალური დემოკრატია არ იყო, მაგრამ ახლა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა? ქვეყანას ადამიანი მართავს, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს. გამსახურდია და სააკაშვილი მოგვწონდა თუ არა, ერთია, მაგრამ ისინი ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებელნი იყვნენ.

როგორ ფიქრობთ, რუსეთის გეგმას აფხაზები დათანხმდებიან?

- არ გამიკვირდება, რომ ამ იდეას ის ადამიანები არ დაეთანხმონ, რომლებიც აფხაზეთში თავის თავს აფხაზ ნაციონალს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ აფხაზეთი სახელმწიფო უნდა იყოს. მათი პოზიცია ჩვენი სახლემწიფოებრიობისთვის მტრული აზრია, მაგრამ შეიძლება, მათ წინააღმდეგობა გასწიონ. შეიძლება, ვიღაცამ რაღაც თქვას, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანები აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებაში ამინდს არ ქმნიან.

თუ რუსეთმა ამ გეგმის ბოლომდე მიყვანა განიზრახა, არავის არაფერს კითხავენ. ამ ფონზე კი, ჩვენ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე და თავგადაკლულ ნაციონალებზე უნდა ვიმუშაოთ. აფხაზ ნაციონალთან საერთო ისევე შეგვიძლია ვიპოვოთ, როგორც ბრიტანეთის მთავრობამ გამონახა საერთო ენა შოტლანდიელ ნაციონალებთან. ეს კარგი მაგალითია და აფხაზებს უნდა ვაჩვენოთ, რომ დღევანდელი საქართველო არ არის ისეთი როგორსაც წლების მანძილზე რუსეთის პროპაგანდა წარმოაჩენს. მათი მიზანია, წარმოაჩინონ ისე, თითქოს, საქართველო არის მხოლოდ ქართველებისთვის და აქ სხვა ეთნიკური უმცირესობების ადგილი არ არის. ევროპულ სახელმწიფოს იმისთვის ვაშენებთ, რომ აფხაზებმა და სხვა უმცირესობებმა დაინახონ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაც ხდება და ეროვნული უმცირესობების უფლებებიც არ ირღვევა.

რა ბერკეტია იმის, რომ რუსეთმა ეს დოკუმენტი ვერ გააფორმოს?

- თუ კრემლში ამ დოკუმენტის გაფორმება გადაწყვეტილია, ამას გააკეთებენ კიდეც. სამწუხაროდ, დასავლეთი რუსეთს ხელს უკრაინაში ტანკების შეყვანაში ვერ უშლის. ერთადერთი გამოსავალია სწორი წინააღმდეგობა, რომლითაც რუსეთს ეს ნაბიჯები ძვირად უნდა დავუჯინოთ. საქართველოს მთავრობამ სირაქლემას პოზიცია არ უნდა დაიკავოს და საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური უნდა იყოს. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ანექსია, რაც შეიძლება დიდი ფასი დაუჯდება. შეიძლება, ის ამ ფასის გადახდისთვის მზად არის, მაგრამ მაინც ძვირი უნდა დავუჯინოთ. კრემლს დისკომფორტი უნდა შევუქმნათ და ის, ადრე თუ გვიან, ამ პროცესს უკან დააბრუნებს. საქართველოს ხელისუფლება რა გზას დაადგება ამის პროგნოზი რთულია, რადგან ერთი მხრივ, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აფხაზები 25 წელია თვითგამორკვევისთვის იბრძვიან, მეორე მხრივ კი, ივანიშვილი აგვისტოს ომში საქართველოს ადანაშაულებს. ღარიბაშვილმა ფაქტობრივად უზნეო განცხადება გააკეთა და ეთნიკურ წმენდას, ტერიტორიებიდან ხალხის გამოყრას, სახლების გადაწვას და საქართველოს დაჩაგვრას იურიდიულად ხაზი გადაუსვა, ხოლო ივანიშვილის განცხადებების შემდეგ, საერთაშორისო დავებში სასამართლო პროცესების მოგებისთვის როგორ უნდა იზრუნო, როცა თავად ამბობს, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. ნაბიჯ-ნაბიჯ იმას აკეთებენ, რაც უნდათ, რომ პუტინმა დაინახოს საქართველოში. რუსეთი ეთნიკურ რუს გვარად ივანოვს ვერ დანიშვნადა, რომც დაენიშნა, იმაზე მეტს ის მაინც ვერ გააკეთებდა, რასაც ეთნიკურად ქართველი ივანიშვილი აკეთებს.

თქვენს ამ პათოსს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა The New York Time-ის ფურცლებიდან უპასუხა, რომ შეურაცხმყოფელია, თითქოს ივანიშვილი სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელია და საკუთარი სამშობლოს მოღალატე...

- შეურაცხმყოფელი ივანიშვილია საქართველოსთვის და არა ის, რომ იტყვი იმას, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. კონკრეტულ მიზეზებს ვასახელებთ, თუ რის გამო არის პუტინის პოლიტიკა. დავით უსუფაშვილის ეს განცხადება დაკვეთილი იყო, რაშიც ფული გადაიხადეს. სხვათაშორის, გიგა ბოკერიას ლობისტებისთვის გადახდილი ფულის გამო ედავებიან... მსგავსი რამ ჩვენს დროსაც ხდებოდა, მაგრამ გინახავთ, რომ მსგავს სტატიებს ოპოზიციას ვუძღვნიდით? შე დალოცვილო, ასეთ სტატიებში აფხაზეთის ანექსიაზე, ეთნიკურ წმენდაზე და ოკუპაციაზე ილაპარაკე. ფული იმაზე უნდა დახარჯონ, რომ ივანიშვილი გაათეთრონ და The New York Time-ის ფურცლებიდან ოპოზიციის წინააღმდეგ იბრძოლო? რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის ფული უნდა დახარჯონ, მაგრამ ოპოზიციის საქილიკოდ არა.

რუსეთის გეგმის საპასუხო ნაბიჯებზე უმრავლესობა რამდენიმე დღე მსჯელობდა. აზრი ორად იყო გაყოფილი უნდა მიეღოთ თუ არა განცხადება, ან რეზოლუცია. გამორიცხავთ, რომ საგარეო პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობამ კოალიციის რღვევა გამოიწვიოს?

- უნდა დაიწყოს, რადგან რასაც ესენი აკეთებენ, უკვე სირცხვილია. მათი ქმედებები სისულელიდან რომ იყოს გამოწვეული, ამის გამართლებაც სირცხვილია. იმდენი სისულელე დაგროვდა, რომ ამან პოლიტიკის სახე მიიღო. ღარიბაშვილის განცხადება არ იყო მორიგი უწყინარი სისულელე, ეს იყო სახელმწიფო ინტერესების ღალატის ტოლფასი, რომელიც გამოკვეთილ პოლიტიკად იქცა. ალასანიას გუნდსა და რესპუბლიკელებს ღირებულებები აქვთ და თავის გზას უნდა დაადგნენ. „ქართული ოცნება“ არასწორი და მავნებლური პოლიტიკის გამო, დღეს თუ არა ხვალ მარცხს განიცდის.

ქართველი ხალხი ხომ არ ჰგონიათ, რომ მართლა ფოჩიან კანფეტებზე გაიყიდება? ხალხი ხედავს, რომ ვერცერთი მიმართულებით პრობლემები ვერ მოგვარდა. რუსეთთმა ფოჩიანი კანფეტი გადმოგვიგდო, მაგრამ გვეუბნება, რომ ჩუმად იყავით, ანექსიას განვახორციელებ, მაგრამ ღვინო ხომ გაგაყიდინეთო. ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და სჯობს, ეს პარტიები მას პოლიტიკურ საფლავში ნუ ჩაყვებიან. ჩვენ კი ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც საქართველოში პუტინის პოლიტიკას არ ახორციელებს.