ერთ-ერთი მოსაზრებით, ყირიმი სატყუარა იყო პუტინისთვის იმ ოპერაციის მისაღწევად, რათა რუსეთს გაემეორებინა საბჭოთა კავშირის გზა, ოღონდ დაჩქარებულ ტემპში.
სიტუაციაში გასარკვევად ჯერ უნდა გავერკვეთ ეკონომიკის საკითხებში. ნებისმიერი პოლიტიკის საფუძველი ეკონომიკაა. საიდუმლო არაა, რომ რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის ექსპორტზე. ნავთობისა და გაზის წილიდან მიღებული შემოსავალი რუსეთის ბიუჯეტში 57% და 64%-ია, ანუ ერთ ბარელ ნავთობზე ერთ დოლარამდე ფასის დავარდნის შემთხვევაში, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი საშუალოდ კარგავს 2 მილიარდ დოლარს.
რუსეთისთვის მთავარი კონკურენტია ის, რომ გაზი და ნავთობი მხოლოდ რუსეთში არ მოიპოვება. 20 წლის განმავლობაში გაზის რუსული მარაგი პრაქტიკულად არ გაზრდილა. ამავდროულად, მხოლოდ ბოლო 12 წლის განმავლობაში, დანარჩენ მსოფლიოში ახალი მარაგები აღმოჩნდა, რაც რუსულ მარაგს 2-ჯერ აღემატება. სად არის ეს ახალი მარაგი? - ირანში, ყატარსა და თურქმენეთში.
ბუნებრივი გაზის წინასწარი დაზვერვით აღმოჩენილი რესურსით, ირანი მსოფლიოს უმსხვილეს ქვეყნად ითვლება. ირანმა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გადააჭარბა რუსეთს ამ მაჩვენებლით. ამიტომ რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოწინააღმდეგე ირანია. აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები დღემდე მოქმედებს და მთლიანად კრძალავს ირანული სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის გამოყენებას, ასევე, კრძალავს თანხების გადარიცხვას ირანის ბანკებიდან და სადაზღვევო კომპანიებიდან.
ირანული ნავთობის მთავარი შემძენი ჩინეთია. ზუსტად ჩინეთი უჭერს მხარს შიიტურ ირანს. ირანისთვის დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთი მთავარ ბენეფიციარად აქცია. სწორედ ამ სანქციების წყალობით აქვს რუსეთს შენარჩუნებული მაღალი ფასი ნავთობსა და გაზზე. გაზის ფანტასტიკური მარაგის მქონე ირანი კი ვერ ახერხებს ევროპული მიმართულებით გაზსადენების მშენებლობას.
ამის მიუხედავად, 10 წლის განმავლობაში ირანში გაზის მოპოვება ორჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციაში გაზის მოპოვებამ მხოლოდ 3%-ით იმატა. ანუ ეკონომიკური სანქციების და გაზსადენების არარსებობის პირობებში, ირანმა გაზის მოპოვება 100 მილიარდ კუბამეტრამდე მაინც გაზარდა. ეს ის მაჩვენებელია, რასაც რუსეთი ევროკავშირში აგზავნის. სულ რაღაც 2-3 წელიწადში ირანმა გაზის მოპოვება 130 მილიარდ კუბამეტრამდე შეიძლება გაზარდოს. თავისთავად, ეს რუსეთისთვის ცუდია, მაგრამ რუსეთისთვის გაცილებით უარესია, რომ ირანმა კურსი აიღო დასავლეთისკენ.
ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰასან რუხანი დასავლურად განწყობილი ადამიანია, რომლისთვისაც დასავლური კულტურა ახლობელია. მან დიდ ბრიტანეთში კალედონის უნივერსიტეტში დაიცვა სამაგისტრო და ფილოსოფიის დოქტორი გახდა. ფლობს რუსულ, არაბულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.
წინასაარჩევნო კამპანიისას რუხანი მანამდე აკრძალულ თემებზე ლაპარაკობდა: ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით მსოფლიო საზოგადოების წინააღმდეგობრივი აზრის შესახებ აფრთხილებდა ამომრჩევლებს; ასევე, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციასა და ამ სანქციების დამანგრეველ გავლენაზე, ეკონომიკის უმძიმეს მდგომარეობაზე ესაუბრებოდა. 2014 წლის 1-ელ მარტს კი რუხანიმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ბირთვული იარაღის წარმოებაზე უარი თქვა. უკვე მეორე დღეს, 2 მარტს, რუსი ჯარისკაცები, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, გამოჩნდნენ ყირიმში.
მართალია, ირანი რუსეთის მთავარი მეტოქეა, მაგრამ მის გარდა, არიან კიდევ სხვა ქვეყნები, რომლებსაც არანაკლები ძალა აქვთ-ყატარი, თურქმენეთი და სხვა.
ფიქალის გაზი
ფიქალის გაზის მარაგი აშშ-ში 24 ტრილიონი კუბური მეტრია. ანუ ეს არის მსოფლიო გაზის 10%. ამის შედეგად გაზზე ფასმა აშშ-ში მკვეთრად დაიწია- 500-600 $-დან 140 $-მდე. გაზის მოპოვების მოცულობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ყატარის გაზი კი აშშ-ს უკვე აღარ სჭირდება, რადგან აშშ-მ არ იცის, საკუთარი გაზი სად წაიღოს, საუკეთესო ბაზარი კი ევროპულია. ამიტომაც აშშ არა მარტო მთავარი იდეოლოგიური მოწინააღმდეგეა რუსეთისთვის, არამედ-ეკონომიკურიც.
მარტო გაზის მოპოვება არ კმარა, საჭიროა, ის მომხმარებლამდე მივიდეს. დღესდღეობით მსოფლიოსთვის გაზის 26%-ის, ხოლო ევროპისთვის გაზის 35%-ის მიწოდებას რუსეთი უზრუნველყოფს. რუსული გაზსადენი ყველაზე ძლიერია მსოფლიოში. ეს რუსეთისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების მთავარი ინსტუმენტია.
უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემას მეორე ადგილი უჭირავს ევროპაში, ხოლო მეოთხე-მსოფლიოში. ზუსტად ამ სისტემას უკავშირდება რუსეთის ძირითადი სტრატეგიული ინტერესი. 101,1 მილიარდი კუბამეტრი - ასეთია უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის მოცულობა (2011 წელს) ევროპაში. 142, 5 მილიარდი კუბამეტრი გაზი - ასეთია გაზის ტრანსპორტირების გამტარი სიმძლავრის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით.
აქედან გამომდინარე, ფიქალის გაზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ მოპოვების შემდეგ იგი შეიძლება გადაიტანონ პრაქტიკულად ნებისმიერ ადგილას. ამის გამო გაზსადენების მნიშვნელობა მკვეთრად შემცირდება, შედეგად - რუსეთის გავლენაც იკლებს. ფიქალის გაზის მნიშვნელოვანი მარაგია ევროპაშიც, პოლონეთსა და უკრაინაშიც.
ჩინეთი
ჩინეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც სერიოზული პრეტენზია აქვს რუსეთის ტერიტორიის მიმართ. საბჭოეთსა და ჩინეთს შორის კონფლიქტები მუდმივად იყო, ერთ-ერთი ცნობილი კონფლიქტი კუნძულ დამანსკიზე მოხდა, რომელიც ჩინეთმა 1969 წელს ბრძოლით აიღო. 28 მარტს ანგელა მერკელმა გერმანიაში ჩასულ ჩინეთის პრეზიდენტს - სი ცზინპინის უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა - ჩინეთის ძველი რუკა აჩუქა. ამ რუკის მიხედვით, დღევანდელი ბევრი ტერიტორია არ ეკუთვნის ჩინეთს, მათი უმეტესობა რუსეთის საკუთრებაა.
რუსეთის ტერიტორიის მიმართ ჩინური ინტერესი აშკარაა. ჩინეთს სურს ნედლეულის ბაზა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. რუსეთის მოსახლეობა ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია. ჩინეთის ეკონომიკა რუსეთთან შედარებით მზარდია. რუსეთს არ ძალუძს, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთს გინდაც ეკონომიკური, გინდაც საბრძოლო კუთხით.
ჩინეთი მუდმივად არღვევს რუსეთის მონოპოლიას, რომელიც შუა აზიის გაზის მთავარ მარაგს აკონტროლებს. თურქმენული გაზი ყოვეთვის მიემართებოდა ჩრდილოეთისკენ და იყო „გაზპრომის“ საბაზრო პოლიტიკის მძევალი. ახლა ეს გაზი მიემართება აღმოსავლეთისკენ. 2013 წლის სექტემბერში ჩინეთის პრეზიდენტი თავად ესწრებოდა გაზსადენის 1800-ე კილომეტრის გახსნას ჩინეთში. ის ფაქტი, რომ ჩინეთმა თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოში ყირიმის რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთმა რატომღაც ოპტიმისტურად აღიქვა.
სინამდვილეში, ჩინეთის რეალური ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია ვიმსჯელოთ, რომ ჩინეთი უშუალოდაა დაინტერესებული რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გამწვავებით. ამ ეტაპზე ჩინეთი ახალისებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის მიმართ, რადგან კარგად ესმის, რომ, თუ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური რესურსები უკრაინას გადაეჯაჭვება, შორეული აღმოსავლეთი რუსული თავშესაფრის გარეშე დარჩება.
ამავროულად, მსოფლიო საზოგადოების თვალში რუსეთი აგრესორია. მის წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციას აწესებენ. ასე რომ, კონფლიქტის გამწვავებისას ჩინეთს შეუძლია, თავისი გეგმები ეფექტურად და სწრაფად განახორციელოს. ჩინეთსაც გააჩნია ფიქალის გაზი და აქტიურად ცდილობს მის მოპოვებას. 2012 წელს ჩინეთში 30 მილიონი კუბამეტრი ფიქალის გაზი მოიპოვეს. 2013 წელს კი ჩინეთმა ფიქალის გაზის მოპოვება 200 მილიონ კუბამეტრამდე გაზარდა, ანუ არატრადიციული წყაროებიდან ჩინეთმა შვიდჯერ მეტი ფიქალის გაზი მოიპოვა.
რაც შეეხება ტრადიციული წყაროებიდან გაზისა და ნავთობის მოპოვებას, 2013 წელს ჩინეთში ამანაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2013 წელს ამერიკელებმა ჩინეთის ფიქალის გაზის მაჩვენებელი 32 მილიარდი ბარელით განსაზღვრეს, რითაც ჩინეთი მხოლოდ აშშ-ს და რუსეთს ჩამორჩება.
რუსეთის მეგობრები
ვინ შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის მოკავშირეებად და პარტნიორებად?
2014 წლის 27 მარტს გაერომ უკანონოდ ჩათვალა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების შესახებ გამართული რეფერენდუმი. რუსეთის პოზიციას მხოლოდ 10-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი: სომხეთმა, ბელორუსიამ, ბოლივიამ, კუბამ, ჩრდილო კორეამ, ნიკარაგუამ, სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ და ზიმბაბვემ. ესენი არიან რუსეთის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური მოკავშირეები. თავისთავად, სია ყველაფერზე მეტყველებს.
თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირები. ვინ არის რუსეთის მთავარი ეკონომიკური მოკავშირე?
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები“
რუსული მედიასაშუალებების მრავალწლიანი რიტორიკის მიუხედავად, რაც ევროკავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული, ევროკავშირი რუსეთის მთავარ პარტნიორად რჩება, რომლის გარეშეც ის ვერსად გაასაღებდა თავის ნავთობსა და გაზს. განსაკუთრებით, ეს ეხება გემანიასა და იტალიას. რუსეთი გაზის 30%-ით უზრუნველყოფს ევროპას.
„გაზპრომის“ მხრიდან გაზის ექსპორტი ევროპის ქვეყნებს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის საფუძველზე 25 წლამდე უნდა მიეწოდოს. ძირითად შემძენებთან გაფორმებული ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი შეიცავს პირობას - „მიიღე ან გადაიხადე“. კონტრაქტში განსაზღვრულია გაზის მინიმალური მოცულობა, რისთვისაც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს თანხა მაშინაც კი, თუ გაზის ნაკლებ მოცულობას მიიღებს. ამიტომაც ალტერნატიულ მიმწოდებელს ევროპულ ბაზარზე შესვლა ასე უბრალოდ არ შეუძლია, რადგან „გაზპრომი“ ამას გაასაჩივრებს. კონტრაქტის დარღვევა მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაშია შესაძლებელი. მაგალითად - სანქციების დროს.
თავისთავად, ევროკავშირი რუსეთის პარტნიორად შეიძლება ჩაითვალოს იმდენად, რამდენადაც ის რუსულ გაზზეა დამოკიდებული. ევროპაში უკვე ეძებენ რუსული გაზის დივერსიფიცირების საშუალებებს. განსაკუთრებით, ასეთი ინტერესი აქვს ჩეხეთს, გერმანიას, პოლონეთს.
პუტინის ძალა და სისუსტე
პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში 1999 წლიდანაა, ანუ უკვე 15 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, სერიოზული პრობლემების მიუხედავად, მისი ავტორიტეტი მაღალი რჩებოდა. პუტინის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებდა ნავთობზე ფასის გამუდმებული ზრდა.
1999 წლიდან ერთ ბარელ ნავთობზე ფასი 20 დოლარიდან 140 დოლარამდე ავიდა (2008), ამას დაერთო ხანმოკლე კრიზისი და დღესდღეობით ბარელის ფასი 110 $-ია.
არ არსებობს სუსტი ელცინი და ძლიერი პუტინი - არის მხოლოდ ფასები ნავთობზე...
ბოლო დროს, ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკური წინსვლა შეჩერებულია. ეს გასაგებიცაა: ეკონომიკა, რომელიც ეფუძნება ნედლეულის გაყიდვას ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე წარმოების ეკონომიკა (ჩინეთი) და ინფორმაციული ეკონომიკა (აშშ). ამაში დავრწმუნდებით, თუ გავითვალისწინებთ, iPhone-ის წარმოებისას რა წილი აქვს ნედლეულს, რომლისგანაც ის მზადდება. იმის მიუხედავად, რომ iPhone ჩინეთში მზადდება, მოგების ლომის წილს ღებულობს ამერიკული კომპანია Apple, რომელიც საერთოდ არაფერს აწარმოებს და არც მოიპოვებს. ასე რომ, ნებისმიერ ნედლეულზე თუ წარმოებაზე მეტად ადამიანის ტვინი ფასობს. ამასთან, ევროპულ ბაზარზე დომინირებულ რუსულ გაზს საფრთხე ელის. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას და მისთვის სანქციების მოხსნას, ფიქალის გაზის მოპოვების ზრდას და ყატარის ინტერესებს. აშკარაა, ასეთ სიტუაციაში პუტინმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს, რათა ამ გამოწვევებს უპასუხოს. ომი სიტუაციის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად ყოველთვის რჩება. თუმცა ეს იქნება თვითმკვლელობა თუ პუტინის სათადარიგო გეგმა?
რატომ გადაწყვიტა პუტინმა ყირიმის ანექსია მაინცდამაინც ახლა? რატომ წავიდა ამხელა რისკზე, როცა მას ჯერ კიდევ აქვს დრო და რესურსი ეკონომიკის გასაძლიერებლად და არც მის ძალაუფლებას ემუქრება საფრთხე ქვეყნის შიგნით? პუტინის ქმედების მეტ-ნაკლებად პოპულარული ახსნაა, რომ პუტინი შეგნებულად წავიდა ამ რისკზე, რადგან ხელმძღვანელობდა „რუსული მიწების შეკრების“ იმპერიული იდეებით. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ბოლო წლებში რუსეთში შოვინისტური განწყობის ზრდა, სიტყვის თავისუფლებასთან ბრძოლა, ფაშისტური ორგანიზაციების გაძლიერება. მაგრამ ძალზე მაღალია რისკი და ძალზე უმნიშვნელოა სარგებელი, რათა ამ ვერსიის ვირწმუნოთ. რას მისცემს რუსეთს ყირიმის ანექსია? რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს გადაწყვეტს? - არა. პუტინის რეიტინგი გაიზრდება? - არა. რეიტინგის ზრდა ხომ მხოლოდ წარმატებული მოქმედებების შედეგად შეიძლება, ყირიმთან მიმართებით კი წარმატების განჭვრეტა შეუძლებელია.
საინტერესოა, ასევე, „გაპრომის“, ანუ სამხრეთის ნაკადის პროექტი. სამხრეთის ნაკადის დაგეგმილი სიმძლავრე 63 მილიარდი კუბამეტრი გაზია წელიწადში. პროექტის ღირებულება 16 მილიარდი ევროა. „სამხრეთის ნაკადის“ ბიუჯეტის ლომის წილი უნდა ჩაყლაპოს 900-კილომეტრიანმა წყალქვეშა მშენებლობის ნაწილმა. მილი უნდა ჩაიდოს შავი ზღვის ღრმა ფსკერზე. ამასთან, საჭიროა, აშენდეს მსოფლიოში მძლავრი გაზის გადამტყორცნი სადგური, რომელიც გაზს გადაქაჩავს ათასობით კილომეტრზე. ამ სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყეს კრასნოდარში. 2014 წელს უნდა დაწყებულიყო გაზგაყვანილობის წყალქვეშა ნაწილის მომარაგება.
შესაძლოა, ყირიმის დაპყრობა ამითაც იყო განპირობებული, რომ რუსებს მიეღოთ სამხრეთის ნაკადის უკეთესი მარშრუტი. ეს დიდ ეკონომიას ნიშნავს. იდეა კარგია, ოღონდ ერთი პირობით, თუკი დასავლეთი კანონიერად მიიჩნევს ყირიმის რეფერენდუმს რუსეთთან მიერთების შესახებ.
თუ ამ ვერსიას ვენდობით და ჩავთვლით, რომ პუტინმა შეგნებულად დააყენა რუსეთი დარტყმის ქვეშ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინი ან არაადეკვატურია, ან ცუდად ინფორმირებულია. პუტინის არაადეკვატურობაში დაეჭვების საბაბი არ გვაქვს. რჩება ერთი, რომ ის ცუდად ინფორმირებულია. ეს ნიშნავს, რომ პუტინი გააცურეს.
ხაფანგი პუტინისთვის
ყირიმის ანექსიისა და მთელი უკრაინის ხელში ჩაგდების სურვილის დროს პუტინს უნდა ჰქონოდა ორ ძირითად კითხვაზე პასუხი: 1. როგორია რეალური სიტუაცია უკრაინაში?
2. როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია მის ქმედებაზე?
შეეძლო კი პუტინს ყირიმის ანექსია გადაეწყვიტა ისე, რომ არ შეეთანხმებინა თავისი მოქმედებები დასავლეთთან? რასაკვირველია - არა. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინმა ამ კითხვებზე პასუხი მიიღო და ეს პასუხები ოპტიმისტური იყო, თუმცა არასწორი.
სიტუაცია უკრაინაში
იმაზე, თუ როგორ ესახებოდა პუტინს სიტუაცია უკრაინაში, დიდხანს შეიძლება მსჯელობა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ის შემდეგია: მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა ევროკავშირში გაწევრიანების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, გამოჩნდა მაიდანი. ეს მოხდა 2013 წლის 30 ნოემბერს. არის ეჭვი, რომ მაიდანი თავისთავად არ დაბადებულა, არამედ უკრაინის ხელისუფლების ქმედების შედეგად იყო პროვოცირებული. კერძოდ,- „ბერკუტის“ მიერ სტუდენტების სასტიკი დარბევით. მოგვიანებით მაიდანი კვლავაც „იკვებებოდა“ ზუსტად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ინიცირებული მოვლენებით. კერძოდ, 16 დეკემბერს მიღებული „დრაკონული კანონებიც“ ამის დასტურია. სიტუაციის ნორმალიზების ნაცვლად, სწორედ უკრაინის ხელისუფლება ცდილობდა ესკალაციას და მოსახლეობაში საპროტესტო განწყობის გაღვივებას.
უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოყენებულ ბოლოდროინდელ მეთოდებს უკრაინის ისტორიის პრაქტიკაში ანალოგი არ მოეპოვება: ადამიანების გატაცება და მკვლელობა, „დრაკონული კანონები“, სროლა. უკრაინის დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა, თუმცა მაიდანი და დაპირისპირება არაერთხელ ყოფილა. ბევრ ანალიტიკოსს არ შეეძლო გაეგო, იანუკოვიჩი რატომ იქცეოდა ასე. ახლა ეჭვს აღარ იწვევს, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონი კრემლის მარიონეტი იყო და მოსკოვის ინტერესს ატარებდა. ისინი თავისი ინიციატივით არ მოქმედებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოქმედებდა კრემლი უკრაინის საკვანძო ფიგურებზე, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ცნობილია ისიც, რომ იანუკოვიჩი გასაქცევად ემზადებოდა სამი დღით ადრე, სანამ სნაიპერები ინსტიტუტის ქუჩაზე ას ადამიანს მოკლავდნენ.
იანუკოვიჩს იმ მომენტში გაქცევისთვის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ხელისუფლების კონტროლქვეშ რჩებოდა ჯარი, სასამართლო, ფინანსები. რეგიონებშიც პანიკის საფუძველი არ არსებობდა, განსაკუთრებით-სამხრეთ-აღმოსავლეთში. ტიმოშენკო ციხეში რჩებოდა...
რატომ გაიქცა იანუკოვიჩი და მასთან ერთად ყველა საკვანძო ფიგურა, რომლებმაც სახელმწიფოებრივი საიდუმლოების შესახებ იცოდნენ? მათ შორის - თავდაცვისა და შს მინისტრები? სად აღმოჩნდა გაქცეული იანუკოვიჩი? იქნებ, არც არავინ გაქცეულა? იქნებ, სოჭის ოლიმპიადა დასრულდა და პუტინი თავისი სცენარის მეორე ნაწილის განხორციელებას შეუდგა? ქაოსისა და შიშის დამკვიდრების შემდეგ რუსეთს შეეძლო, თავისი „მშვიდობისმყოფელები“ შეეყვანა უკრაინაში, დაებრუნებინა იანუკოვიჩი, გაეწმინდა მაიდანი. ეს გეგმა გააჟღერა ჟირინოვსკიმ. ამის შემდეგ უკრაინა შევიდოდა რუსეთის შემადგენლობაში.
გეგმა მარტივი და ეფექტური იყო. ამავე სცენარს იყენებდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ საიდან ჰქონდა პუტინს ასეთი დარწმუნება, რომ უკრაინაში იყო დაპირისპირება აღმოსავლეთსა და დასავლთს შორის, რომ პრობლემები იყო რუსულ ენასთან დაკავშირებით და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთში შესვლაზე ოცნებობდა?!
სწორედ აქ არ ფლობდა პუტინი რეალურ ინფორმაციას. რეალურად, უკრაინაში არ ყოფილა არანაირი წინააღმდეგობა ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილს შორის, რუსულენოვანი მოსახლეობა არ იდევნებოდა, მოსახლეობის უმეტესობა კი თავისუფლებას ამჯობინებდა და არა - რუსეთთან შეერთებას.
ამასთან, უკრაინაში სეპარატიზმის გაღვივების ყველა მცდელობა მოსალოდნელ შედეგს არ იძლეოდა. იანუკოვიჩის დაბრუნებამ ყოველგვარი აზრი დაკარგა, რადგან საკუთარ პარტიასაც კი აღარ სურდა მისი დანახვა.
მისი პირველი პრესკონფერენციაც არ ადასტურებდა, რომ იანუკოვიჩი ცოცხალი იყო. სპეცსამსახურებს არაფერი უშლიდა ხელს, ჩაეწერათ რამდენიმე „პრესკონფერენცია“, რომლებზეც იანუკოვიჩი ამტკიცებდა, თითქოს ის ცოცხალი იყო და შემოფარგლულიყო ზოგადი ფრაზებით, რომელიც არ ასახავდა, ფლობდა თუ არა ის მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას. სავარაუდოდ, იანუკოვიჩი მოკლულია. მას არავითარი სარგებლობის მოტანა უკვე აღარ შეეძლო. ცოცხალი მოწმის დატოვება კი სახიფათო იყო პუტინისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, პუტინს ინფორმაციები ჰქონოდა ახალი ამბების არხებისგან ან ინტერნეტისგან. როგორც ჩანს, პუტინს ნდობით აღჭურვილმა პირმა მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და მას უკრაინის ამბებთან დაკავშირებით შეგნებული დეზინფორმაცია უთხრეს.
დასავლეთის რეაქცია
საკუთარ წარმატებაში დარწმუნების მიუხედავად, პუტინი უკრაინაში დასავლეთის რეაქციის გარეშე არ იმოქმედებდა. თანაც, მთლიანად დასავლეთზე კი არ არის აქ საუბარი, არამედ კონკრეტულ დასავლელ პარტნიორებზე. პირველ რიგში, -გერმანიაზე. ისევე, როგორც ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, რუსეთიც დამოკიდებულია ევროპაზე. თუკი ევროკავშირი რუსეთს შეუწყვეტს გაზის საფასურს, რუსეთი რთულ მდგომარეობაში ჩავარდება. ამიტომ პუტინს დასავლეთის გარანტიები უნდა მიეღო. არსებობს მრავალი არხი, რომლითაც სიგნალის მიცემა შეიძლება.
ამჯერად უცნობია, თუ რა საშუალებით შეიტყო პუტინმა, რომ დასავლეთი უპრობლემოდ „გაატარებდა“ მის ქმედებებს უკრაინაში, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სიგნალი პუტინმა ნამდვილად მიიღო. რასაკვირველია, ევროპას შეეძლო ღრმა შეშფოთება გამოეთქვა, განესაჯა პუტინი, მაგრამ პუტინი თვლიდა, რომ უკრაინის დაპყრობა შეიძლებოდა უსისხლოდ, საომარი მოქმედების გარეშე, როგორც ეს ყირიმში მოხდა. ამიტომ პუტინმა იცოდა, რომ გაკიცხვის გარდა, მის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს არ მიმართავდნენ. ისევე, როგორც საქართველოსა და დნესტრისპირეთის შემთხვევაში. ადრეც იყო პრეცედენტი და არაფერი საშინელი არ მომხდარა. მაგრამ პუტინი კვლავაც შეიყვანეს შეცდომაში, რადგან დასავლეთის რეაქცია ისეთი არ ყოფილა, რასაც პუტინი ელოდა.
როგორც კი ყირიმი შევიდა რუსეთის ფედერაციაში, დასავლელ დიპლომატთა რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა, რასაც მოჰყვა მტკივნეული სანქციები. რუსეთი მსოფლიოს წინაშე მარტოდმარტო დარჩა. ამასთან, მოვლენები სწრაფად განვითარდა, რასაც არავინ ელოდა ინერტული ევროკავშირისა და უხერხემლო ობამასგან. ახლა პუტინს უკან დაბრუნება აღარ შეუძლია. ყირიმს ვეღარ დააბრუნებს და ვერ იტყვის, რომ უბრალოდ იხუმრა. მაშინ არა მარტო მისი რეიტინგი დაეცემა, არამედ - მთელი რუსეთისაც.
ხაფანგი დაიხურა
საბჭოეთის დაშლის შემდეგ რუსეთმა მემკვიდრეობად მიიღო არა მარტო კრემლი, არამედ საბჭოეთის მთელი პრინციპი და ფასეულობა, ექსპანსიის ჩათვლით. ახლა რუსეთი საბჭოთა გზას იმეორებს, ოღონდ დაჩქარებულ ტემპში და ფინალიც იგივე იქნება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რა იქნება შემდეგ? მთავარია ციფრები. რუსეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 2%-ს შეადგენს და ძირითადად თავმოყრილია რუსეთის ევროპულ ნაწილში.
მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მსოფლიო მოცულობის 1,5%-ია, მაშინ როცა ამერიკისა და ევროპის მშპ-50 %-ია. ფაქტობრივად, რუსეთი უზარმაზარი ცარიელი ტერიტორიაა (ბანგლადეშის მოსახლეობა მეტია, ვიდრე რუსეთის და 160 მილიონს შეადგენს). ქვეყანას ბირთვული იარაღი გააჩნია და მისი ლიდერები და მოსახლეობა აგრესიულადაა განწყობილი. რუსეთის არმია მსოფლიოში მესამე ადგილზეა და ეს ქვეყანა კოლოსალურ აგენტურულ ქსელს ფლობს. რუსეთის მოსახლეობის სამი-მეოთხედი მზადაა, ეომოს უკრაინას.
მთავარი ის კი არაა, რუსეთი აღუდგება თუ არა წინ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, არამედ მთავარია, სურს კი ცივილიზებულ მსოფლიოს რუსეთის არსებობა?
თანამედროვე სამყარო დაპატარავდა, მოსახლეობა კი მზარდია. სულ რაღაც 100 წლის წინ პლანეტის მთელი მოსახლეობა 1,5 მილიარდს შეადგენდა. ახლა 7 მილიარდია. ნებისმიერი მოვლენა ერთი ქვეყნიდან მეორეში დაუყოვნებლივ აირეკლება. ასეთ პირობებში ვინ ისურვებს არაადეკვატურ შეიარაღებულ მეზობელს?
კაცობრიობამ დაინახა, რა მოაქვს ტოტალიტარიზმს. საბჭოთა კავშირმა თავისი შესაძლებლობები აჩვენა და ადამიანებს აღარ სურთ გარისკვა. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთთან მიმართებით გადაწყვეტილება მიღებულია. პუტინს ყირიმის დაპყრობის უფლება მისცეს, უბიძგეს ამისკენ და ახლა იწყება რუსეთის სამართლებრივი და ეკონომიკური სივრციდან გაყვანის პროცესი.
ვის აწყობს რუსეთის დაცემა? პრაგმატული კაპიტალისტები (დასავლეთსა და აღმოსავლეთში) ყოველთვის თავისი ინტერესებით მოქმედებენ. არავის აინტერესებს, რა ელის ამა თუ იმ ქვეყანას და მის მოსახლეობას. ამის მაგალითები საკმარისია -იუგოსლავია, საქართველო, სირია, ლიბია, ეგვიპტე, ერაყი... კაპიტალისტებს მხოლოდ თავისი ქვეყნის მოსახლეობა ადარდებთ.
ვინ მოიგებს რუსეთის დასუსტებით და შემდეგ მისი დაცემით?
პირველ რიგში, აშშ. მას შეეძლება თავისი გავლენის გაფართოება ევროპასა და მსოფლიოში სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, ფიქალის გაზით. მზა ნაწარმის გაყიდვით მიღებული ნამატი გაცილებით დიდია, ვიდრე თავად ნედლეულის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.
ევროკავშირს შეუძლია, სანქციების წყალობით ლეგალურად გაწყვიტოს ხანგრძივვადიანი კონტრაქტი „გაზპრომთან“ და გაზი ალტერნატიული წყაროსგან მიიღოს. კონკურენციის შედეგად, ევროპაში გაზის ღირებულება დაიწევს. ჩინეთს შესაძლებლობა მიეცემა, მიიერთოს ტერიტორიები, რომელსაც დიდი ხანია, თავისად მიიჩნევს. ჩინეთს ადვილად შეუძლია სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაც დადებითად აისახება როგორც ციმბირსა და ახლო აღმოსავლეთზე, ისე თავად ჩინეთზე. ჩინეთს გაუჩნდება სივრცე ექსპანსიისთვის.
უკრაინა საბოლოოდ მაინც გათავისუფლდება ჩრდილოელი მეზობლის გავლენისგან და დემოკრატიულ სახელმწიფოს ააშენებს. რუსული გავლენისგან გათავისუფლდებიან მისი მეზობლებიც, რომლებიც ადრე შედიოდნენ სსრკ-ს შემადგენლობაში. მსოფლიოში დაძაბულობის გრადუსი შემცირდება. რუსეთისგან დაფინანსებული ცხელი წერტილების უმეტესობა გაქრება, შემცირდება იარაღის ნაკადი.
რუსეთი პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლდება და მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრირებას დემოკრატიული პრინციპებით შეეცდება. რუსეთის ეკონომიკაც გათავისუფლდება ნავთობისა და გაზის უღლისგან და სრულყოფილი გახდება. არმიის, ფლოტისა და ბირთვული იარაღის ფლობა რუსეთს აღარ შეეძლება, მოუწევს ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირება და ინფრასტრუქტურისკენ მისი მიმართვა. მთლიანობაში, ცივილიზებულ კაცობრიობას შესაძლებლობა მიეცემა, დააჩქაროს ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პროცესი და ადეკვატურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო მოიტანს.
http://elise.com.ua/?p=17652