საქართველოს მთავრობას სჯერა, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. თუმცა პრემიერი გილაური ქვეყანაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინებისა და პრივატიზაციის ტემპით უკმაყოფილოა. მთავრობა აღიარებს, რომ ყველაზე წარუმატებელი „იაფი კრედიტის“ პროგრამა აღმოჩნდა. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით კი, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებით საქართველო „პრასის და დოლარის“ ქვეყნად ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების დინამიკა კი ოპოზიციისთვის „სასაცილოა, სატირალი რომ არა“.
პარლამენტმა მთავრობის და მისი სამოქმედო გეგმის – ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე - ნდობის საკითხი განიხილა. პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ გილაურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ცხოვრების დონე ამაღლდა, რადგან 4-ჯერ მეტი ახალი კომპანია არის რეგისტრირებული, საშუალო ხელფასი 4-ჯერ გაიზარდა, 2-ჯერ მეტი მოიხმარს მობილურ ტელეფონს, 50%-ზე მეტს ჰყავს მანქანა.
იმ სახელმწიფო პროგრამებით, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებს და „ჩავარდნილად“ აფასებს, თავად მთავრობის მეთაური კმაყოფილია. „ჩავარდნილი“ პროგრამების ჩამონათვალში პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა გურამ ჩახვაძემ თავის დროზე პრეზიდენტისა და მთავრობის მხრიდან კარგად გაპიარებული „იაფი კრედიტის“, „იაფი დაზღვევისა“ და ჯანდაცვის რეფორმირების პროგრამები დაასახელა და მათი წარუმატებლობის გამო პრემიერ-მინისტრს განმარტებების გაკეთება სხოვა.
გილაურმა აღიარა, რომ „იაფი კრედიტის“ პროგრამა ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა პრემიერის თქმით, აღნიშნული პროგრამა სოფლის განვითარების პროგრამით ჩანაცვლდა, რომელიც მისივე მტკიცებით, „ყველაზე წარმატებულია“.
გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი სახელმწიფო პროგრამის დამსახურებად და სწორი პოლიტიკის შედეგად აფასებს ქვეყანაში 500 ათასი ადამიანის დაზღვევის ფაქტს. რაც შეეხება ჯანდაცვის რეფორმირების პროგრამას, გილაური ამ მიმართულებითაც კმაყოფილია და როგორც განმარტავს, უახლოეს პერიოდში საქართველოში დანგრეული და ანტისანიტარულ მდგომარეობაში მყოფი სამკურნალო დაწესებულებები აღარ იარსებებს.
„ქვეყნის მასშტაბით 46 ახალი საავადმყოფოს მშენებლობა იწყება, უზარმაზარი ჯანდაცვის კომპლექსი შენდება დიღომში და ხორციელდება რკინიგზისა და ჟვანიას სახელობის საავადმყოფოების რეაბილიტაცია“, – აცხადებს მთავრობის ხელმძღვანელი.
ამავე დროს, გილაური ამბობს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა. მისივე თქმით, ინვესტორებთან ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება მნიშვნელოვანია.
„ქვეყანაში პრივატიზაციის ტემპი შეჩერდა და ამ მხრივ, მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა“, – აცხადებს მთავრობის მეთაური.
შექმნილ პირობებში გილაურს საერთაშორისო დონორთა მიერ 2008 წლის შემოდგომაზე გამართულ ბრიუსელის კონფერენციაზე ქვეყნისათვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ათვისება მნიშვნელოვნად მიაჩნია. მისი თქმით, ამ თანხიდან 3,5 აშშ დოლარის მიღების ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია, დარჩენილი ერთი მილიარდი აშშ დოლარის მისაღებად მოლაპარაკებები კი წლის ბოლომდე დასრულდება.
პრემიერი პედაგოგების სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების პროცესსაც ეხება და ამაზე პასუხისმგებლობას სკოლის დირექტორებს აკისრებს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიცონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი დაინტერესდა, თუ რას ნიშნავს სკოლებში საათების ოპტიმიზაცია და რატომ მოჰყვა ამ პროცესს სკოლებიდან პედაგოგების გათავისუფლება.
როგორც ამასთან დაკავშირებით გილაურმა განმარტა, „სკოლებში ახლა გეგმიური საშტატო დამტკიცება მიმდინარეებს, ხოლო თუ ამ პროცესში დირექტორები ჩათვლიან, რომ შემცირებით შეძლებენ კარგ მასწავლებლებს ხელფასი მოუმატონ, ეს მათი გადასაწყვეტია“.
ამ ფონზე პრემიერ-მინისტრი ქართული „შრომის კოდექსის“ უპირატესობად ინვესტორებისათვის დაქირავებული მუშა-ხელის სამსახურიდან ადვილად გათავისუფლების შესაძლებლობას ასახელებს. პრემიერი ქართულ „შრომის კოდექსს“ „მოქნილს“ უწოდებს და განმარტავს, რომ მის საფუძველზე საქართველოში ჩამოსული ინვესტორები ქართული მუშახელის დაქირავებაზე მზადყოფნას გამოთქვამენ.
„როდესაც იგივე ინვესტორი სხვა ქვეყანაში ჩადის და იმ ქვეყნის შრომით კანონმდებლობას კითხულობს, მუშა-ხელის აყვანაზე უარს ამბობს, რადგან შემდეგომში მათი სამსახურიდან გათავისუფლება გაუჭირდებათ“, – აცხადებს გილაური.
პრემიერ-მინისტრისთვის საქართველოში კორუფციის დონესთან დაკავშირებული გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც უცნობია. გილაურმა ამაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა კითხვით მიმართა, თუ რას ფიქრობდა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე.
„სამწუხაროდ, Freedom House-ის მონაცემებთან დაკავშირებით პასუხი არ მაქვს. არც ის ვიცი, ვინ ჩაატარა ეს კვლევები და რატომ მოხდა, რომ მათი კვლევის შედეგები სხვა კვლევების მონაცემებს არ ემთხვევა“, – ამბობს გილაური.
შეგახსენებთ, რომ Freedom House-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში კორუფციის დონე ისეთივეა, როგორც 1999-2000 წლებში იყო.
პარლამენტში გილაურის გამოსვლას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხუმრობანარევი შეფასებები მოჰყვა. ლევან ვეფხვაძის მტკიცებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებით საქართველო „პრასისა და დოლარის“ ქვეყნად ჩამოყალიბდა.
„ნამდვილად არ ვხუმრობ – პრასი საქართველოში მართლაც ნორვეგიიდან შემოდის, შემდეგ მას ადგილობრივ ბაზარზე ჰყიდიან, ამის შემდეგ ქვეყნიდან ისევ დოლარი გადის, კვლავ პრასი შემოდის და ასე დაუსრულებლივ. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართ ხელისუფლების არასერიოზული მიდგომის შედეგი და სანამ ქართულ ბაზარზე ქართული პროდუქცია არ გაიყიდება, ეკონომიკას განვითარება არ უწერია“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
რაც შეეხება უმუშევრობის საკითხს, ვეფხვაძემ პრემიერ-მინისტრის მონაცემების საპირისპირო ციფრები დაასახელა და როგორც განაცხადა, „პრემიერის ლოგიკით, 2 მილიონ 300 ათასი დასაქმებულია, თუმცა, სტატისტიკის სამსახური იტყობინება, რომ საქართველოში მხოლოდ 600 ათასი ადამიანი იღებს ხელფასს“.
ვეფხვაძის შეფასებით, უცხოელ ინვესტორებს თავად პრეზიდენტი და მის მიერ გაკეთებული განცხადებები აფრთხობს. ვეფხვაძე სააკაშვილს ურჩევს, ეგზისტენციალური საფრთხეების შესახებ ნაკლები ილაპარაკოს.
„ერთ დღეს სააკაშვილი კატარში ჩადის, ინვესტორებს საქართველოში ფულის ჩადებას სთხოვს და მათ ბიზნესის დაცვის გარანტად უდგება, ამის შემდეგ კი ეთერში იმიტირებული „ქრონიკა“ გადის, რომელიც პრეზიდენტის ლიკვიდაციით სრულდება. ამაზე კი თავად სააკაშვილი ამბობს, „ის რაც იმიტირებულ „ქრონიკაში“ ითქვა, რეალობასთან ახლოს არისო“, ანუ პრეზიდენტი რეალურად უცხოელ ინვესტორებს ეუბნება – მართალია, მე ვარ თქვენი გარანტი, მაგრამ შეიძლება, მომკლანო!“ – განაცხადა ვეფხვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
მისივე თქმით, „ვიდრე სააკაშვილი ქვეყნის წინაშე ეგზისტენციალური, ყოფნა-არ ყოფნის საფრთხეების შესახებ ისაუბრებს, ყოველგვარ უცხოურ ინვესტიციებზე საუბარი, არასერიოზულია“.
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრისთვის გია ცაგარეიშვილისთვის კი ხელისუფლებაში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების დინამიკა „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“. დეპუტატმა დღეს საკუთარ კოლეგებს და თავად მთავრობას პარლამენტის ტრიბუნიდან ის სტატისტიკა გააცნო, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ასახავს.
„ქვეყნის სათავაში თქვენი ყოფნის არასრულ 6 წელიწადში 89 თანამდებობის პირი შეიცვალა, ამათგან 5 პრემიერი და 84 მინისტრია, ანუ ყოველ 8 თვეში საშუალოდ ქვეყანაში 1 მინისტრი იცვლება. ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტში 11-ჯერ შევიდა, ბოლო ორი წლის მანძილზე კი, მეოთხედ შემოდის სამთავრობო პროგრამა ერთი და იგივე სახელწოდებით – „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანას რეკორდსმენი სამინისტროები და მინისტრებიც ჰყავს. კერძოდ, ეკონიმიკის სამინისტროში რიგით მე-9 მინისტრი მიდის, საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს მე-6 მინისტრი მართავს, ხოლო დიმიტრი შაშკინი რიგით მეხუთეა განათლების მინისტრის პოსტზე.
გარდა ამისა, როგორც ცაგარეიშვილმა განაცხადა, ქვეყანას მართავს ორ ნაწილად გაყოფილი მინისტრთა კაბინეტი და მთავრობის შემადგენლობაში არიან მინისტრები, რომელთაც „პარლამენტში ქუდიც რომ შეუგდო, მაინც არ მივლენ“.