თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი საქართველოში

თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი ჩამოვიდა. სამხედრო მაღალჩინოსანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი დახვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.

ხვალ, არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართავს შეხვედრებს. თურქ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უმასპინძლებს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია გენერალური შტაბის ეზოში გაიმართება. პირისპირ შეხვედრის შემდეგ გენერალურ შტაბში დელეგაციების დონეზე გაფართოებული შეხვედრა შედგება. თურქ გენერალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც მიიღებს. თავდაცვის სამინისტროდან არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი გმირთა მოედანზე გაემგზავრება, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.