მინისტრმა სამხედროებს ბრიგადის იუბილე მიულოცა (ვიდეო)

მინისტრმა სამხედროებს ბრიგადის იუბილე მიულოცა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის იუბილე მიულოცა და სიტყვით მიმართა:

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ სწორედ იმ ბრიგადის დაბადების დღეს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოწინააღმდეგესთან, რომელსაც გამორჩეული მეთაური ყავს და რომელმაც ამ წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ თქვენთვის, თითოეული ჯარისკაცისთვის მთავარი სამშობლო და მასზე ზრუნვაა. თქვენი ორგანული ნაწილი, საბრძოლო ძმები დღეს ავღანეთში ეწევიან საერთაშორისო უსაფრთხოების მისიის უზრუნველყოფას. დღეს, საქართველოს სტუმრობდა ნატოს გაერთიანებული კოალიციური ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი ბრიდლავი. მასთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნატოს ყოველთვის ქონდეს საქართველოს და ქართველი ჯარისკაცების იმედი. ეს იმედი ხართ თქვენ. ნატოს უმაღლესი სამხედრო პირი ჩამოსულია საქართველოში იმიტომ, რომ თქვენ, თქვენმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა წლების განმავლობაში სისხლი და ოფლი დაღვარეთ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ამაყი ვარ, თქვენით და მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ როგორც ჩემი პატივისცემა, ასევე ჩემი პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, რომ თქვენ სათანადო პირობები შეგიქმნათ მუშაობისთვის და თქვენი ამოცანის შესრულებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა თქვენს ოჯახებს ვუთხრა, რომ ასეთი მხარდამჭერები არიან თქვენი დიდი საქმის და  გვერდში გიდგანან. დიდი მადლობა ყველა სტუმარს, განსაკუთრებით ჩვენი ამ ულამაზესი და ძლიერი რეგიონის სამოქალაქო ხელმძღვანელობას, რომ დღეს აქ ყოფნით დაადასტურეს თქვენდამი დიდი პატივისცემა. ერი და ბერი ერთად დგას, რომ თქვენ თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობაში იგრძნოთ საზოგადოების მხარდაჭერა“.