ირაკლი ალასანიას და გენერალ ფილიპ ბრიდლავის ბრიფინგი მედიის წარმომადგენლებისთვის (ვიდეო)

ირაკლი ალასანიას და გენერალ ფილიპ ბრიდლავის ბრიფინგი მედიის წარმომადგენლებისთვის (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს.

ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შედეგები შეაჯამა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა: „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ  საქართველოს სტუმრობს ნატოს სამეკავშირეო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც აქვს ძირითადად მთავარი გზავნილი საქართველოსთვის ჩამოტანილი, რომ ნატო დგას საქართველოს გვერით და საქართველოს დაეხმარება  გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა. ნატო დაეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში. ჩვენ გენერალ ბრიდლავთან, მის დელეგაციასთან და გენერალ კაპანაძესთან ერთად განვიხილეთ უელსის სამიტის შემდეგ მონიჭებული ნატო-საქართველოს პაკეტის შესრულების დეტალები. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროულად განხორციელდეს საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბება. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დავგეგმავთ რეგულარულ სამხედრო წვრთნებს ნატოსთან ერთად საქართველოში. განვიხილეთ რეგიონალური საფრთხეები, განსაკუთრებით მას მერე, რაც დაიწყო უკრაინაში აგრესიული ბრძოლები რუსეთის ფედერაციამ. გავაკეთეთ ანალიზი რა პროცესები მიმდინარეობს ერაყსა და სირიაში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს ნატო და საქართველო ერთობლივი ძალისხმევით ამ საფრთხეებთან გამკლავებას. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველო აგრძელებს 2015 წელს ნატოსთან ერთად ავღანეთში უსაფრთხოების მისიას. საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით წარმოდგენილი, რისთვისაც ჩვენი ნატოელი პარტნიორები არიან ძალიან მადლიერი ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის და იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის მიმართ ამჟღავნებს.“

გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ქართულ მხარეს საერთაშორისო უსაფრთხოებაში  შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ნატოს მთავარ გზავნილებზე გაამახვილა ყურადღება: „მადლობას მოგახსენებთ რათა მომეცა შესაძლებლობა გაგიზიაროთ ჩემი აზრი  საქართველოში ვიზიტის შესახებ. შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და როგორ უმკლავდება საქართველო ამ საფრთხეებს. მე ასევე შევხვდები საქართველოს პრემიერ მინისტრს და ვესტუმრები  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რათა გავესაუბრო სტუდენტებს.

ქართველებმა ყველაზე კარგად იციან თუ რა რთული პერიოდის წინაშე დგას ევროპა, რადგან რუსეთი კვლავ შეიჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად, მოახდინა მისი ერთი ნაწილის ანექსია და გამოიყენა სამხედრო ძალა საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ნატო აცნობიერებს აღნიშნულ საფრთხეებს და ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა ნატოს  ქვეყნებმა  სწრაფი რეაგირება მოახდონონ.

რამდენიმე კვირაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ბრიუსელში და  იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.  ასევე, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, თავდაცვის მინისტერიალზე განიხილავენ თუ რა როლს შეასრულებენ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები ამ მიმართულებით. ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით ნატოს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მიმართ.

საქართველოსა და ნატოს შორის არსებული პარტნიორობა საკმაოდ მყარია. ნატოს უელსის სამიტზე ჩვენ შევიმუშავეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი და განვსაზღვრეთ ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს დაეხმარება წინ წაიწიოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები მოიცავს, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, ჯგუფის ჩამოყალიბებას თავდაცვის სამინისტროში. არსებითი პაკეტის თანახმად, ნატო დახმარებას გაუწევს საქართველოს გაარძელოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზაციის კუთხით რეფორმების განხორციელება. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს  თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში ნატოს წვრთნებში უფრო აქტიური მონაწილეობით.

დღეს არსებულ საფრთხეებს გლობალური მასშტაბები აქვს და საუკეთესო პასუხი იქნება ერთობლივი რეაგირება. არც ერთ ქვეყანასა და ალიანსს არ შესწევს უნარი აღნიშნულ პრობლემებს მარტო გაუმკლავდეს, მაგრამ ეს შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით. პარტნიორობა არის და იქნება მნიშვნელოვანი კომპონენტი ნატოს საქმიანობაში. პარტნიორი ქვეყნები ჩვენთან ერთად მსახურობდნენ ავღანეთში, კოსოვოსა და სხვა ქვეყნებში და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად გაიღეს მსხვერპლი. ისინი ჩვენთან ერთად ებრძვიან ტერორიზმს და მეკობრეობას. როგორც ნატოს ოპერაციების ხელმძღვანელი, მადლობას ვუხდი საქართველოსა და ქართულ ჯარს ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის. ავღანეთის საბრძოლო მისიაში მონაწილეობა კიდევ უფრო ამყარებს კავშირებს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის. ჩვენი შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ ძლიერებას. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ახლა კი მეტ ყურადღებას დავუთმობთ მომზადებასა და წვრთნას.“