შს მინისტრის მოადგილე კახეთში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

შს მინისტრის მოადგილე კახეთში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“-ს მიერ განხორციელებული პროექტის - „თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის“ ფარგლებში გამართულ ტრენინგს დაესწრო. ტრენინგი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით 20-22 ოქტომბერს ჩატარდა.

ტრენინგზე საუბარი შეეხო ძალადობის პრევენციისას სამართალდამცავი ჯგუფების როლს, ოჯახში ძალადობის შესახებ მოქმედ კანონმდებლობას და არსებულ პრობლემებს. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.

პროექტის მიზანია ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ პანკისის ხეობის მოსახლეობის, ადგილობრივი ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს ახმეტის რაიონული სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს და სხვადასხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა.