აბაშიძემ ჯაფარიძეს პატიება სთხოვა და ფორმატის გაგრძელება მოითხოვა

აბაშიძემ ჯაფარიძეს პატიება სთხოვა და ფორმატის გაგრძელება მოითხოვა

აბაშიძე-კარასინს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუმცა, შესაძლოა, ფორმატი უფრო მეტად დაიტვირთოს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მზად არის, ფორმატის შეცვლის ან უკეთესის მოფიქრების თაობაზე იდეები მიიღოს და განიხილოს.

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ზურაბ აბაშიძემ ერთი მხრივ, საკუთარი განცხადების გამო თედო ჯაფარიძეს პატიება სთხოვა, მეორე მხრივ კი, ყურადღება აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

აბაშიძის განცხადებით, ყველას ესმის, რუსეთი თუ რაოდენ რთული პარტნიორია, მაგრამ მხარეებს შორის დიალოგი რომ უნდა გაგრძელდეს, ამას ხაზს დასავლელი პარტნიორებიც უსვამენ. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს, რომ პროცესების ჩიხიდან გამოყვანა მოხდეს.

„საუბარია, რომ კომუნიკაცია შევწყვითოთ, მაგრამ ამაში რა ფილოსოფია დევს, ვერაფრით ვერ ვხვდები. რუსების პასუხი იქნება, დიალოგი არ გინდათ, ნუ გინდათ! ამ დიალოგის აღდგენა კი ორი-სამი თვის შემდეგ, გაცილებით რთული იქნება. სამწუხაროდ, წლების მანძილზე საქართველოს პოლიტიკა ასეთ ემოციებზე და ინფანტილურ შეფასებებზე იყო დაფუძნებული და რაც მივიღეთ, კი ვნახეთ. ეს ფორმატი არის კომუნიკაციის არხი და არაფორმალური მოლაპარაკებები. შესაბამისად, ამის შეწყვეტაზე საუბარი აბსურდად მეჩვენება“, - აცხადებს აბაშიძე.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ ფორმატმა თავისი თავი ამოწურა, მაშინ უკეთესი უნდა იქნეს მოფიქრებული, მაგრამ აბაშიძე ინტერესდება - რა იქნება ეს?

„თუ რუსებს არ დაველაპარაკებით, აქედან ტანკებს მაინც არ გაიყვანენ. თუ ამ ფორმატმა თავის თავი ამოწურა და რაღაც სხვა არის საჭირო, უკეთესი რა უნდა იყოს, რაც აქ არ განიხილება? თუ სხვა ფორმატი აჯობებს, ამაზეც ვიფიქროთ, მაგრამ ამაზე დათანმხდება რუსეთი? სანამ რაღაცაზე უარს იტყვი, დარწმუნებული უნდა იყო, რომ იმ უკეთესს შედეგი აქვს. ისეთ მოცემულობას ვერ ვხედავ, რომ ამ ფორმატში ვერ ჩავეტიე. კრიტიკა მესმის, მაგრამ უკეთესი რა არის? - თუ ჩამოვყალიბდებით, წინადადებას სიამოვნებით განვიხილავ. მართალი გითხრათ, ეკონომიკა და ვაჭრობა თავის თავს ვერ ამოწურავს. ვაჭრობა ფართოვდება და ახალი პრობლემები იქმნება“, - აცხადებს პრემიერის წარმომადგენელი.

აბაშიძე თვლის, რომ მეზობელთან კომუნიკაციის გაწყვეტა, რაც არ უნდა რთული ურთიერთობა გქონდეს მასთან, არალოგიკურია.

„არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან რაღაც ფორმით ურთიერთობა არ აქვს. უკრაინასაც კი მოსკოვთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა არ გაუწყვიტავს. დასავლეთი კი დილემის წინაშე დგას - რუსეთს სანქციებს მოუმატონ, იქნება ვაი, არ მოუმატონ და იქნება ვუი“, - განაცხადა აბაშიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 188 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, როცა 2011 წელს ეს იყო ნული. მისი ცნობით, წელს სავაჭრო ბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა და 506 მლნ დოლარი შეადგინა.

„რუსეთი მეოთხე სავაჭრო პარტნიორია. რუსეთიდან 5,1 პროცენტით იმპორტი შემცირდა და 322 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთი იმპორტის თვალსაზრით, მეხუთე ადგილზეა. წელს ვიზიტორთა რაოდენობამ კი 560 ათასი ადამიანი შეადგინა“, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში სტუმრობისას, აბაშიძემ თედო ჯაფარიძე საკუთარი განცხადების გამო, რომ ჯაფარიძეს „მუხრუჭებმა უმტყუნა, ან ასაკმა“ პატიება სთხოვა.

„ბატონ თედოს, წასვლის წინ ვაწყენინე და მგონი მაპატია, რადგან უძველესი მეგობრები ვართ. იმ შეხვედრის გადადება აღარ გამოდიოდა. არჩევანის წინაშე ავღმოჩნდი - ან აეროპორტში წავსულიყავი, ან არა. პრაღაში როცა ვარ, ჩემი გამჭირვებია და აქედან კიდევ განცხადებები კეთდება“, - განაცხადა აბაშიძემ, რომელმაც უარყო ხმები კახეთი-დაღესტნის გზის მშენებლობის დაწყების თაობაზე და თქვა, რომ პრაღაში ეს საკითხი არც კი განხილულა.

ამას გარდა, აბაშიძე საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ პირველი პირების შეხვედრის საკითხი მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს.

უნდა აღინიშნოს, რომ აბაშიძის მსგავსად, ფორმატის გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობენ პარლამენტის წევრებიც.

for.ge-სთან საუბარში უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ აუცილებელია, ქართული მხარე რუსეთს ზუსტად ისე ესაუბროს, როგორც საუბრობენ უკრაინა, ისრაელი და პალესტინა. მისი თქმით, თუ ჩაითვლება, რომ ამ ფორმატმა თავის თავი ამოწურა და სხვა ფორმატია მისაღები, ეს ტექნიკის და ტაქტიკის საკითხია.

„მთავარია, რომ ზურაბ აბაშიძე ძალიან გამოცდილი დიპლომატია და საქართველოს ასეთი რესურსი არ აქვს. მისი შესაძლებლობები გამოყენებული უნდა იქნეს, რა ფორმატიც უნდა არსებობდეს“, - აცხადებს ხიდაშელი, რომლის მსგავსად ფორმატის გაგრძელების მომხრეა მისი თანაპარტიელი ლევან ბერძენიშვილი.

როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, ზურაბ აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელია და კითხვა - მას სჭირდება თუ არა წარმომადგენელი, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს უნდა დაუსვან. დეპუტატის თქმით, სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ღირსებაა არ ილაპარაკო.

„ეს არხი აუცილებლად უნდა იყოს. ეს ფორმატი არის ცნობილი და არ არის საიდუმლო არხი. საუბარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქვეყნებს შორისაც მიმდინარეობდა. სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ღირსებაა არ ილაპარაკო. პოლიტიკაში ასეთი იდიოტიზმი არ მომისმენია. საქართველოს გარდა, ქვეყანა არ მეგულება, სადაც ასე სვამენ საკითხს. ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. მაშინ, კრემლსა და ვაშინგტონს შორის სატელეფონო კავშირი დამყარდა და თუ ვინმე იტყვის, რომ ლაპარაკს დარტყმა სჯობდა, მსგავს იდიოტებს პასუხს არ გავცემ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

თანაგუნდელების მსგავსად, ჯერჯერობით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტის აუცილებლობას ვერ ვხედავს ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე.

for.ge-სთან საუბარში კანონმდებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრაღაში გასამართი შემდგომი შეხვედრის თარიღი არ დათქმულა, საუბარს და დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი შეფასებით, ამ ფორმატს თავისი პოზიტიური შედეგები აქვს.

„რუსეთის მიერ მომზადებულმა შეთანხმებამ აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა, ჯერჯერობით, ეს პროექტია და აფხაზეთის მხრიდან ამ საკითხს ნეგატიური შეფასება მოჰყვა. ამ პროცესს უნდა დაველოდოთ. შეგვიძლია ეს ფორმატი დღესვე გავაუქმოთ, მაგრამ აქედან რას მივიღებთ? ნაჩქარევად და ემოციურად მიღებული გადაწყვეტილებების მომხრე არ ვარ“, - დასძენს აბაშიძე.

კოალიციის წევრების მსგავსად, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელების მომხრეა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. კანონმდებელის შეფასებით, სჯობს რუსეთს ესაუბრო, ვიდრე მას ებრძოლო და ომი გაუმართო.

შეგახსენებთ, რომ თედო ჯაფარიძე პრაღაში აბაშიძე-კარასინი ბოლო შეხვედრის გამართვის წინააღმდეგ გამოვიდა, რასაც პრემიერის წარმომადგენელმა იმით უპასუხა, რომ „ჯაფარიძეს მუხრუჭებმა, ან ასაკმა უმტყუნა“.