იძებნება პირი, რომელმაც დავით უსუფაშვილის სტატიის გამოქვეყნებაში 75 ათასი ევრო გადაიხადა

იძებნება პირი, რომელმაც დავით უსუფაშვილის სტატიის გამოქვეყნებაში 75 ათასი ევრო გადაიხადა

International New York Times-ში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სტატიის გამოქვეყნება 75 000 ევრო დაჯდა, თუმცა, აღნიშნული თანხა თუ ვინ გადაიხიდა და საიდან, ეს უცნობი რჩება. დავით უსუფაშვილი ირწმუნება, რომ სტატიის გამოქვეყნებაში არც მას და არც საქართველოს ბიუჯეტს კაპიკი არ გადაუხდია, „საერთაშორისო გამჭირვალეობა საქართველო“ კი გამოცემიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამტკიცებს, რომ სტატიის სათაურით - „სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა - პუტინთან „შეკრული“ ივანიშვილი“ გავრცელება სოლიდური თანხა დაჯდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილის სტატია გამოცემა agenda.ge-მ International New York Times-ის პარიზის ოფისს დაუკვეთა სექციაში - მსოფლიო ამბები, სადაც სრულ გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება დაახლოებით 75 000 ევროს შეადგენს.

მათი ცნობით, გაზეთის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ უსუფაშვილის წერილი სრულ გვერდზე გამოქვეყნდა.

„გამოქვეყნებული მასალა რეკლამას წარმოადგენდა. ვინაიდან, ეს სტატია მთავრობასთან პირდაპირ დაკავშირებულმა ვებგვერდმა - agenda.ge-მ შეუკვეთა, ლეგიტიმური შეკითხვები ჩნდება, ხომ არ ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას?! მნიშვნელოვანია, საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ ვინ გადაიხადა 75 000 ევრომდე agenda.ge-ს დაკვეთით გამოქვეყნებულ რეკლამაში - სახელმწიფომ, პოლიტიკურმა პარტიამ, კერძო ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომელმაც შესაბამისი კითხვებით საქართველოს მთავრობას უკვე მიმართა.

სანამ, არასამთავრობო ორგანიზაცია პასუხს მთავრობიდან ელოდებოდა, მას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, მან სტატიის გამოქვეყნების გამო კმაყოფილება გამოთქვა და ინფორმაცია უარყო, რომ ამ საქმეში ფული არის გადახდილი.

უსუფაშვილის მტკიცებით, მან არ იცის, International New York Times-ში თუ როგორ დაიბეჭდა ეს სტატია, მაგრამ მას დარწმუნებით იმის თქმა შეუძლია, რომ ამ საქმეში არც მას და არც საქართველოს ბიუჯეტს კაპიკი არ გადაუხდია.

„სტატია დავწერე, რომლის გამოქვეყნებაც მსურდა. რამდენიმე ევროპულმა გაზეთმა სტატიის ერთი მეოთხედის დაბეჭდვა შემომთავაზა, მაგრამ სტატიის ინგლისური ვერსია agenda.ge-ს გადავეცი, რომელსაც საერთაშორისო პრესასთან აქვს ურთიერთობა. სტატია დაიბეჭდა და მოხარული ვარ, მაგრამ როგორ დაიბეჭდა და ვინ დაბეჭდა, ეს არ ვიცი. არც მე და არც საქართველოს ბიუჯეტს ამ საქმეში კაპიკი არ გადაგვხდია. არც კი ვიცი, საერთოდ რაიმე გადახდილი არის თუ არა. ამჟამად, ჩემი სტატიები მინიმუმ ექვს-შვიდ საერთაშორისო გამოცემაში დაიბეჭდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ერთი მხრივ, სპიკერმა ბრალდებები უარყო, მეორე მხრივ კი ის მიზეზები განმარტა, რის გამოც სტატიის გამოქვეყნება განიზრახა.

უსუფაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთთან მიმართებაში მდგომარეობა განსაკუთრებით რთულდება და არის სერიოზული ხიფათი, ამ დროს, საკუთარ კაბინეტში მშვიდად ვერ იჯდება.

„რაც ამ სტატიაში წერია, სრული სიმართლეა. მშვიდად ვერ ვუყურებ იმას, თუ როგორ ავრცელებენ ცალკეული პოლიტიკოსები დეზინფორმაციას, თითქოს, რუსეთს უკვე ანექსირებული აქვს საქართველო იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პუტინის და რუსეთის მარიონეტები სხედან. ეს არის სახელმწიფოს წიანაღმდეგ მიმართული ყველაზე უფრო არასერიოზული ქმედება, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა ჩაიდინოს. ბევრი ყოფილი თანანმდებობის პირი წარსულში ჩადენილი ქმედებების გასამართლებლად მითის გავრცელებას აგრძელებს, თითქოს, „ქართული ოცნება“ რუსეთის მიერ არის მართული. დიახ, გადავწყვიტე, რომ საერთაშორიო თანამეგობრობისთვის ფაქტები მიმეწოდებინა. ამან შედეგი გამოიღო. ბევრი ადამიანი ამას ჩაუფიქრდა და ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგი მოვლენაა“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელსაც უმცირესობა აკრიტიკებს.

for.ge-სთან საუბარში ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ სამარცხვინო ფაქტია, როდესაც საქართველოს მთავრობა პარლამენტის თავმჯდომარეს ავალებს, რომ ასეთი სტატია დაიწეროს. დეპუტატის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს კი არ უნდა ელაქუცონ, „ბელადი“ აქონ და ოპოზიცია ლანძღონ, არამედ საქართველოს ინტერსები უნდა დაიცვან და ფული ოკუპაციის და ანექსიის წინააღმდეგ უნდა ხარჯონ.

„როცა ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დასაჩქარებელია, ამისთვის სცალიათ? სახელწმიფო ფულს ამისთვის ხარჯავენ? ჩვენი ლიდერები ციხეში თანხების გაფლანგვისთვის სხედან და გიგა ბოკერიას სხვას რას ედავებიან, თუ არა იმას, საქართველოს ლობირებაზე როგორ დახარჯე ფულიო. ბოკერიას მიშა სააკაშვილი არ უქია და არც ოპოზიცია ულანძღია. ბოკერიას ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და საქართველოს წინსვლაზე ზრუნვას ედავებიან? მათი მხრიდან ეს საქციელი ზღვარს გადასული და ზნედაცემული ქმედებაა“, - დასძინა ბარამიძემ, რომელსაც მმართველი გუნდი წარსულს ახსენებს და ურჩევს, თავის გადახდილ ფულებს მიხედონ.

როგორც for.ge-ს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, ოპონენტები ტყუილის ტირაჟირებით არიან დაკავებულები. კანონმდებელის განცხადებით, პოლიტიკაში პიარი მიღებულია, მაგრამ საქართველო დალხენილი ქვეყანა არ არის, რომ სხვადასხვა ღონისძიებაში ამხელა ფული იხადოს.

„ოპონენტებმა თავის გადახდილებს მიხედონ. მათ სჯობს, უშიშროების საბჭოდან დახარჯული თანხების მიზნობრიობა შეისწავლონ. ჩვენი თანამემამულეები გულისწყრომასაც კი გამოხატავენ, რომ პიარი არ გივარგათო, მაგრამ ფულს რაც უფრო ნაკლებს გადაიხდი და ბიუჯეტში რაც მეტ თანხას მიმართავ, მით უკეთესია. დალხენილი ქვეყანა არ ვართ, რომ ამხელა თანხები ვიხადოთ“, - აცხადებს დეპუტატი.

დოლიძეს უსუფაშვილის სტატია არ უნახავს, მაგრამ ამბობს, რომ სტატიები სამხედრო თემების და ასევე ოკუპაციის გასაპროტესტებლადაც უნდა დაიწეროს.

დოლიძის მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას არ იზიარებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სტატიის პათოსს ეთანხმება.

კვაჭანტირაძის მტკიცებით, ის ინფორმაციას არ ფლობს, თუ ვის მიერ და როგორ მოხდა გამოცემაში სტატიის გამოქვეყნება.

„წინა ხელისუფლების პირობებში მილიონობით ლარი ისე იხარჯებოდა, რომ მოსახლეობამ ამის თაობაზე არათუ მაშინ არ იცოდა, არამედ დღესაც ვერ ვიძიებთ კუდებს - თუ სად მიდიოდა ის თანხები, რომელიც უშიშროების საბჭოს ერიცხებოდა. ეს თანხები რა მიზნებისთვის და ვისი ინტერესების შესაბამისად იხარჯებოდა, ამის დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ International New York Times-ში დავით უსუფაშვილის სტატია 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სადაც მან აღნიშნა, რომ „მისთვის შეურაცხმყოფელია იმის მოსმენა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხვა ქვეყანას ემსახურება და ღალატობს სამშობლოს“. ამას გარდა, სტატიაში გამოთქმული იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით.