გერმანიამ საქართველო სარისკო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა

გერმანიამ საქართველო სარისკო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა

საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ცნიბილი ხდება, რომ 2017 წელი გერმანია-საქართველოს წლად გამოცხადდება. თუმცა, ამის პარალელურად, გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო სარისკო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა. გერმანაული მედიის ინფოემაცაიით, „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობის გამო, ამ ქვეყანაში მოგზაურობა მიზანშეწონილი არ არის. სიაში, რომელშიც ძირითადად, აფრიკული სახელმწიფოები არიან, საქართველოს ერთი საფეხურით იაპონია უსწრებს. 

თავად, საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ გერმანია საქართველოს სარისკო ქვეყნების ჩამონათვალიდან მალე ამოიღებს. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ნათქვამია, რომ საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია, სადაც შესვლას არ ურჩევენ გერმანიის მოქალაქეებს. აგრეთვე, არ ურჩევენ საქართველოში შესვლას სხვა გზით, მაგალითად, რუსეთის საზღვრიდან, რადგან ეს ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონს ოკუპაციის შესახებ და სწორედ ეს ნაწილებია გამოცხადებული, როგორც საფრთხის შემცველი და როგორც მაია ფანჯიკიძე ამბობს, საქართველო ამ მოსაზრებას იზიარებს.

ფაქტს უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკაიანიმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ შეიყვანა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო სარისკო ქვეყნების ჯგუფში. ზალკანიანის განცხადებით, ასეთი ტიპის განცხადებებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები, ყოველწლიურად ავრცელებენ და როგორც ზალკანიანი აცხადებს, ამაში საგანგაშო არაფერია. 

„თუკი თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში გამოთქმულ პოზიციას, დიდ განსხვავებას ვერ დაინახავათ იგივე პოლონეთთან, რუმინეთთან, ასევე საფრანგეთთან მიმართებაში. ანუ სიაში არის ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, სადაც მსგავსი ტიპის განცხადებები მათთან მიმართებაშიც არის გამოთქმული“, - განაცხადა ზალკანიანმა.

როგორც ზალკანიანმა აღნიშნა, საქართველოს სარისკო ქვეყნების სიაში შეყვანა, მნიშვნელოვანად განაპირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილმა სიტუაციამ და იქ არსებულმა უკონტროლო პროცესებმა, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. „მეორე მიზეზი ასევე შემიძლია დაგისახელოთ, ძალიან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა გერმანულ პრესაში სვანეთში მომხდარ ინციდენტს, როდესაც რამდენიმე გერმანელი ტურისტი დააყაჩაღეს. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ძალიან სერიოზული აჟიოტაჟი გერმანულ პრესაში. ჩვენი ვარაუდით და ინფორმაციით, დიდწილად სწორედ ამით არის განპირობებული აღნიშნულ სიაში საქართველოს მოხვედრა.

აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველას, განსაკუთრებით იმ სტრუქტურებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში ტურისტების და ვიზიტორების უსაფრთხოების კუთხით, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს კონტროლი ამ მიმართულებით“, - აცხადებს დავით ზალკანიანი.

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სარისკო ქვეყნების ჩამონათვალში შეყვანას ხელისუფლების უპასუხისმგებლობით ხსნის. გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით, საგანგაშოა, რომ ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ხანში მოახერხა წყალში ჩაეყარა წლების განმავლობაში გაწეული შრომა, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენდა.

„ჩვენ მიგვაჩნია, ნამდვილად საგანგაშოა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ხანში მოახერხა წყალში ჩაეყარა წლების განმავლობაში გაწეული შრომა, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენდა. ეს ფაქტი ნამდვილად იმოქმედებს საქართველოზე ცუდად, იმოქმედებს ცუდად საქართველოს ეკონომიკაზე, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებაზე. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფურცლებზე ალამაზოს კრიმინოგენული მდგომარეობა, მიხედონ რეალურად საქმეს“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჩამონათვალში საქართველსთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებიც აღმოჩნდნენ. აბაშიძე თვლის, რომ არ შეიძლება ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების წარუმატებლობა დავინახოთ.

„ამაში საგანგაშოს და დრამატულს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხევა ოპონენტებს, როგორც წესი, ისინი ცდილობენ, რომ ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალონ, ეს მათი ყოველდღიური საქმიანობის დღის წერიგი გახდა. ჩვენ კრიტიკას არ გავურბივართ, პირიქით, მზად ვართ ნებისმიერი თემის გარშემო ოპონირებაზე, მაგრამ ის რაღაცა ჩასაფრებული პოზიციიდან საუბარი, რაღაცა თემების წამოწევა, რასაც არ იზიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, არ მგონია, რომ რამე წარმატების მომტანი იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

ექსპერტი კახა გოგოლაშილი ამბობს, რომ ქვეყნის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. რაც შეეხება მაღალი რისკის ქვეყნად საქართველოს აღიარებას, მიზეზად გოგოლაშვილი მოუგვარებელ კონფლიქტებს ასახელებს, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად კრიმინოგენური სიტუაციის ზრდას ასახელებს.

„კრიმინოგენური ვითარებაც, ალბათ, კავშირშია. ასევე, რუსეთის აქტიური სამხედრო მოქმედებები ჩვენს რეგიონში და შესაბამისად, რუსეთთან მოუგვარებელი ურთიერთობა, რომელიც არავინ არ იცის გადაიზრდება თუ არა ახალ კონფლიქტში, ეს არის ძირითადი პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ამ სტატუსის დაფიქსირებას საქართველოსთვის. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა.

საქართველო ვერ გაექცევა იმას, რომ რუსეთი ეწევა აგრესიულ პოლიტიკას, ვერც კონფლიქტების მოგვარება ვერ მოხდება სწრაფად, ამიტომ, ეს პრობლემა ჯერჯერობით დარჩება. ერთადერთი, რჩება ის, რომ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა და საქართველო აღიარებული იქნას უსაფრთხო ქვეყნად კრიმინოგენური სიტუაციის თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს სხვა ფაქტორების დაბალანსებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.